როგორც ჩანს ჩავი ყველაფრის გაკეთებას ასწრებს: ვარჯიშობს, თამაშობს, ესაუბრება მეგობრებს და ახარებს გულშემატკივრებს შესანიშნავი ინტერვიუებით. ამჯერად ”ბარსას” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი გაზეთ ”MundoDeportivo”-ს ჟურნალისტს შეხვდა, სადაც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
– დავიწყოთ ყველაზე მთავრით, როგორ არის თქვენი კუნთის მდგომარეობა?
– კარგად. მე დამავიწყდა კიდეც ის. ჩემი პრობლემა არის ის, რომ მაშინაც ვაგრძელებ თამაშს, როცა დისკომფორტს ვგრძნობ.
– როგორც ჩანს თქვენ ევროპის ჩემპიონატის ყველა შეხვედრაში ითამაშებთ. არ არის ფეხბურთელი, რომელიც ჩავის შეცვლიდა?
– რატომ ფიქრობთ ასე? ბევრი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემს პოზიციაზე თამაში შეუძლია. მაგალითად ანდრესი ან სესკი. ყველა ფეხბურთელს შეუძლია ევროზე თავის გამოჩენა.
– ერთხელ ვან ბასტენმა განაცხადა, რომ თქვენ ყველას დაავიწყებთ, რომ ფეხბურთელს ათლეტური ტანი უნდა ჰქონდეს…
– მადლობას ვუხდი ვან ბასტენს, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს. მითი იმაზე, რომ ფეხბურთელს ათლეტური ტანი უნდა ჰქონდეს წარმოიშვა იქედან, რომ ხალხს ეშინია წაგების. მათ ფრეც ურჩევნიათ, რადგან ის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს გაძლევს. ხალხი ფიქრობს, რომ მაღალი და ძლიერი ფეხბურთელი მეტს შეძლებს, ვიდრე დაბალი.
– გადავიდეთ ”ბარსაზე”. ტიტო ვილანოვა უკვე ოფიციალურად გახდა ”ბარსას” მწვრთნელი. მასთან უკვე ისაუბრეთ?
– დიახ. შაბათს მას მივულოცე. მასთან კონტრაქტის გაფორმებამდეც ვისაუბრე. ვფიქრობ, რომ მისი მწვრთნელად დანიშვნა საუკეთესო რამაა, რაც კი შეიძლება მომხდარიყო.
– როდესმე გიფიქრიათ, რომ პეპის შემცვლელი ტიტო გახდებოდა?
– სიმართლე გითხრათ არა. როცა სუბიმ გვითხრა, რომ პეპის შემცვლელი ტიტო იქნება გავიფიქრე, ”რატომაც არა?”. მან იცის ”ბარსას” ფილოსოფია და აგრძელებს პეპის გზას.
– და თქვენ მოგწონთ, რომ ტიტო ფეხბურთზე გიჟდება?
– დიახ, ეს ძალიან მომწონს. ამას გარდა ტიტომ ბევრი წელი გაატარა ”ბარსაში”, მას ძალიან უყვარს მუშაობა. ეს თვისებები აკმაყოფილებს ”ბარსას” მოთხოვნებს. დარწმუნებული ვარ, რომ ხელმძღვანელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ტიტო დანიშნეს მთავარ მწვრთნელად.
– როგორ წარმოგიდგენიათ ”ბარსა” ტიტო ხელმძღვანელობით?
– მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კარგად ვიცნობ ტიტოს, მას პატივს სცემენ გასახდელში, მას აქვს ძალა და ინდივიდუალიზმი. ზოგიერთებს ეჭვი ეპარებათ ამაში. ეს ადამიანები უბრალოდ არ აფასებენ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის სამუშაოს. მას უყვარს ფეხბურთი. ტიტო უბრალოდ დაავადებულია ფეხბურთით. ბევრ რამეში ძალიან გავს პეპს. ჩვენ ძალიან კარგად გვიცნობს. ტიტო ბევრს მუშაობს და კარგად ერკვევა ტაქტიკებში. ეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილებაა: აირჩიო მწვრთნელი ”ბარსადან”. ტიტო უკვე მზადაა ამ თანამდებობისთვის.
– როგორ ფიქრობთ, ”ბარსას” დიდი გადაადგილებები ელის ტიტოს მოსვლით?
– მიუხედავად იმისა, რომ ტიტო და პეპი ბევრ რამეში გვანან, ხანდახან მათ განსხვავებული აზრები აქვთ. ჩემი აზრით ახალი მწვრთნელი მისი წინამორბედის საქმეს გააგრძელებს.
– ტიტომ უკვე მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება: დანი ალვესი რჩება…
– ეს კარგი სიახლეა. ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ დანისთან როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. მე ვფიქრობ, რომ დანი საუკეთესო მარჯვენა მცველია მსოფლიოში.
