workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინია ლეგენდებში გაერია – ბრაზილიელები ჰეთთრიქით

რაფინია ლეგენდებში გაერია – ბრაზილიელები ჰეთთრიქით

რაფინიამ “ვალიადოლიდთან” შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა და მეექვსე ბრაზილიელი გახდა ვინც ამის გაკეთება შეძლო. “ბარსას” ლეგენდარული ბრაზილიელები ახერხებდნენ ერთ მატჩში სამი გოლის შეგდებას, რაფინიას ლეგენდობამდე ჯერ ბევრი უკლია, მაგრამ მაინც ამაყი უნდა იყოს, რომ უდიადესთა შორის გაერია.

აბა, გავყვეთ, ვინ როდის და რამდენი ჰეთთრიქი დატოვა “ბარსელონაში”. 

რომარიო – ხუთი ჰეთთრიქი 

ძალიან ვბრაზობ ამ ტანმორჩილ კაცზე, ლა ლიგაში ისე ითამაშა თითქოს ბრაზილიის ჩემპიონატში ერთობოდა, თანაც, სადებიუტო სეზონი აკმარა აქაორობას. ქარიშხალივით შემოიჭრა ესპანურ ფეხბურთში და სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო სამი გოლის შეგდება, “ბარსამ” “რეალ სოსიედადი” 3:0 დაამარცხა და სამივე რომარიომ შეაგდო. თანაც, გოლებსაც ხომ გააჩნია?! უბრალო გოლი ფაქტობრივად არ გაჰქონდა, არ შეეძლო, თითქმის ყველა გოლი შედევრს უახლოვდება. ამ მატჩში კი მესამე გოლია განსაკუთრებული, გვარდიოლას დიდებული პასი, რომარიომ მკერდით მიიღო და დაუშვებლად გადაუგდო თავზე მეკარეს, ისე რომ ერთი წამიც არ დაუკარგავს, ისე რომ მუსიკა დატოვა მხოლოდ ამ შეხებაში. ფანტასტიკაა! 

მეორე ჰეთთრიქი “ატლეტიკოსთან” შეასრულა, ძალიან უყვარდა რომარიოს ეს კლუბი, სულ რაღაც სამი თამაშის ჩატარება მოასწრო მათთან და რვა გოლი შეუგდო. სხვათა შორის, სანამ სიმეონე გახდებოდა “ატლეტიკოს” მწვრთნელი, მანამდე სულ ბევრი გოლი გადიოდა ამ გუნდების შეხვედრებში. ასე იყო რომარიოს სადებიუტო სეზონშიც, “ატლეტიკომ” 4:3 მოიგო, “ბარსადან” სამივე გოლი რომარიომ შეაგდო. მცირე ხნის წინ ვწერდით როგორ წააგო ვან გაალის “ბარსამ” “ვალენსიასთან” 3:4, იგებდა 3:0-ს და მაინც დამარცხდა. აქაც ეგ ამბავი იყო, კრუიფის “ბარსამ” პირველი ტაიმი 3:0 მოიგო, მეორეში კი ოთხი გაუშვა. 

გოლებს რაც შეეხება, რომარიოს რიგით მეორე გოლი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი გოლია მისი შესრულებით, აქაც ის მელოდიაა, რაც “სოსიედადთან” მოგვასმენინა, მკერდზე მიღება, დაუშვებლად გადაუგდო მცველს და მერე გააკეთა ის, რაც დაახლოებით 800-ჯერ გაუკეთებია. 

მესამე ჰეთთრიქი “მადრიდს” შეუსრულა, იმ დაუვიწყარ შეხვედრაში, რომელიც “ბარსამ” 5:0 მოიგო. ამ შემთხვევაში რომარიოს პირველი გოლია გამოსარჩევი. ადრეც აღმინიშნავს და ახლაც ვიტყვი – ინდივიდუალურ დონეზე, ასეთი სილამაზის გოლი კლასიკოში მე არ მახსენდება. ალბათ მხოლოდ მესის გოლი შეედრება ნახევარფინალში, მაგრამ ეგ სულ სხვა ჟანრია, აქ კიდევ პლაჟის ფეხბურთის ელემენტები შემოვიდა, ასეთ რამეს კლასიკოებში ვერ კადრულობენ ხოლმე, როგორც წესი, არ გამოდის იმიტომ, რომ დონე ძალიან მაღალია და ასე ეზოს ბავშვივით ვერ დაჩაგრავ ვერავის, რომარიომ კიდე დაჩაგრა. 

