ს/კ “ბარსელონა” ჩავიდა ლონდონში, სადაც ხვალ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის ფარგლებში “ჩელსის” დაუპირისპირდება. “ბარსას” ექსპედიციამ სამშობლო გუშინ ნაშუადღევს დატოვა. კატალონიელები ინგლისში ხუთშაბათამდე დარჩებიან. თვითმფრინავი, რომელსაც “ბარსას” დელეგაცია გადაჰყავდა, ლონდონის “ჰითროუს” აეროპორტში ესპანეთის დროით 21:00 საათზე დაეშვა. აეროპორტიდან გუნდი პირდაპირ სასტუმროში გაემგზავრა.
ლონდონში გუნდს გაჰყვა სანდრო როსელი, რომელსაც თან ახლდნენ “ბარსას” დირექტორთა საბჭოს წევრები და ასევე სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.
გუარდიოლა, რომელმაც “ჩელსისთან” მატჩისთვის 22 ფეხბურთელს უხმო, გუნდს მხოლოდ ერთხელ ავარჯიშებს “სტემფორდ ბრიჯზე”. ფეხბურთელები, რომლებიც “”ლურჯების”” მოედანზე ბოლოს 3 წლის წინ იყვნენ, ვარჯიშს ადგილობრივი დროით 18:15 საათზე დაიწყებენ. ვარჯიშამდე ცოტა ხნით ადრე პრესის წინაშე პეპ გუარდიოლა და სესკ ფაბრეგასი წარსდგებიან.
19:45 საათზე ორივე კლუბის წარმომადგენლები ოფიციალურ ვახშამს დაესწრებიან. “ბარსას” დელეგაციას სანდრო როსელი უხელმძღვანელებს.












