მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ძმები უილიამსების შოუ

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ძმები უილიამსების შოუ

კიდევ ერთი თრილერი ვიხილეთ, კიდევ ერთი მარცხი, ასევე დამატებით დროში. ასეთი მცირე მონაკვეთისთვის მეტისმეტია. “ბარსა” იმ ტურნირებს გამოეთიშა, რომლის მოგების შანსი ყველაზე მეტად ჰქონდა, ევროპა ლიგის მოგების შანსი გაცილებით ნაკლებია, ხოლო ლა ლიგა უკვე დიდი ხანია დაკარგულია და მხოლოდ მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაა შესაძლებელი. 

აი, ასე, ჯერ ზამთარია და უკვე ძალიან ბევრი რამ დასრულდა. 

თავიდანვე ნათელი გახდა თამაში როგორ წარიმართებოდა. თუ მადრიდის “რეალს” ვერ ავყევით ტემპში, მით უმეტეს გამორიცხული იყო ამის გაკეთება “ბილბაოსთან”, ერთი უილიამსი არ გვეყოფოდა, ახლა მეორეც გამოჩნდა.. ეს ძმები, რომ “ბარსას” ჰყავდეს მშვენიერი გუნდი იქნებოდა. პირველივე წუთებზე ჩაუქროლა პატარა უილიამსმა ჟორდი ალბას, ეს კი მეტად საგულისხმო ამბავია, რადგან, ალბა დაღლილიც კი არ ყოფილა, უბრალოდ აღარ არის ისეთი სწრაფი როგორიც ადრე, არადა, სისწრაფე მისი მთავარი უპირატესობა იყო, კაცი, რომელიც გარეტ ბეილს არ უთმობდა არაფერს, პატარა უილიამსმა დაჩაგრა. 

დაიწყო და გოლიც ასე გავიდა. მუნიაინმა კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი შეაგდო. კარგი გუნდია “ბილბაო”, რთულია სიმპატიები არ გქონდეს ამ კლუბის მიმართ, მუნიაინი დაბერდა ბასკეთში და ძმები უილიამსებიც დაბერდებიან, ლამაზი ტრადიციაა, “ბარსას” ჰგავს რაღაცით. 

“ბილბაომ” მოედნის ცენტრშიც აჯობა “ბარსას”, იშვიათად თუ გადავიდოდით მეტოქის ნახევარზე, ჟუტგლა ბურთის დაჭერას ვერ ახერხებდა, ეზალზულისა და ფერანის მოქმედება კი ფრაგმენტული იყო და ვერ ვიტყვით, რომ სრულ სურათში რაღაცას ქმნიდა, თუმცა, გოლი ძალიან მაგარი გამოვიდა, გათამაშებაც და საბოლოო დარტყმაც, ბუსკეტსის პაუზაც გადასარევი იყო, ფერანმა კი ძალიან ლამაზი დარტყმით შეაგდო, – ეს ერთი და სხვა მრავალი! 

ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილეთ დუეტი, რომელსაც ველოდით, მაგრამ გავის ვერ გამოუვიდა თამაში, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი იყო, რომელიც აქამდე ჩაატარა, პედრი კი საუკეთესო იყო მოედანზე. მათ შორის დიდი ჰარმონიაც ვერ შევნიშნე, რაც გასაგებია, შეთამაშება სჭირდებათ. 

მეორე ტაიმში დიდი უილიამსიც გამოვიდა და ისედაც მძიმედ წასული საქმე კიდევ უფრო ცუდად წავიდა, რონალდ არაუხოც კი იჩაგრებოდა სისწრაფეში, პენსიონერებზე რაღა გვეთქმის, როგორ უნდა აჰყვეს ტემპში ასეთ შემტევებს ბუსკეტსი, პიკე, ან ალბა, როცა არაუხოც უძლურია?! ჩვენ კი არ გვყავს ასეთი გამქცევი ფეხბურთელები, ერთი გვყავს და ისიც მალე დატოვებს კლუბს, საერთოდ, შეტევაში ძალიან ცუდად არის საქმე და აქედანვე უნდა ვიცოდეთ, რომ ამ შეტევით შეუძლებელი იქნება “ნაპოლის” ბარიერის დაძლევა. ანსუ ფატი იყო ჩვენი იმედი და ისევ ტრავმა მიიღო, ძალიან საწყენია, დასანანია, როგორც ჩანს, ეს სეზონიც მთლიანად დაიკარგება. 