მეოთხე ჰეთთრიქი “ოსასუნასთან” შეასრულა. “ბარსამ” 8:1 მოიგო. უალამაზესი გოლები შეაგდეს და რომარიომ სამიდან ერთი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. უიშვიათესი შემთხვევა იყო რონალდ კუმანისთვის გაებედა ვინმეს ჯარიმის ჩამორთმევა, ბრაზილიელმა უთხრა ეს უფრო ჩემი წერტილიაო და დიდებულად შეასრულა. ისე, პენალტებს ამ სეზონში კუმანი ასრულებდა, ახლა წარმოიდგინეთ რომარიოს რომ დაერტყა რამდენ გოლზე ავიდოდა. 

ბოლო ჰეთთრიქი ისევ “ატლეტიკოს” მიართვა. სეზონის პირველ ნახევარში განცდილი მარცხისთვის “ბარსას” შური უნდა ეძია და მოახერხეს კიდეც – 5:3 მოიგეს. ისევ ბრწყინვალე მატჩი გამოვიდა, დიდებული გოლებით, მაგრამ რომარიოს სამი გოლიდან ისევ პირველია განსაკუთრებული, სადღა გადის ასეთი გოლები?! ერთი შეისწორა და საჯარიმოს გარედან გადაავლო მეკარეს თავზე. უალამაზესი გოლია, ერთ-ერთი საუკეთესო მის კარიერაში. 

უნამუსო კაცია, სულ სხვა ისტორია უნდა დაეწერა “ბარსელონაში”. 

რონალდო – ოთხი ჰეთთრიქი 

არანაკლებ დიდებული სადებიუტო სეზონი ჰქონდა, შესაძლოა, უფრო მაგარიც, ვიდრე რომარიოს. ამ კაცის გამოჩენას მხოლოდ მესის გამოჩენას თუ შევადარებთ, აჭრელებული იყო მთელი მსოფლიო პრესა რომ ახალი პელე მოევლინა საფეხბურთო სამყაროს, და ალბათ არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვი რომ რონალდო სულ ოდნავ უფრო ლამაზად თამაშობდა, ვიდრე პელე. 

პირველი ჰეთთრიქი არა მხოლოდ მისთვის, არამედ “ბარსელონასა” და მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესოა. მხოლოდ რივალდოს ჰეთთრიქს თუ ჩამორჩება, რომელმაც ასევე “ვალენსია” გაამწარა და მივალთ მაქამდეც. 1996 წლის ოქტომბერში რონალდო უბრალოდ გაფრინდა! პირველი გოლის დროს თანაგუნდელს ბურთი ისე გამოართვა როგორც მესიმ ბუსკეტსს, მერე ორ მცველს შორის ისე შეიგდო თითქოს სავარჯიშო დგარებს ჩაუარაო და თავისი პირველი გოლი შეაგდო ამ შეხვედრაში. მეორე გოლი ფიგუს პასით შეაგდო, ცარიელ სივრცეში თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და მარცხენა ფეხით ზუსტად დაარტყა – 2:0. 

მეორე ტაიმში “ვალენსიამ” ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ რონალდომ მესამეც შეაგდო და თამაში მოიგო. თანაც მესამე საუკეთესო გამოვიდა. ისევ ცენტრში აიღო ბურთი და წარმოუდგენელი სისწრაფით გავარდა მეტოქის კარისკენ, ისევ ორმცველს შორის გაძვრა და კარგადაც დააგვირგვინა. ამჯერად მცველებმა სცადეს რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყვნენ ერთმანეთთან, მაგრამ რონალდო მაინც გაძვრა მათ შორის. ასეთი დამამცირებელი სხვაობა ფეხბურთელებს შორის იშვიათი სანახავია. 

