მართალია ლუის სუარეს მირამონტესი ორი წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ მაინც საჭიროდ მივიჩნიე მისი მონათხრობის თარგმნა. რაც მეტი დრო გადის სულ უფრო მეტად მეფიქრება ამ კაცზე, ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი ესპანელია ოქროს ბურთით, ახლა კიდევ ისეთი კაცი გამოჩნდა “ბარსელონაში” რომ მე მგონი, შორს არ არის ის დრო, როცა მეორე ესპანელიც შეძლებს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგებას.
აბა, გავიხსენოთ მირამონტესი, მოვისმინოთ მისი მონათხრობი.
“ფეხბურთის მიმართ ვნება ბავშვობიდანვე მქონდა, როგორც ყველა მეც ქუჩაში ვთამაშობდი უფროს ძმებთან ერთად. მათი თამაშის სანახავად “დეპორტივო იუვენილის” მატჩებზეც დავდიოდი. “დეპორტივოს” ძირითადში რომ დავიწყე თამაში სულ რაღაც 18 წლისა ვიყავი, ერთი წელიც არ იყო გასული “ბარსამ” კონტრაქტი შემომთავაზა და უარი ვერ ვთქვი. “დეპორტივოში” ჩემი დებიუტი “ლეს კორტის” სტადიონზე შედგა, მაშინ ძალიან დიდი განსხვავება იყო დიდ და პატარა კლუბებს შორის, “ბარსამ” ექვსი გოლი შეგვიგდო, მაგრამ მოვახერხე და თავი მოვაწონე მათ მესვეურებს, თვალი დამადგეს და სეზონის ბოლოს შეთავაზებაც მივიღე.
ერთი სეზონით ადრე მათ ფეხბურთელებს ავტოგრაფს ვთხოვდი, ახლა კი მათი თანაგუნდელი გავხდი, ეს წარმოუდგენელი სიხარული იყო. დარჩენაც შემეძლო და ეჭვი არ მეპარება “დეპორტივოს” წარმატებას მოვუტანდი, მაგრამ ეს “ბარსა” იყო, უარის თქმა ასეთ დროს შეუძლებელია. იმ დროს ორ კლუბს შორის სხვაობა ცა და დედამიწა იყო, დღე და ღამე, “დეპორტივოში” ერთი მასაჟისტი გვყავდა, “ბარსას” კი მთელი სამედიცინო შტაბი ჰყავდა, გეგმავდნენ აღდგენით პროცესებს და ხშირად ვვარჯიშობდით აუზში. ისეთი კაციც ჰყავდათ, რომელიც შენს ფრჩხილებს უვლიდა, შემთხვევით ტრავმა რომ არ გამოეწვია.
დედას არ მოეწონა, რომ ბარსელონაში გადავედი, ყველა დედა ასეთია, ფიქრობდა რომ ჯერ პატარა ვიყავი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, მშობლებს ფეხბურთი არ უყვარდათ, თუმცა, ესმოდათ, რომ ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ოცნება ამიხდა და ეს მათაც ახარებდათ. “ბარსაში” შვიდი წელი გავატარე, ბევრი მწვრთნელიც მყავდა – სანდრო პუპო, ფერენც პლატკო, დომენეკ ბალმანია, ელენიო ერერა, ენრიკ რაბასა, ლუბიცა ბროჩიჩი, ენრიკე ორიზაოლა.
მწვთნელებთან კარგი ურთიერთობა მქონდა, რამდენიმე მათგანი უცნაურ დავალებებსაც მაძლევდა, ფერენც პლატკომ კრივის ტომარა ჩამოკიდა და ვარჯიშს მაიძულებდა, კუნთი უნდა გაგეზარდოს, სხვანაირად ფეხბურთს ვერ ითამაშებო. ვარჯიშის მერე ერთი საათი ტომარას ვურტყამდი, ერთი კვირის მერე მასთან მივედი ოფისში და ვუთხარი – “ბოს, კრივის ოთახში აღარ დავბრუნდები, აქ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ და არა კრივში სავარჯიშოდ”. როგორღაც მოვგვარდით, დარტყმაც ნავარჯიშები მქონდა და მხოლოდ საუბრით შემოვიფარგლეთ.
ჩემს დროს “ბარსამ” სტადიონიც შეიცვალა, “ლეს კორტიდან” “კამპ ნოუზე” გადავედით. ეს ნორმალურად მივიღეთ, ჩვენი ყურება ბევრ ადამიანს სურდა, ესე იგი, გაცილებით დიდი სტადიონი იყო საჭირო. ხანდახან “ლეს კორტი” მენატრებოდა, ფეხბურთის სათამაშოდ იდეალური იყო, ხალხიც ძალიან ახლოს იყო ჩვენთან და სულ სხვა ატმოსფერო იქმნებოდა. “კამპ ნოუ” განსხვავდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო სტადიონია, მაინც “ლეს კორტი” მენატრებოდა.