“ბარსამ” ბოლო წუთებზე გაუშვა, რასაც მიჩვეულები ვართ, ამას თავის ლოგიკური ახსნა აქვს, ბოლო წუთებისთვის ხნიერი ხალხი ძლივს სუნთქავს, ახალგაზრდებს კი ის გამოცდილება აკლიათ, რომელსაც ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ჰოდა, გადის და გადის გოლები. ბოლო წუთები, რომ ახლოვდება უკვე ვიცით, რომ გოლი გავა, შესაძლოა უკვე ფსიქოლოგიური ბარიერიც იყოს, ერთგვარი პანიკა, რომელსაც ვერ ვერევით. 

თუმცა, გათანაბრებითაც ბევრჯერ გაგვითანაბრებია, ჯერ კიდევ წინა სეზონიდან მოყოლებული, ეს კი ბრძოლისუნარიანობაზე მიანიშნებს. დანი ალვესის პასით პედრიმ შეაგდო, საუკეთესო იყო მოედანზე და დაიმსახურა ეს გოლი. “რეალთანაც” შეეძლო გატანა, გახსოვთ ალბათ, ორ კაცს დაუძვრა და საჯარიმოს გარედან დაარტყა, მცირედით არაზუსტად. ისე ჩანს, რომ პედრი ამ კომპონენტშიც უმატებს, იწყებს ნელ-ნელა გოლების გატანას. 

“მაკრატელათი” პასს რაც შეეხება, დელ პიეროს აქვს გაკეთებული, დავიდ ტრეზეგემ გოლად აქცია, “მილანის” წინააღმდეგ, საჩემპიონო მატჩი იყო სერია ა-ში, დიეგო მარადონას აქვს გაკეთებული და ჩემს თანაგუნდელ ჯემალიკოს, “მთვარის გლობუსთან” შეხვედრაში, თუმცა, ეგ თქვენ არ გეცოდინებათ. ასეთი გენიალური სია მივიღეთ, – მარადონა, დელ პიერო, დანი ალვესი და ჯემალიკო. 

როდის წავაგეთ ეს შეხვედრა? როცა ფატი გავიდა. დამთავრდა. სხვათა შორის, ძალიან კარგი ორგანიზატორია, ალბათ შეტევის საუკეთესო ორგანიზატორია მათგან ვინც კი ახლა შემადგენლობაში მოიძებნება, მათ შორის დეპაი და დემბელე, აზრიანად წარმართავდა შეტევებს, მაგრამ, რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, თუ ორგანიზმმა თამაშის საშუალება არ მისცა?! 

ძალიან გაწვალდა ეს ბიჭი და ფსიქოლოგიური პრობლემებიც გარდაუვალია ასეთ დროს. 

ოჰ, რა რთული პერიოდი გველის. თითოეულ მატჩში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ სამი ქულისთვის და “ნაპოლისაც” მალე შევასკდებით. გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით, რეალურად, ერლინგ ჰოლანდის გადმობირების შანსიც სასწორზე დევს და თუ გვინდა ეს გოლიათი მოვიყვანოთ, აუცილებლად მოგვიწევს ოთხეულში შესვლა. 

ასეთი ამბავია. 

გუნდმა უნდა დაისვენოს, როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. 

მანამდე, დემბელეს ამბავიც დამთავრდება. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (26)

  • nika 54
    22 იან 2022, 11:50

    მშვენიერი მიმოხილვა იყო, ოღონდ მუნიაინს ჯერ ვეტერანს ნუ დაარქმევთ, მიუხედავად იმისა რო ატლეტიკში 17 წლიდან თამაშობს ძირითადში, გუნდის კაპიტანია, და ბილბაოსთანაც განუსაზღვრელი ვადით აქვს კონტრაქტი, რაც ჩვენ მესის ვერ გავუკეთეთ. ის მხოლოდ 29 წლისაა და მე მგონი ფეხბურთელისთვის სულაც არა საპენსიო ასაკის. სვა საქმეა რომ ხშირად ტრამვიანობს.

