”ბარსელონას” პრეზიდენტი, სანდრო როსელი გუშინ სპორტულ დირექტორს, ანდონი სუბისარეტას შეხვდა. ორივე მათგანის მთავარი სასაუბრო თემა პეპ გვარდიოლას კონტრაქტის გახანგრძლივება, კლუბის მომავალზე საუბარი და შემდეგი სეზონისთვის მომზადება იყო.
შეხვედრა სანდრო როსელის კაბინეტში გუშინ, 6 საათზე შედგა. მისი ხანგრძლივობა 1 საათზე ოდნავ მეტი იყო. შეხვედრის უმთავრესი საკითხი პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივება იყო, რომლის ხელშეკრულებაც კლუბთან ამა წლის 30 ივნისს სრულდება.
სეზონის დასრულებდე სულ რამდენიმე შეხვედრა დარჩა, პეპ გვარდიოლას ჯერ არ გადაუწყვეტია, დარჩება თუ არა ”ნოუ კამპზე”. ”ჩელსისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში შეხვდება პრეზიდენტს, რათა კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღონ.
შეხვედრა ხუთშაბათს?
მოსალოდნელია, რომ როსელისა და გვარდიოლას შეხვედრა დღეს შედგება. პეპმა იცის, რომ სეზონის დასრულებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომაც გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს. დიდია იმის ალბათობა, რომ პარასკევს კლუბი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს პეპ გვარდიოლასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.


