როგორც მოსალოდნელი იყო, ხავიერ მასკერანომ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.
ხოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არგენტინელმა უნივერსალმა და კატალონიურმა კლუბმა ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს, დღეს კი, “ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კონტრაქტი უკვე გაფორმებულია და მასკერანო გუნდში 2016 წლამდე დარჩება.
“ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ, ხავიერ მასკერანომ გულშემატკივრებს თავი მალევე შეაყვარა. მას მაღალ დონეზე თამაში შეუძლია როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვაში. არგენტინელის ერთ-ერთი დადებითი თვისება იშვიათი ტრავმიანობაცაა. ამჟამად გუნდში მყოფ ფეხბურთელთაგან, მხოლოდ ის და სერხიო ბუსკეტსი არიან ის ფეხბურთელები, რომლებსაც 2010-11 წლის სეზონიდან მოყოლებული, ტრავმის გამო, არცერთი მატჩი არ გაუცდენიათ. რაც შეეხება მასკერანოს სისუსტეს – ეს გოლების გატანაა. ცხრაწლიანი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, ხავიერს მხოლოდ 3 გოლი აქვს გატანილი და აქედან არცერთი “ბარსელონას” მაისურით.