მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სადა ხარ ჰანს?

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: სადა ხარ ჰანს?

   ხდება ხოლმე ასე ლა ლიგაში, “ბარსა” და “რეალი” რიგრიგობით კარგავენ ქულებს, ჰოდა, როცა ასეთი რამ ხდება სეზონში, მერე “ატლეტიკოც” გამოჩნდება. ასეა საქმე, სატურნირო ცხრილში “ბარსა” და “ატლეტიკო” ლიდერობენ, თანაბარი ქულებით, ოღონდ მადრიდელებს ერთი თამაშიც ნაკლები აქვთ. მათ ერთი ქულით ჩამორჩება “რეალი”, რომელსაც ასეევე თამაშით ნაკლები აქვს “ბარსასთან” შედარებით. ასე რომ, პოტენციურად ისინიც უფრო წინ არიან, ვიდრე ფლიკის “ბარსელონა”. მაგრამ, შემდეგ ტურში დიდი თამაშია, “ბარსა” “ატლეტიკოს” უმასპინძლებს და შანსი ექნება უკან მოიტოვონ ამ მარათონში, მადრიდის მეორე მხარე კი ალბათ ყაიმის ქომაგი იქნება. 

კარგი დროა ახლა ამ შეხვედრისთვის? არც ისე. “ბარსაში” რაღაც აირია, ფლიკი ცდილობს პოვნას, მაგრამ ჯერ ვერ უპოვია, სიმეონეს გუნდი კი მშვენიერ ფორმაშია, ალვარესი, გრიზმანი, სორლოტი – დიდი ძალაა. ჰოდა, ვნახოთ რა და როგორ. 

ერთი ცვლილებით 

კარგია ამბავია რომ ტრავმირებულები დაბრუნდნენ, ცუდი ამბავია, რომ ამან კიდევ უფრო არია გუნდი. თითქოს დალაგების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. დაბრუნდნენ ერიკ გარსია და არაუხო. ფლიკი ენდობა გარსიას, ამ სეზონში საყრდენის პოზიციაც კი ანდო, მოსწონს მისი ტექნიკური არსენალი და პირველი პასი. დაბრუნდა რონალდ არაუხოც, მაგრამ “ლეგანესთან”, გარსია ვნახეთ ძირითადში, კუბარსი სკამზე გადაჯდა. ინიგო შეუცვლელია, მატჩის წინ უსამკლავურო კაპიტანიც კი უწოდეს, მართლაც აქვს ლიდერის თვისებები, მაგრამ ბოლო დროს როგორც მთლიანად გუნდის, ისე მისი თამაშიც ვერ არის დამაკმაყოფილებელი. 

სხვა ყველაფერი უცვლელია, ყველა ჯანმრთელია, შემტევები ჯანზე არიან, მაგრამ რად გინდა, გოლი ვერ შეაგდეს, თანაც, სახლში. (ნაქირავებში, მაგრამ მაინც, სახლში) ოლმოზე უკვე ითქვა, რომ ვერ არის ისე ეფექტიანი, როგორც სეზონის დასაწყისში იყო, ტრავმამ რითმიდან ამოაგდო და ვერა და ვერ შევიდა ფორმაში, ან იქნებ ის სადებიუტო შეხვედრები ემოციური ფონი იყო, ოცნების ასრულებამ შეასხა ფრთხები, ახლა გაქრა ეს ემოცია და აღარ აქვს ფრთებიც. ძალიან მაღლა ასწია თამასა და ამის გამო ვერ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას, თორემ, სარგებელი მაინც მოაქვს გუნდისთვის. რა თქმა უნდა, ძირითადის წევრი უნდა იყოს. მისი მთავარი კონკურენტი ფერმინ ლოპესია, რომელიც გამოვიდა კიდეც მეორე ტაიმში, საკმარისი დროც ჰქონდა, მაგრამ ვერც მან შეცვალა დიდად რამე. 

