ტიტო ვილანოვა ძალიან კმაყოფილი იყო ”რაჯა ატლეტიკთან” ნაჩვენები თამაშით. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა ლეო მესის მნიშვნელობას. მან ასევე ახსნა კატალონიის სუპერთასის ჩაშლის მიზეზები.
”ბარსელონა” ადვილად გაუმკლავდა ”რაჯა ატლეტიკს” პრე-სეზონის მეორე ამხანაგურ შეხვედრაში. ეჭვგარეშეა, რომ ასეთი ანგარიშის დაფიქსირებაში მთავარი როლი ლეო მესის მიუძღვის, რომელმაც პირველი მატჩის გამოტოვების შემდეგ ტანგერში ჰეთ-ტრიკი შეასრულა. ტიტო ვილანოვამ ”ოქროს ბურთის” სამგზის მფლობელზე ისაუბრა: ”როდესაც შენ გყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც აქვს უნარი გაიტანოს გოლები, ის ყოველთვის გამორჩეულს ხდის შეხვედრას. მან ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა”.
”ბარსას” მწვრთნელისთვის ეს შეხვედრა კარგი იყო იმ კუთხით, რომ მან მოთამაშეებს მეტი სათამაშო დრო მისცა იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც გაიძულებს მუდამ ირბინო. ”ჩვენ გაოცებულები ვიყავით ”რაჯა ატლეტიკის” თამაშით, რომელიც მათ ბილბაოს ”ატლეტიკთან” გამართეს, თუმცა შეხვედრისთვის სრულად მომზადებულები ჩამოვედით”. ტიტო ასევე მოხარული იყო ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელების დონით: ”ისინი ყოველთვის გვეხმარებიან, როცა გვჭირდება. მათ ძალიან მაღალი დონე აჩვენეს”.
კატალონიის სუპერთასი
კატალონიის სუპერთასი ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩაიშალა, რადგან ”ბარსელონამ” განაცხადა, რომ ”ესპანიოლთან” შეხვედრაში მისი სარეზერვო გუნდი ითამაშებდა. ამაზე ვილანოვამ განაცხადა: ”მე მესმის, რომ ყველა არ და ვერ იქნება ჩვენი გადაწყვეტილებით კმაყოფილი. მე მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს პოზიციას გაიგებთ, რადგან შემდეგ კვირას ჩვენ მთელი გუნდით მოგვიწევს მზადების გაგრძელება. ამ შეხვედრის შემდეგ 1 კვირაში 2 მატჩი გვაქვს დაგეგმილი. მე კლუბს შევატყობინე ჩემი წუხილი ამის თაობაზე და მათ გადაწყვიტეს, რომ მოედანზე სარეზერვო გუნდი გავიდოდა”.
ვილია პროგრესირებს
ტიტო ვილანოვამ აღიარა, რომ დავიდ ვილიას ვარჯიშებზე დაბრუნება მოულოდნელობა იყო. მან განაცხადა: ”ჩვენ ძალიან რთულ და გრძელვადიან ტრავმაზე ვსაუბრობთ. როცა ის მზად იქნება სათამაშოდ, მაშინ გაშლილი ხელებით შევეგებებით. გასულ თვეში მან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა”.

