როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მუნდიალზე გაირკვა პირველი ნახევარფინალისტების ვინაობა, ფინალის საგზურს ერთმანეთს ჰოლანდიისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები შეეცილებიან.
განსაკუთრებით დაძაბული და დრამატული გამოდგა დღის მეორე მატჩი ურუგვაისა და განას მონაწილეობით. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთისთვის თითო გოლის გატანა შეძლეს (მუნტარი, ფორლანი) და თამაში დამატებით დროში გადავიდა. არც დამატებითი დრო გამომდგარა ნაკლებად თვალსასეირო და მოსაწყენი, ორივე გუნდი ცდილობდა ბედი საფეხბურთო ფორტუნისთვის არ მიენდო და სათამაშო დროშივე გადაეწყვიტა გამარჯვებულის ვინაობა თავის სასარგებლოდ. მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოსკენ ურუგვაელებს აშკარად დაეტყოთ დაღლა, უკან დაიხიეს და
განელთა იერიშების გამკლავებას ცდილობდნენ, დაღლილი ჩანდა ფორლანი–სუარესის წყვილიც, რომელიც ვეღარ ახერხებდა ასეთ დროს თავისი მთავარი ფუნქციის უნარიანად შესრულებას–კონტრიერიშების წარმართვას.
ასე დადგა გადამყვეტი და დრამატული 120–ე წუთი. როდესაც ყველას ეგონა, რომ გუნდები ყაიმზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიას უნდა გადაეწყვიტა, განელებმა ძალიან სახიფათო ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, მას შემდეგ, რაც მსაჯებმა ჩათვალეს (საეჭვო ვითარებაში), რომ ურუგვაელთა მარცენა მცველმა ფუცილემ თამაშის წესი დაარღვია. განელებმა საჯარიმოში ჩაჰკიდეს ბურთი. ბურთის მოსაგერიებლად ურუგვაელთა კიპერი უხეიროდ გამოვიდა კარიდან და განელებმა მეკარისგან დაუცველ კარზე მიიტანეს იერიში. შეგნებულად დავაკონკრეტე “მეკარისგან დაუცველ კარზე” მეთქი, თორემ ისე კარს დაუცველობის არაფერი ეტყობოდა, მეკარის ფუნქციების შესრულებმა ურუგვაელთა ფორვარდა ლუის სუარესმა აიღო თავის თავზე და უნდა ითქვას, რომ ჩინებულად გაართვა თავი ამ ამოცანას, ჯერ იყო და აპიას აუღო 3–4 მეტრიდან დარტყმული ბურთი წესების სრული დაცვით, შემდეგ კი დომენიკ ადიას დარტყმა გააუვნებელყო გამაუგნებელი რეაქციის და ორივე ხელის დახმარებით, მსაჯს, რა თქმა უნდა, არ გამოჰპარვია ეს ეპიზოდი და სუარესი მინდვრიდან მიაბრძანა, ამას თერთმეტმეტრიანი დარტყმაც მოჰყვა სამხრეთამერიკელთა კარის მიმართულებით.
და სწორედ ამ დროს გაუღიმა საფეხბურთო ფორტუნამ ურუგვაელებს და დაუფასა თავგანწირვა ლუის სურაესს, განელთა წამყვანმა თავდამსხმელ–გოლეადორმა ასამუა გიანმა ბურთი ხარიხას მოარტყა და ბოლო წუთზე ბოძებული დიდებული შანსის გამოყენება ვერ შეძლო. ამ მომენტს ცალი თვალით უცქერდა (ყველანაირი გაგებით), გასახდელისკენ მიმავალი ლუის სუარესი, რომლის რეაქციაც ადვილი წარმოსადგენია მათთვისაც, ვინც ეს მომეტი ვერ ნახა.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ის, რაც ლუის სუარესმა გააკეთა იყო საფეხბურთო (და არა მხოლოდ საფეხბურთო) გმირობის ნათელი მაგალითი. თავისი მოქმედებით მან სასწორზე ძალიან ბევრი რამ დადო, თუ განელები პენალტს გაიტანდნენ (რისი შანსიც ძალიან დიდი იყო), მას ამ თამაშის ანტიგმირად მოიხსენიებდნენ და ვინმეს მისთვის სულაც მოღალატეც კი შეიძლება ეწოდებინა, ასე თუ არ მოიქცეოდა, მაშინ მასზე აუგს ვერავინ იტყოდა, რადგანაც ისედაც ბევრი გააკეთა ურუგვაის ნაკრებისთვის ზოგადად ამ ჩემპიონატზე და კონკრეტულად იმ ეპიზოდში, მაგრამ სუარესმა გუნდის ინტერესები პირადულზე მაღლა დააყენა და საკუთარ ნაკრებს მცირედი შანსი შეუნარჩუნა, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ მას მინიმუმ 2 მატჩიან დისკვალიფიკაციას მისცემენ და მისთვის ეს ჩემპიონატი დასრულებულია. ალბათ, სწორედ ასეთი თავგანწირვის გამო გაუღიმა ბედმა მას და მის ნაკრებს. ბრავო ლუის!
P.S.
ნამდვილად არ ვიცი, “ბარსელონას” მესვეურები ამის შემდეგ უფრო დიდ ყურადღებას მიაქცევენ თუ არა ლუის სუარესის თამაშს და გაეზრდებათ, თუ შეუმცირდებათ მისი გადმობირების სურვილი (როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელები დაინტერესებულნი არიან ამ ფეხბურთელით), მაგრამ პირადად მე ნამდვილად ვისურვებდი ასეთი ფეხბურთელის გადმოსვლას ჩემს საყვარელ გუნდში.
ეს არის ამ მომენტის ვიდეო