– ამას გარდა დანი ”ბარსას” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ასე არაა?
– დიახ, ზუსტად ასეა.
– ის გენატრებათ, როცა ნაკრებში თამაშობთ? გსურთ, რომ ესპანეთის ნაკრებში თამაშობდეს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც დანია?
– დიახ, მაგრამ ნაკრებში ისე არ ვთამაშობთ, როგორც ”ბარსაში”. ნაკრებში მარცხენა მცველი უფრო ხშირად მოქმედებს შეტევაში, ვიდრე მარჯვენა. მაგალითად ჟორდი ალბა ხშირად შერბის მეტოქის საჯარიმოში, ხოლო არბელოა ჩვენს კარს იცავს. ”ბარსაში” ყველაფერი პირიქითაა.
– რაც შეეხება ჟორდი ალბას, მალე ის ”ბარსას” მაისურს მოირგებს…
– ამის დიდი იმედი მაქვს. ის შესანიშნავი ფეხბურთელი და კარგი ადამიანია. ამას გარდა ის ”ბარსას” აღზრდილია, კონკურენტუნარიანია და აგრესიული ფეხბურთელი. მას მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს.
– პიკემ განაცხადა, რომ ჟორდი ალბას მას აკვირვებს. თქვენზეც ახდეს ის ასეთ შთაბეჭდილებას?
– მისი თამაში ბევრჯერ მინახავს. ვფიქრობ, რომ უკვე მზადაა მაღალ დონეზე სათამაშოდ. როცა ის საუკეთესო ფეხბურთელებთან თამაშობს, მაშინ გაცილებით უკეთესი ხდება.
– გავაგრძელოთ თქვენს თანაგუნდელებზე საუბარი. როგორაა სესკი, რომელსაც ირლანდიის კარში გატანილი გოლის შემდეგ სახეზე რისხვის გამომეტყველება ჰქონდა…
– როცა ის არ თამაშობს, მაშინ ძალიან უჭირს. მან გაიტანა გოლი იტალიის ნაკრებთან, ხოლო ირლანდიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა. რა თქმა უნდა, ის გაბრეზებული იყო. სესკი ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებისთვის და მან ეს იცის. დელ ბოსკე მასზე დიდ იმედს ამყარებს.
– გრძნობთ ვილიას დანაკლისს?
– დიახ, ძალიან. ვილია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რადგან გოლების უმეტესობა ნაკრებში მას გააქვს.
– პუიოლის?
– ის ლიდერია თავის მხრივ. ძალიან რთულია დაცვაში მისი შეცვლა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კარგად გამოგვდის. ჩვენ ძალიან გვენატრება ვილია და პუიოლი, მაგრამ არ შემიძლია ჩივილი იმის გამო, რომ მათ გარეშე ვერ ვთამაშობთ. ესპანეთი მაღალ დონეზე თამაშობს და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.
– გაგაკვირვათ კრიტიკამ, რომელიც იტალიასთან მატჩის შემდეგ იყო?
– ვიცი, საიდანაც ჩნდება ასეთი კრიტიკა. ზოგიერთები მხოლოდ შედეგზე ფიქრობენ. ხალხს სურს, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ და არ აინტერესებთ, კარგად ვითამაშებთ თუ ცუდად. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ თითქოს 1/4 ან 1/2 ფინალში ვთამაშობდით. ესპანეთი ძალიან კარგად თამაშობდა, იტალია ასევე. ეს მიუხედავად იმისა, რომ მოედანი ძალიან მშრალი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იტალია იტალიაა და ეს ბოლო 2 მსოფილიო ჩემპიონის შეხვედრა იყო.
– მოდით თქვენს მოტოქეებზე ვისაუბროთ, რას ფიქრობთ ინგლისზე და საფრანგეთზე?
– ინგლისი აქცენტს კონტრშეტევებზე და დაცვაში თამაშზე აკეთებს. რთულია საგოლე მომენტების შექმნა ასეთ გუნდებთან. საფრანგეთი კარგად თამაშობს და ”ბარსას” სტილში ბურთაობას ცდილობს. ყველას მოუწევს ამ გუნდთან ანგარიშის გაწევა.
– და არ უნდა დაგვავიწყდეს გერმანია, ასე არ არის?
– დიახ. გერმანიის ნაკრები ყოველ წელს უფრო და უფრო ძლიერდება. იქ თამაშობენ მარიო გომესი, ტონი კროოსი, რომლებსაც ხშირად ვერ ვხედავთ. ისინი ძლიერები არიან თავდასხმაში, ასევე დაცვაში. გერმანიის ნაკრები ყველა გუნდისთვის პირდაპირი საფრთხეა.