ბევრ ტიტულს ვიგებდით, დიდებული გუნდი გვყავდა, მაგრამ მაინც მომიწია კლუბის დატოვება. არ ვიცი რატომ, მაგრამ ქომაგებმა სტვენა დამიწყეს. ვფიქრობ ეს კონკურენციის ამბავი იყო, ჩემსა და კუბალას შორის, ლასლო ქომაგების საყვარელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ვერ გავიგე მე რა შუაში ვიყავი, თითქოს პირველობისთვის იყო ბრძოლა, ეს ყველაფერი ჭორებია, ჩვენ კარგი თანაგუნდელები ვიყავით.
ის თუ არ თამაშობდა ხალხი მისტვენდა, ასე აღიქვამდნენ, ეგონათ, რომ ჩემს გამო ვერ ხვდებოდა ძირითადში. არადა, ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე ვთამაშობდით, ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო. ის შეიძლებოდა კონკურენციაში ყოფილიყო კოშიჩთან, ევარისტოსთან, ან ეულოჯიო მარტინესთან, მაგრამ არა ჩემთან. მერე ყველაფერი გართულდა, კუბალა ძირითადს დაუბრუნდა და ხალხს სტვენა მაინც არ შეუწყვეტია. ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო.
კუბალა გენიოსი იყო. მან ესპანური ფეხბურთი სამუდამოდ შეცვალა, მოიტანა ის სათამაშო სტილი, რაც მანამდე არავის უნახავს. პოზიციის დაცვა მაშინ, როცა ვიგებდით, ცოცხალ კედელს შემოტარებული ბურთი, პაუზები თერთმეტმეტრიანის დროს, მოგვიანებით ამას ბრაზილიელები გაიმეორებენ და Parandinha-ს უწოდებენ, მაგრამ კუბალა ამას 40 წლით ადრე აკეთებდა. ყველაფერი ჰქონდა, იდეალური ფიზიკური და ტექნიკური მონაცემები. დიახ, ვაღმერთებდი მას, და ამის გამო კიდევ უფრო არ მესმოდა ქომაგების, მათ სურდათ ჩვენ შორის დაძაბულობა ყოფილიყო, სურდათ მტრებად ვექციეთ, თითქოს ესეც სანახაობისა და თამაშის ნაწილი ყოფილიყო, იმის ნაცვლად რომ ჩვენი ერთად თამაშით ესიამოვნათ დაპირისპირების ხილვა ისურვეს. თითქოს შეუძლებელი იყო გუნდს ორი ლიდერი ჰყოლოდა, მათ ერთი სურდათ, მე კი მიმაჩნია, რომ ორი კი არა, ოთხიც შესაძლებელია.
უცნაურია, ქუჩაში სიყვარულით მხვდებოდნენ, სტადიონზე კი მისტვენდნენ. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ლეგენდარულმა ელენიო ერერამ “ინტერში” მიმიწვია, “ბარსელონაში” მწვრთნიდა და კარგად იცოდა ამ ყველაფრის შესახებ, შესაძლებლობა დაინახა და მეც “ინტერში” გადავედი. მარტივი გადასაწყვეტი არ ყოფილა, თუმცა, რამდენიმე ფაქტორმა გადამაწყვეტინა, პირველი ქომაგის დამოკიდებულება იყო, მეორე კი შესაძლებლობა, მე ხომ პირველი ესპანელი გავხვდი, რომელმაც იტალიაში ითამაშა!?
დავტოვებდი თუ არა “ბარსას” ქომაგებთან პრობლემები რომ არა? რა ვიცი აბა, მგონია, რომ არა, მგონია, რომ დავრჩებოდი. ფინანსური მხარეც ფაქტორი იყო, იტალიელები გაცილებით მეტს იხდიდნენ, ჩემში 25 მილიონი პესეტა გადაიხადეს, ეს მაშინ დიდი თანხა იყო, თუმცა, პრობლემები რომ არა, მაინც დავრჩებოდი და კარიერას “ბარსაში” დავასრულებდი. მაშინ “ბარსა” უფრო პოპულარული კლუბი იყო, უფრო ძლიერიც, მაგრამ ერერას ხელში “ინტერმა” დიდი ეპოქა შექმნა და მეც ამის ნაწილი გავხდი.
