სესკ ფაბრეგასი იმედოვნებს, რომ კვირას “ბეტისთან” გასამართ შეხვედრაში გუნდს ლეო მესი დაეხმარება, რადგან არგენტინელს მუდმივად სურს თამაში და ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ასე მოხდება კვირასაც.
ფაბრეგასმა პრეს–კონფერენციაზე მესის ტრავმაზე დაიწყო საუბარი: “მესი კარგადაა. თავდაპირველად ჩვენ შევშინდით, როცა დავინახეთ თუ როგორ დაეცა და სახე ხელებით დაიფარა. მადლობა ღმერთს ეს მხოლოდ მცირე დაზიანება იყო, არაფერი სერიოზული“.
სესკი გვარწმუნებს, რომ “კვირას მას თამაში მოუნდება. ეს ბედის საჩუაქარია, რომ ლეო კარგადაა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის ითამაშებს. დარბაზში ვარჯიშისას მან გვაჩვენა, რომ “ბეტისთან” თამაში შეუძლია. გასახდელში ასევე თქვა, რომ შეუძლია და ძალიან სურს “ბეტისთან” თამაში. თუკი ის ვერ შეძლებს თამაშს, მაშინ ჩვენ ნახევარდაცვაშიც და შეტევაშიც ბევრი ალტერნატივა გვყავს, მაგალითად გუახე და ალექსისი. სხვადასხვა ვარიანტებია შეხვედრის მოსაგებად“.
ტრავმის ეპიზოდში “ნოუ კამპზე” არსებულ სიჩუმეზე ესპანელმა განაცხადა: “ეს გვაჩვენებს იმის მნიშვნელობას, რომ მესი გუნდის ფუნდამენტალური მოთამაშეა და ყოველ შეხვედრაში დიდ როლს ასრულებს. ჩვენ ვაფასებთ ლეოს სათამაშო ჩვევების გამო, ასევე მისი ფასეულობების და ერთგულების გამო“.
სესკს 1/8 ფინალში “არსენალი” სურს
როცა მას “ოქროს ბურთზე” შეეკითხნენ თქვა, რომ “მესიც და ინიესტაც იმსახურებენ ამ ჯილდოს“. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კი მას ყოფილ გუნდთან შეხვედრა სურს: “ძალიან დიდი სიმპატიები მაქვს ამ კლუბის მიმართ. ძალიან მსურს იმ ადამიანების ხილვა, რომლებთანაც მრავალი წელი გავატარე. ეს განსაკუთრებული თამაშები იქნებოდა. მოხარული ვარ იმით, რომ არ შეგვხდება “იუვენტუსი”, იტალიის საუკეთესო და ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი“.