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》

    ციტატა: Giorgi99
    რომ ვიყიდოთ ეს უილიამსები? ერთი 20 მეორე 8 მილიონად არიან შეფასებული.


    ვიყიდით და დადებიან დემბელე კოუტინიო დამიჰერე,სადაც არიან იქ ითამაშებენ და გრანდებში მაგენი ვერ გაქაჩავენ, შეიძლება ერთი შეხედვით სხვანაირად ჩანს მაგრამ ასეთ ფეხბურთელებს კოჭებში ვცნობ, დაბალი დონის გუნდში იფრენენ მაგრამ გრანდში ვერაფერს იზამენ, ეგეთია რაულ დე ტომასიც ესპანიოლში როა, ბარსასთან მაგრად ითამაშა მაგრამ გრანდში ვერ გაქაჩავს


    გუშინაც პირველი გოლი გაუტანა ბეტისს მაგ RDT-მ, როგორც მაისურზე აწერია, მაგრამ მერე 4 გოლი მიიღო ესპანიოლმა. და აღარც ტომასი დამინახავს მოედანზე.

  • პავლოვიჩი56
    21 იან 2022, 17:16

    სტატიაში ყველაფერზეა საუბარი-შეფასება,თანაც საკმაოდ ობიექტური,მაგრამ …ბილბაოსაც ხომ ჰყავს "ბებრები" და ახალგაზრდები? ბარსას მთავარი პრობლემა ისაა,რომ, კლუბის-გუნდის სტრუქტურები ჩამოშლილია.სამწუხაროდ არ სჩანს,რომ ამ საკითხის აღმოფხვრაზე ვინმე მუშაობდეს… ყველა გაიძახის: ჩვენ ბარსა ვართ…მეგა ტრანსფერი-ჰოლანდი რეალურია… კარგი მომავალი გვაქვს და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ და ა.შ. ინტრიგანი პიკე გასაგდებია,დიახ,დიახ გასაგდები და + ბუსკეტსი,ალბა,შტეგენი. სასწრაფოდ გასაშვები არიან ლენგლე,დეპაი,ბრეტვაითი,დებილა,დესტი…მოკლედ გუნდი სრულ კოლაფსშია.

  • Albicelecte
    21 იან 2022, 16:47

    19 წლის აფრიკელი 33 წელს მიახლოებულ ალბას კი ჩაუქროლებდა;
    მაგ ფლანგზე კაცი არ გააჭაჭანეს, ეგაა საყურადღებო, გეგონება მემკვიდრეობით მიღებული საკარმიდამო იყოს rage

  • barsabarsa
    21 იან 2022, 16:18

    Reals bibao shexvda mougebs amjerad bilbao gadaaxevs burts tavze

  • EL MAESTRO 6
    21 იან 2022, 14:58

    ციტატა: Giorgi99
    რომ ვიყიდოთ ეს უილიამსები? ერთი 20 მეორე 8 მილიონად არიან შეფასებული.


    ვიყიდით და დადებიან დემბელე კოუტინიო დამიჰერე,სადაც არიან იქ ითამაშებენ და გრანდებში მაგენი ვერ გაქაჩავენ, შეიძლება ერთი შეხედვით სხვანაირად ჩანს მაგრამ ასეთ ფეხბურთელებს კოჭებში ვცნობ, დაბალი დონის გუნდში იფრენენ მაგრამ გრანდში ვერაფერს იზამენ, ეგეთია რაულ დე ტომასიც ესპანიოლში როა, ბარსასთან მაგრად ითამაშა მაგრამ გრანდში ვერ გაქაჩავს

  • Giorgi99
    21 იან 2022, 14:40

    რომ ვიყიდოთ ეს უილიამსები? ერთი 20 მეორე 8 მილიონად არიან შეფასებული.