workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თასით დაიწყო და თასით დაამთავრა

თასით დაიწყო და თასით დაამთავრა

“ბარსელონას” ისტორიაში ერთი ეპოქა დასრულდა. კლუბის არსებობის განმავლობაში ალბათ საუკეთესო მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ გუნდი სათამაშოდ უკანასკნელად მადრიდში, “ვისენტე კალდერონის” სტადიონზე გაიყვანა და კატალონიელთა თამაში ისეთივე იყო, როგორც განვილი 4 წელი – შესანიშნავი.

ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსამ” ბილბაოს “ატლეტიკს” საქმე პირველ ოცდახუთ წუთში მოუმთავრა. მიმდინარეობდა თამაშის მე-3 წუთი, როდესაც კატალონიელებმა კუთხური მოაწოდეს, ბურთი პედროსთან მივიდა და “ბარსას” მე-17 ნომერმა, 12 მეტრიდან დარტყმით, ირაისოსს ახლო კუთხეში გაუტანა.

დაახლოებით თხუთმეტ წუთში, საჯარიმოს სიახლოვეს მყოფმა ინიესტამ მესი გენიალური გადაცემით მოძებნა, ხოლო მეკარესთან პირისპირ გასულმა არგენტინელმა, მარჯვენა ფეხით ზუსტად დაარტყა და გუნდს დიდი უპირატესობა მოუპოვა.

გავიდა 5 წუთი და საჯარიმოს ხათან მყოფმა ჩავიმ პედროს ბურთ დაუგდო, ხოლო “ბარსას” შემტევმა, დაახლოებით 20 მეტრიდან იდეალური დარტყმით, დუბლი გაიფორმა და ანგარიშს გამანადგურებელი სახე მისცა. ცხადი გახდა, რომ გუარდიოლა გუნდს ტიტულით დაემშვიდობებოდა.

საწყისი 25 წუთის იდეალურად ჩატარების შემდეგ, “ბარსამ” თამაშს უკლო და შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, თუმცა, თამაშში ჩართვა უფრო ხშირად მაინც ირაისოსს უწევდა. თავიდანვე სოლიდური უპირატესობის მომპოვებელმა “ბარსამ”, საერთო ჯამში, შეხვედრა მშვიდად ჩაამთავრა და ესპანეთის თასს 26-ედ დაეუფლა.

ხოსეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში ეს მე-14 ტიტული იყო. 2008-09 წლების სეზონის მიწურულს, ესპანეთის თასის ფინალში, “ბარსამ” “ატლეტიკი” 4:1 გაანადგურა და გუარდიოლამ, როგორც მწვრთნელმა, პირველი ტიტული მოიგო. 3 წლის შემდეგ, კვლავ სამეფო თასის ფინალში და კვლავ “ატლეტიკთან”, გვარდიოლამ “ბარსას” ისევ სამბურთიანი სხვაობით მოაგებინა და ლეგენდარული კატალონიელი სპეციალისტი, საყვარელ კლუბს გამარჯვებული გამოეთხოვა.

სამეფო თასის “ბარსელონას” მიერ მოგების შემდეგ გაირკვა, რომ მომდევნო სეზონი ესპანეთის სუპერთასზე გასამართი “კლასიკოებით” დაიწყება. ამჯერად, ტიტო ვილანოვას ჯერია…       

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward