”ბარსელონას” აღზრდილი, მარკ მუნიესა პეპ გვარდიოლას გადაწყვეტილებით სეზონის ბოლომდე პირველ გუნდს შეუერთდება, რათა შეცვალოს ერიკ აბიდალი, რომელსაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროება.
უნივერსალ მუნიესას დაცვის ცენტრში და მარცხენა მცველად თამაში შეუძლია. 11 დღის შემდეგ მას 20 წელი უსრულდება. მუნიესას დებიუტი ”ბარსაში” 2008/09 სეზონში, ”ოსასუნასთან” შეხვედრაში შედგა, თუმცა იმ შეხვედრას მარკი აქტივში ვერ ჩაიწერს. მოედანზე მან სულ 15 წუთი გაატარა, რის შემდეგაც წითელი ბარათი მიიღო და დატოვა მოედანი.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაიგო აბიდალის შესახებ ვარჯიში მაინც ”სევილიაზე” ფიქრით ჩატარდა. თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს ალექსისმა და ტიაგომ, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ მოედანზე გასვლის. პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა კრისტიან ტელიო, რომელიც ფორმალურად ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელია.
პეპ გვარდიოლა დღეს პრეს-კონფერენციას გამართავს, სადაც მას კვლავ გახანგრძლივების შესახებ დაუსვამენ შეკითხვებს. მიმდინარე კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ ახალგაზრდა სპეციალისტმა კატალონიურ კლუბში კვლავ 1 წლით დარჩენა გადაწყვიტა.