[media=[media=https://youtu.be/5u4C2Ih6dWY?si=iK9CGtrKEspiLwba&t=13]]

მეორე ჰეთთრიქი “სარაგოსასთან” შეასრულა. აქ უკვე გახურებული იყო რონალდომანია, ხალხი სხვადასხვა ქვეყნებიდან აწყდებოდა “კამპ ნოუს” რომ ეს ღმერთის მოვლენილი სასწაული ენახა. მართლა თეატრს ჰგავდა მაშინ ეს ყველაფერი. ერთი მსახიობის თეატრს.  რონალდო მთელი მატჩის განმავლობაში არბევდა “სარაგოსას”, სამი გოლი შეაგდო და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნა. “ბარსამ” მარტივად მოიგო – 4:1. 

მესამე ჰეთთრიქი “ატლეტიკოსთან” შეასრულა, რომარიოსი არ იყოს რონალდოსაც ძალიან უყვარდა “ატლეტიკო” და როგორც აღვნიშნეთ იმ დროს ამ შეხვედრებში ძალიან ბევრი გოლი გადიოდა. ეს მატჩი კი ერთ-ერთი საუკეთესოა “ბარსას” ისტორიაში. სწორედ ეს შეხვედრა ითვლებოდა საუკეთესოდ პსჟ-სთან მატჩამდე. ეს იყო კოპა დელ რეის მეოთხედფინალი. რეალურად კი ფინალი, რადგან მერვედფინალში “მადრიდი” დაამარცხეს, მეოთხედფინალში “ატლეტიკო” შეხვდათ და მათი დაძლევის შემთხვევაში აღარც რჩებოდა კოპაზე ძლიერი კონკურენტი. ასეც მოხდა, “ბარსამ” ატლეტიკოს” ბარიერი დაძლია და საბოლოოდ კოპაც მოიგო, მაგრამ მთავარია თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. 

პირველი მატჩი მადრიდში 2:2 დასრულდა. “კამპ ნოუზე” კი “ატლეტიკო” 31-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდა! აი, მერე დაიწყო რაც დაიწყო. “ფენომენომ” მეორე ტაიმის დასაწყისში ორი ბურთი გაქვითა და “ბარსა” თამაშში დააბრუნა, მაგრამ პანტიჩმა კიდევ შეაგდო და ანგარიში 2:4 გახდა. “ბარსას” სამი გოლი ჰქონდა შესაგდები. ფიგუმ კარიერაში საუკეთესო გოლი შეაგდო და ანგარიში შეამცირა, რონალდომ კი ჰეთთრიქი შეასრულა და გაათანაბრა – 4:4. “კამპ ნოუ” აფეთქების ზღვარზე იყო და იფეთქა კიდეც 83-ე წუთზე როცა პიციმ გამარჯვების გოლი შეაგდო. 

მეოთხე ჰეთთრიქი ისევ “ატლეტიკოს” ერგო, თანაც, სულ რაღაც ერთ თვეში, “ბარსამ” მადრიდელები 5:2 გაანადგურა და რონიმ ისევ სამი შეაგდო. გაუჭირდებოდა.. 

კიდევ სამის გატანაც თავისუფლად შეეძლო, აბა, სად იყო მაგის გამჩერებელი მცველი?! 

რივალდო – ხუთი ჰეთთრიქი

აჯობა “ფენომენოს” იმიტომ, რომ რონალდომ მხოლოდ ერთი სეზონი დაჰყო “ბარსაში”, რივალდომ კი მთელი ხუთი წლის განმავლობაში შეასრულა ხუთი ჰეთთრიქი. აქედან პირველი სადებიუტო სეზონში, კოპა დელ რეის ნახევარფინალში, “სარაგოსას” წინააღმდეგ, “ბარსამ” 5:2 მოიგო, რივალდომ სამი გოლი და ორი საგოლე პასი მიითვალა. ფაქტობრივად მარტომ მოიგო ეს შეხვედრა. “სარაგოსამ” პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში, მეთერთმეტე წუთისთვის კი უკვე ორი ბურთით აგებდა. 

რივალდომ სამივე გოლი ფიგუს პასით გაიტანა. თავად კი ჯოვანისა და ლუის ენრიკეს გაატანინა. 