საერთოდ არ უთამაშია ფრენკი დე იონგს, არ გამოვრიცხავ, რომ ზამთარშივე წავიდეს გუნდიდან. ეგერ, გვარდიოლა კრიზისშია, რაღაც არ მოსწონს მოედნის ცენტრში, როდრი დაემტვრა და ეჭვგარეშეა ზამთარში დიდ თანხას გაისვრის, მეტი არაა ჩემი მტერი დე იონგმა ის ფუნქცია შეასრულოს, რასაც როდრი ასრულებდა, მაგრამ მაინც, სარფიანი გარიგება “ბარსას” არ აწყენს, აი, თანხას კი ნამდვილად ვერ ამოიღებს. თავის დროზე ისიც კი დაგვიწერია, დე იონგი ბართომეუს ერთადერთი ნორმალური ტრანსფერი იყოო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ კაცის დანატოვარი საერთოდ არაფერი არ ვარგა. 

როგორ წააგეთ?! 

გვინახავს ასეთები, “კამპ ნოუზეც” კი გვინახავს, მაგრამ რა დროს ეს იყო?! კუდში გყავს მადრიდის ორი მკვიდრი, შემადგენლობას როგორც იქნა თავი მოუყარე და რა დროს ქულების დაკარგვა იყო. ფლიკმა ტრიბუნაზე აინაცვლა, მისი თანაშემწე იქნევდა ხელებს სათადარიგოთა სკამიდან, ვითომ ამის ბრალი იყო? არა მგონია, “ბარსამ” ისეთი მომენტები გაუშვა ხელიდან გინდ ფლიკი მდგარიყო სათადარიგოებთან, გინდ არიგო საკი. რაც გასატანია, უნდა გაიტანო. ლევანდოვსკის თითქმის ყველა შეხვედრაში ცვლიან, მაგრამ მაინც გადაღლილის შთაბეჭდილებას ტოვებს, მართებდა რამდენჯერმე გატანა და ვერ გაიტანა. ძვირად დაუჯდა ეს ყველაფერი “ბარსას” და სეზონის ბოლოს რად დაუჯდება კაცმა არ იცის. 

მაგრად იდგა კარში მარკო დმიტროვიჩი, განსაკუთრებით გამოსარჩევია მომენტი, როცა რაფინიას აუღო ძალიან კარგი დარტყმული. მისი ხელიდან ხარიხას მოხვდა და “ლეგანესი” გადარჩა. როგორც აღმოჩნდა, გადარჩა საბოლოოდ. მოიპოვეს ეს ისტორიული გამარჯვება. 

რა აირია? 

არ ვიცი, ასე შორიდან რა უნდა გაიგო, მაგრამ თითქოს შიდა სამზარეულო ვერ არის დალაგებული. დიდი ამბიციაა გუნდში, ადგილი კი ცოტაა. თამაში ყველას სურს, ფლიკიც მაქსიმალურად ყველას ითვალისწინებს, მაგრამ ამას შედეგი არ მოაქვს. უკმაყოფილოა დე იონგი, უკმაყოფილოა გავი, უკმაყოფილება ეტყობა ოლმოს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თამაშობს ძირითადში. რაფინია როგორც ყოველთვის ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ წინა შეხვედრაში ფლიკმა აღნიშნა გადაიღალაო, ჰოდა, ასე თუ გაგრძელდა სადღაც იანვრის ბოლოს გადაიწვება კიდეც. 

ეჰ, რთულია მწვრთნელობა, თან ამათ დასვენებაზე უნდა იფიქრო, თან ყველას თამაშის პრეტენზია აქვს. რაღაცას არასწორად გააკეთებ და იმ ქულას კარგავ, რომელიც სეზონის ბოლოს ჩემპიონობას გიწყვეტს. 

მაინც იმედიანად ვარ, შემდეგ შეხვედრაში “ატლეტიკო” კარგი საცდელი იქნება. მანამდე კი დავტკბეთ ჩვენი “საფეხბურთო” ქვეყნით, ძალოსანმა ფეხბურთელი აირჩია პრეზიდენტად და ფეხბურთის ქომაგიც კი უკმაყოფილოა, რატომ ნეტავ? ალბათ იმიტომ, რომ ინიაკი პენია კარში დგას და არა თავდასხმაში, ესე იგი, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონეს, ამის დედავატირე!

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (22)

  • Zauriko
    20 დეკ 2024, 00:04

    მე ვფიქრობ სულ ეს ფლანგიდან შეტევები ციტა ცხადია. რაჩა არის შესაცვლელი.

  • Fc Barca Batumi
    18 დეკ 2024, 08:48

    არა რაა….
    ფეოლა? ფეოლა, არის უმაგრესი!