მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, “ბარსელონა” წინასასეზონო მზადების ერთ-ერთ მატჩს მსოფლიო ფეხბურთის გრანდთან, “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართავს. ბოლო წლებში, ამ გუნდების გზები არაერთხელ გადაიკვეთა. 2009 და 2011 წლებში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონამ” ინგლისური გუნდი 2-ჯერ დაამარცხა. 2011 წლის ზაფხულში, წინასასეზონო მზადების დროს, “წითელმა ეშმაკებმა” კატალონელებს ამხანაგურად სძლიეს.
2012-13 წლების სეზონისთვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” სერიოზულად ემზადება. გასულ სეზონში, ფერგიუსონის შეგირდებმა ინგლისის ჩემპიონობა თანაქალაქელ “მანჩესტერ სიტისთან” დათმეს. “იუნაიტედისთვის” წარუმატებელი გამოდგა ევროსარბიელიც – ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერი” ჯგუფში ჩარჩა.
მოულოდნელი წარუმატებლობა
ვერავინ იფიქრებდა, თუ ჩემპიონთა ლიგის 2011-12 წლების გათამაშებას “მანჩესტერი” ასე ნაადრევად დაასრულებდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, ინგლისელებს შვეიცარიაში ქულის აღებაც ჰყოფნიდათ, მაგრამ “ბაზელმა” ფერგიუსონის გუნდი უქულოდ და 1/8-ფინალის საგზურის გარეშე დატოვა. “მანჩესტერმა” ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა, სადაც გუნდმა მარსელო ბიელსას “ბილბაოსთან” წააგო.
“წითელმა ეშმაკებმა” ვერც შიდა ასპარეზზე გაიბრწყინეს. ლიგის თასიდან მანჩესტერელები მე-2 დივიზიონში მოთამაშე “კრისტალ პალასმა” გამოაგდო, ხოლო ასოციაციის თასის გარეშე, ფერგიუსონის გუნდი “ლივერპულმა” დატოვა. ყველაზე მტკინვეული მაინც პრემიერლიგის წაგება იყო. არასტაბილური სეზონის ბოლო მატჩის წინ, “იუნაიტედს” შანსები თითქმის არ ჰქონდა, რადგან თუ “სიტი” თავის თამაშს მოიგებდა, პირველობას “ქალაქელები” გაიფორმებდნენ. “ქუინს პარკ რეინჯერსთან” გამართულ მატჩში, რობერტო მანჩინის გუნდი ბოლო წუთებამდე აგებდა, მაგრამ ძალზე დრამატული შეხვედრის მიწურულს, მანჩესტერელებმა 2 გოლი გაიტანეს და ნანატრი ტიტული მოიგეს.
ახალი სახეები
2012-13 წლების სეზონისთვის, “მანჩესტერმა” 2 ახალი ფეხბურთელი უკვე დაიმატა. ფერგიუსონის გუნდი “დორტმუნდიდან” ოც მილიონ ევროდ ნაყიდმა შინჯი კაგავამ და 18 წლის ნიკ პოუელმა გააძლიერეს. შოტლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდს სატრანსფერო ბაზარზე კვლავ იაქტიურებს და ახალ ფეხბურთელებსაც დაიმატებს.
რომი და ლონდონი
“ბარსელონასა” და “მანჩესტერის” ბოლო 2 ოფიციალური დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა და ორივე მათგანი კატალონიელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. 2009 წელს, იტალიის დედაქალაქში, “ბარსამ” ეტო’ოსა და მესის გოლებით იმარჯვა. 2 წლის შემდეგ, ინგლისის დედაქალაქში, “მანჩესტერს” გოლები პედრომ, მესიმ და ვილიამ გაუტანეს. ის შეხვედრა 3:1 დასრულდა.