მეორე ჰეთთრიქი მომდევნო სეზონში შეასრულა, 98/99 წლების სეზონში. ეს მატჩიც ბევჯერ გაგვიხსენებია. რივალდომ სამიდან ორი თერთმეტმეტრიანით შეაგდო, ის ერთი კი განსაკუთრებული გამოვიდა, შორი მანძილიდან ტყვიასავით გაუშვა და შეგლიჯა “ოვიედოს” კარი. მერე მაისური გაიხადა და ტრავმირებული ამუნიკე გაამხნევა. 

მესამე და მეოთხე ჰეთთრიქი 2000/01 წლების სეზონზე მოდის, რომელზეც მცირე ხნის წინ ვწერდით. მიგვაჩნია რომ ეს სეზონი რივალდოს კარიერაში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესოა და ოქროს ბურთსაც იმსახურებდა, მაგრამ უტიტულოდ დარჩა და გაიწირა. იდეაში, სამი ჰეთთრიქი ჰქონდა ამ სეზონში, მაგრამ “ბერნაბეუზე” მესამე, გამარჯვების გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. 

ის ორი ჰეთთრიქი კი ლეგენდარულია. ერთი “მილანს” შეუსრულა, “სან სიროზე”. დიდებული შეხვედრა ჩაატარა და თვით პაოლო მალდინიც კი უსაქმოდ დატოვა. 

მეოთხე ჰეთთრიქზე კი იმდენი გვისაუბრია, თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ შეგახსენებთ რომ საუკეთესო ჰეთთრიქია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. 

ბოლო ჰეთთრიქი ბოლო სეზონში მიითვალა. იქამდე სანამ ტრავმები შეაწუხებდა, ესე იგი, სეზონის დასაწყისში. “ბარსა” ძლივს გაძვრა ჩემპიონთა ლიგაზე და საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწია თამაში, სწორედ იქ შეხვდნენ “ვისლას” და რივალდომ სამი გოლი შეაგდო. 

რონალდინიო – ორი ჰეთთრიქი 

რონალდინიომ რივალდოს მსგავსად ხუთი სეზონი დაჰყო “ბარსელონაში” და ორი ჰეთთრიქი შეასრულა. რიგით პირველ და მესამე სეზონებში. სადებიუტო სეზონში “პუჩოვს” გაუტანა უეფას თასზე, დიდი ვერაფერი გუნდია, მაგრამ რონალდინიოს ეს არ აკნინებს, მისი სადებიუტო სეზონი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი სეზონია რივალდოს 2000/01 წლების სეზონთან ერთად. 

მიზეზი აქაც იდენტურია. რონის სადებიუტო სეზონში ტიტულები არ ჰქონდა, თორემ, ყველაფერს აკეთებდა რაც მოესურვებოდა. მისი მსგავსი ფეხბურთელი უკვე აღარ იყო მსოფლიოში. 

მეორე ჰეთთრიქი რომ შეასრულა უკვე ოფიციალურად იყო მსოფლიოს საუკეთესო, ეტო’ო მსოფლიოს ნომერ პირველი ფორვარდი და იქვე პატარა ლეოც გამოჩნდა, რომელიც მეტოქის მცველების კოშმარად იქცა. უჰ, არ მოუწია ამ სამეულს დიდხანს თამაში, რადგან ჯანმრთელობა ვერ შეინარჩუნა ვერცერთმა, მაგრამ რაც ითამაშეს დიდებული იყო. 

ნეიმარი – სამი ჰეთთრიქი + პოკერი 

ნეიმარმა ოთხი სეზონი გაატარა “ბარსელონაში” და მაინც ყველა უკმაყოფილო დაგვტოვა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ თავის თავს მიაყენა ძალიან დიდი ზიანი. არაფერი განსაკუთრებული მის კარიერაში აღარ მომხდარა “ბარსელონას” მერე. ის ნაძალადევი ლიგის ფინალიც კომიკური იყო. პანდემიის გამო მხოლოდ ერთ შეხვედრას ატარებდნენ პლეიოფებში, პსჟ-ს კი წარმოუდგენლად იოლი კალენდარი შეხვდა. ეგ იყო და ეგ, არადა, “ბარსელონაში” ყველაფრის მიღწევა შეეძლო. ალბათ, ოქროს ბურთსაც წაეთამაშებოდა.

