“ბარსელონა” პრეზიდენტი და ცენტრალური მცველი, სანდრო როსელი და ხერარდ პიკე მადრიდის ავტონომიის ხელმძღვანელის, ერნანეს აგირეს განცხადებას გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალის დროს, გულშემატკივრებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება უნდა მიეცეთ.
ცოტა ხნის წინ, ერნანეს აგირემ განაცხადა, რომ ესპანეთის თასის ფინალი არ უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ჰიმნის დროს, გულშემატკივრები სტვენას დაიწყებენ. როგორც იცით, კატალონია და ბასკეთი ესპანეთის ავტონომიურ ოლქებს წარმოადგენენ და ამ ოლქების არაერთი მცხოვრები დამოუკიდებლობის მომხრეა. დიდი ალბათობით, ფინალის წინ, ესპანეთის ჰიმნის შესრულების დროს, გულშემატკივრები სტვენას დაიწყებენ. სანდრო როსელისა და ხერარდ პიკეს განცხადებით, ქომაგებს ამის უფლება აქვთ.
სანდრო როსელი: “იმედი მაქვს, “ბარსელონას” გულშემატკივრებს თავიანთი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება ექნებათ”.
ხერარდ პიკე: “ყველაფერი ეს ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ისევე როგორც ის ხალხი, რომლებიც სხვის საქმეებში არ უნდა ერეოდნენ, მაგრამ მაინც ერევიან. ჩვენ გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ამ მატჩში და მოვიპოვოთ. გულშემატკივრებს კი თავიანთი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება აქვთ. ესპანეთს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს, ვიდრე ესაა”.