კლუბი დავტოვე და სევდა დამეუფლა, ბოლო მატჩი ჩემპიონთა თასის ფინალში ჩავატარე, “ბარსას” ისტორიაში პირველად შეეძლო ამ ტურნირის მოგება, ფინალში “ბენფიკას” შევხვდით და 2:3 წავაგეთ. საშინლად არ გაგვიმართლა, დღემდე მწარედ მახსოვს, ფინალამდე უკვე ყველამ იცოდა, რომ კარიერას “ინტერში” ვაგრძელებდი. ხალხს ეგონა, რომ აღარ ვითამაშებდი, მაგრამ მწვრთნელმა მაინც მათამაშა, ჩემპიონთა თასის მოგებით წასვლა დიდებული დასასრული იქნებოდა, მაგრამ არ გამოვიდა.. ბერნის ფინალში მართლაც კარგად ვითამაშე და “ინტერის” ქომაგიც მიხვდა, რომ კარგი ფეხბურთელი შეიძინეს. მათთან უკვე ნათამაშებიც გვქონდა და ორივე შეხვედრაში დავამარცხეთ 4:0, 4:2.
ასე დავუბრუნდი ერერას, ის ჩემი კარიერას მთავარი ფიგურა იყო. “ინტერში” ყველაფერი მოვიგეთ, ორჯერ მოვიგეთ ჩემპიონთა თასი, ორჯერ მოვიგეთ საკონტინენტთაშორისო თასი და მივამატეთ სერია ა-ს ტიტულებიც. დღემდე მაჩერებენ მილანში და თბილად მესალმებიან, მათ ახსოვთ, რომ ეპოქალური კლუბის წევრი ვიყავი, ელენიო ერერას “ინტერი” მართლაც გამორჩეული კლუბი იყო.
მახსოვს ოქროს ბურთი რომ გადმომცეს მაშინვე მასაჟისტს გადავეცი და ვთხოვე შეენახა, მორჩა. ახლა სძინავთ ამ ჯილდოსთან ერთად. გადმომცეს და მორჩა, არც დავა ყოფილა, არც კამათი, ახლა წლების განმავლობაში განიხილავენ ვინ იმსახურებდა და ვინ არა. ეჰ, ფეხბურთი ძალიან შეიცვალა.
ელენიო ძალიან მშრომელი კაცი იყო, 24 საათი ფეხბურთზე ფიქრობდა, ყოველთვის გამარჯვება სურდა, თავის დროს უსწრებდა ინოვაციური ხედვით. ფიზიკურად ისე ამზადებდა გუნდს რომ ყველას ორი თავით ვჯობნიდით, თუმცა, ვარჯიშები ყოველთვის ბურთთან ერთად იყო და გაუჩერებლად ყვიროდა – იმოძრავეთ, იმოძრავეთ, იმოძრავეთ!!
მასთან ერთად უკეთესი ფეხბურთელი გავხვდი და შემიძლია ვთქვა რომ უკეთესი ადამიანიც. დარწმუნების საოცარი უნარი ჰქონდა, დიდებული მწვრთნელი იყო რასაც ყველა მისი ფეხბურთელი დაადასტურებს, ყველა ადამიანში შეეძლო ნიჭის დანახვა.
“ინტერთან” ერთად “კამპ ნოუზეც” დავბრუნდი, პირველად ამხანაგური მატჩის ეგიდით, “ბარსას” ქომაგებმა ისე მისტვინეს არაფერი მსგავსი არ გამეგონა, მათ ვძულდი ამ მომენტში, მერე ისევ და ისევ. ჩემს რეაქციას ვნანობ, ფანებს “იტალიურად მივესალმე” და მოედანი მწვრთნელის გაფრთხილების გარეშე დავტოვე. როცა “ბარსაში” ვთამაშობდი სტვენას ველოდი, მივეჩვიე, მაწუხებდა, მაგრამ ამისთვის წინასწარ ვემზადებოდი, ასეთ დახვედრას კი არ ველოდი. ახლა ვნანობ ჩემს საქციელს, ფეხბურთელი ასე არ უნდა იქცეოდეს.
მოგვიანებით, 1968 წლის ოქტომბერში სანდორ კოშიჩმა დამირეკა და გამოსათხოვარ მატჩზე დამპატიჟა. დავთანხმდი და ცოტა შიშით გავედი მინდორზე, მაგრამ ყველა ტაშით შემხვდა, მე მგონი, ამ დროს შევრიგდით, მე მგონი, ამ დროს მიხვდნენ, რომ მტრები არ ვყოფილვართ, მე შინაური ვარ, მე “ბარსელონელი” ვარ”.






მომეწონა. საღოლ ფეოლა.
გასაკვირია, რას უსტვენდნენ თუ კარგად თამაშობდა? ღალატის "სუნს" ხო არ გრძნობდნენ წინასწარ. ანი იგივე რაც ჩვენ ახალ მეკარეს მოელის ესპანიოლთან თამაშის დროს.
ძალიან დიდია ბატონი ლუისი
7 სეზონი გაატარა ბარსაში და 7 მწვრთნელი გამოიცვალა 🙃 ბარსა ყოველთვის ექსტრაორდინალური კლუბი იყო 😎
კარგი იყო ფეოლა❤️❤️❤️