პირველი ჰეთთრიქი სადებიუტო სეზონშივე შეასრულა, “ბარსამ” “სელტიკი” 6:1 გაანადგურა, ნეიმარმა კი სამი გოლი მიითვალა. როგორ შეაგდო სამი გოლი ჯერ კიდევ დაუღვინებელმა ნეიმარმა? მესი არ იყო მოედანზე. მეორე და მესამე გოლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. 

მეორე ჰეთთრიქი მომდევნო სეზონში შეასრულა, “გრანადასთან”, “ბარსამ” 6:0 მოიგო. მესისა და ნეიმარს გვერდს ელ ჰადადი უმშვენებდა. ამიტომ, სულ თავად შეყარეს გოლები. 

2015 წელს პოკერის ჯერიც მოვიდა. როგორ შეძლო ნეიმარმა პოკერის შესრულება? მესი არ იყო მოედანზე. ნეი გახდა ერთადერთი ბრაზილიელი, რომელსაც “ბარსას” ფორმით ოთხი გოლი აქვს შეგდებული, ეს კიდევ დიდი ამბავია. “ბარსამ” “რაიო” 5:2 დაამარცხა, ნეიმარმა ოთხ გოლს ერთი საგოლე პასიც მიამატა. ჰგავდა ეს პერფორმანსი რონალდოს პერფორმანსს არგენტინასთან, იქ კიჭამ სამი პენალტი აიკიდა და სამივე შეაგდო. აქ პირველ ტაიმში ნეიმარმა ორი პენალტი აიკიდა და ორივე შეაგდო, წესით კი ოთხი უნდა დაედოთ, აბსოლუტურად სამართლიანად. 

სულ მცირე ხნით, ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო იყო. 

ბოლო ჰეთთრიქი ბოლო სეზონში შეასრულა, უკვე საკმარისად დიდი ფეხბურთელი იყო იმისათვის, რომ მესის მოედანზე ყოფნის დროს გაეკეთებინა ეს ყველაფერი, წესით, უნდა მიხვედრილიყო, რომ ეგ არის, მოდის ნელ-ნელა მისი დრო, მაგრამ არა.. ტვინი არ ეყო. არც სიმტკიცე. არც გამბედაობა. 

“ბარსამ” “ლას პალმასი” 4:1 დაამარცხა. ნეიმარმა სამი შეაგდო და ერთი საგოლე პასიც მიითვალა. 

აი ასე, ლეგენდარულ სიაში გაერია რაფინია. ისღა დაგვრჩენია წარმატება ვუსურვოთ, იქნებ კიდევ შეძლოს ჰეთთრიქის შესრულება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • Rick Sanchez
    schedule 02 სექ 2024, 17:35
    #6

    მაგარი სტატიაა ფეოლა

  • ფეოლა
    schedule 01 სექ 2024, 19:24
    #5

    CuleTillIDie, არ ჩაუთვალეს ერთი, ოფიციალურად.

  • CuleTillIDie
    schedule 01 სექ 2024, 18:54
    #4

    მეშვიდეა რაფინია, კოუსაც აქ ჰეტ-ტრიკი ლევანტესთან, მაგრამ არ გვიშველა მაგ ჰეტ-ტრიკმა 🥲

  • ფეოლა
    schedule 01 სექ 2024, 17:42
    #3

    nika 54, ბარსელონაში 48 ჰეთთრიქი აქვს. ყველა ტურნირზე.

    ეგ არ არის ნორმალური.

  • Johan Cruyff 14
    schedule 01 სექ 2024, 17:39
    #2

    კაი სტატია იყო, ვაფასებთ აქ ვინც მხოლოდ სტატიების საკითხავად შემოვდივართ და დრო არ გვაქ უხვი კომენტრებისთვის

  • nika 54
    schedule 01 სექ 2024, 17:30
    #1

    ისე ამდენი ვილაპარაკეთ ჰეთტრიკებზე რო უკვე დამაინტერესა არგენტინელებს ანუ მესის რამდენი აქვს შესრულებული ვინმეს ახსოვს?