რაღაც ახალი გვსურდა ახალ წელს და ჩავიმ ძველი დაგვახვედრა. არ გამოვა ამ კაცისგან სანტა კლაუსი. საჩუქრები არ მოაქვს, არც სიხარულისა და სიკეთისა იცის რამე. უმალ ირემი იქნებოდა საშობაო ზღაპარში, ვიდრე სანტა კლაუსი. შეაბამს ლაპორტა მარხილში და დაგაზავენ სადღაც მაღლა, ცხრილის ზედა ნაწილში.
მოუწევთ ფრენა, შვიდი ქულაა სხვაობა.
გამოდის, ლაპორტა ყოფილა სანტას როლში და ვიქტორ როკე დაგვიტოვა ნაძვის ხესთან. ისეთი საჩუქარია რა.. წინასწარ რომ იცი რას გაჩუქებენ. მოვალეობის მოხდის მიზნით რომ ამბობ მადლობას, მაინც უკეთესის იმედი რომ გქონდა, მაგრამ გამოიყენებ ამასაც, არ არის ცუდი.
სამი ქულა სამი ქულაა, გინდა ბოლო წამზე მოიგე და გინდა თავშივე გადაწყვიტე ყველაფერი. ამ ბოლო წამზე გამოღლეტას კიდე უკვე მივეჩვიეთ, აღარც მიხარია, წინასწარ ვიცი, რომ ბოლოს შევაგდებთ. გიუნდოგანმა იკითხოს და მისმა ნერვებმა, თორემ ჩვენ მშვიდად ვართ.
ბოლო წუთზე პენალტის დარტყმას ნერვები უნდა. გაფუჭებული ბევრი გვინახავს, მათ შორის კაცთა შორის უდიდესსაც გაუფუჭებია, სულ ბოლო წამზე, ფაქტობრივად ოვერტაიმში დანიშნული პენალტი გააფუჭა “სევილიასთან”. რთულია ეს ოხერი, ილქაიმ კიდე ცივად შეასრულა.
კუნძული
“ლას პალმასზე” ყოველთვის უფრო ქალაქი ახსენდებათ, ვიდრე გუნდი. ასე იქნება ყოველთვის სანამ ამ კლუბს ვინმე შეიხი არ შეიძენს და აქლემებს არ მოაშენებს. ან, იქნებ ქალაქი იყიდონ მთლიანად. ბავშვობიდან ასე იყო, ყვითელ ფერზე პირველი “ლას პალმასი” მახსენდებოდა, მხოლოდ შემდეგ “ვილიარეალი”. “ლას პალმასზე” კიდე ყოველთვის მორიენტესი მახსენდებოდა და მახსენდება. რამდენიც ფიგუ გაიქცა მორომ იმდენი გაიტანა და საბოლოოდ ხუთი გოლი შეუგდო ამ საცოდავებს და აქიდან ოთხი თავით გაიტანა.
იმ დღეს დაიბადა მითი იმის შესახებ რომ მორიენტესი კლუივერტზე უკეთესად თამაშობდა თავით.
არ დაიჯეროთ. ტყუილია.
მეხსიერებას კი ასე ჩარჩა, ბითური გუნდის სახით. გინდა ფეხით, გინდა თავით, ყველას გააქვს ვისაც უნდა. გააქვს და გამოაქვს. “ლას პალმასიც” ხან გავა იქით სეგუნდაში, ხან გამოვა. რა ენაღვლება? კანარის კუნძულია, მზე არ აკლია, ზღვა არ აკლია და ხანდახან ბურთსაც გააგორებს.
რა უნდა ინატროს მეტი “ბარსაში” ვერ დამკვიდრებულმა მუნირ ელ ჰადადიმ?! უბრალოდ, იმაზე დამაფიქრა ამჟამინდელი “ბარსადან” ვინ მოუხდებოდა ყველაზე მეტად კუნძულებს, და პირველ რიგში ჩავი ერნანდესი მომივიდა თავში.
ეჰ.. ვინ იფიქრებდა.
მუნირმა კიდე თავი შეგვახსენა. ჰგავდა ვითომ ეს გოლი ანრის გოლს ნიდერლანდებთან? ჰგავდა, როგორ არა. უბრალოდ იქ ფუნჯი იყო, აქ თოხი.
დებიუტი
ძალიან მინდოდა გაეტანა. ვიცი რომ ყველას გსურდათ, ახალმოსულებს სულ სხვაგვარად ვუჭერთ მხარს, იმიტომ, რომ ახლებს ახალი იმედი მოაქვთ. ორი ძალიან კარგი შანსი ჰქონდა და ვერ გამოიყენა, ვაპატიებ, წიხლს არ დავაჭერ, მაგრამ იმასაც ვიტყვი – ასეთი მომენტი რომ დებიუტში სქაივოქერ დე იონგს, ან ბრეითუეიტს გაეფუჭებინა ალბათ მიწაში ჩავდებდით.
ასეა. პიარი მუშაობს.
რა განსხვავებაა ვირთხასა და ზაზუნას შორის?
ზაზუნას პიარი აქვს!
როკე კარგად შეფუთული მოვიდა. ჯერ ერთხელ გაირტყა წიხლი თავში და უკვე გვიყვარს. დე იონგი კი მოსული არ იყო აბუჩად იგდებდნენ, სამაგიეროდ, მეფესავით წავიდა. არა, მეფე ზედმეტია, მაგრამ ლამაზად წავიდა.
როკე აქტიურად შემოვიდა, სიცოცხლე იგრძნობა, თითქოს სულ სხვა ტემპში აათამაშა გუნდიც, დუნე, ნელი, მტანჯველი შეტევები ცოტა გაახალისა. ვერ შეაგდო და ლევანდოვსკიმაც გაამხნევა, შეაგულიანა, იცის რომ მის ფილტვებს როკეზე კარგი მეგობარი არ ეყოლება სეზონის ბოლომდე.
როგორც წესი, დებიუტი ყველაზე მარტივია ხოლმე, ემოცია გმართავს, ენთუზიაზმი გამოძრავებს, დიდ ყურადღებას არავინ გაქცევს და უცბად გავარდება შენი სახელი. ახლა ასე არ მოხდა, ვნახოთ მერე რა იქნება.
ორი სიტყვა ამაზეც
ფერანზეც უნდა ითქვას. კარგი გოლი შეაგდო. საშინელი თამაში იყო, მაგრამ რაღაც-რაღაცებს მოიწონებდა კაცი. მაგალითად, ფრენკი დე იონგი კარგი იყო, არაუხოს ჩართვები კარგი იყო, ფერანის გოლიც კარგი იყო, მაღალი დონის დარტყმა გამოვიდა, ისეთი არა როგორიც რონალდინიომ შეაგდო ოქროს ბურთის ჩაბარების მერე, “კამპ ნოუზე”, ზუსტი, თითქის უმარტივესი დარტყმით, მაგრამ, კარგი იყო ესეც.
შემდეგი მატჩი თასზე იქნება, გუნდთან რომლის სახელიც დამახსოვრებაც თქვენთვის მომინდია. მერე კიდე წავალთ სუპერ თასზე, დასაცავია ეგ თასი, მოსაგები და დასატოვებელია.
ყოჩაღ ფეოლა, როგორც ყოველთვის კარგი იყო. გული მიგრძნობს შენ წინა ცხოვრებაში პოეტი ან მაღალი დონის მწერალი იყავი.
დასაცავია ეგ თასი, მოსაგები და დასატოვებელია.
აბა ჩემპიონობას ჩვენ ვეღარ გავწვდებით და იყოს თასები.
ჩავის უნდა მიყვეს შემტევი ტრიო ფერანი ლევანა და ის ჩინური ბრაზილიელი
წავიდნენ და დაისვენონ კუნძულზე მაინც არაფერს აკეთებენ