"ბარსა" თავისივე ლეგენდების წინააღმდეგ

"ბარსა" თავისივე ლეგენდების წინააღმდეგ

სულ მალე გაირკვევა, შეძლებს თუ ვერა ლუის სუარესი შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. ეს მატჩი თუ გამოტოვა, მეორე წრეში შანსი კიდევ ექნება "კამპ ნოუზე" ითამაშოს და იმ დროისთვის სტადიონზე მაყურებელიც დაბრუნდება.  

საინტერესოა, გატანის შემთხვევაში აღნიშნავს თუ არა გოლს, ალბათ აღნიშნავს. "ლივერპულიდან" არავის გაუგდია, დიდი სიყვარულით გამოუშვეს და მათ კარში გატანილი გოლი მაინც აღნიშნა, "ბარსადან" კი ლამის წიხლით გააგდეს, ამიტომ რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რას მოიმოქმედებს.

მანამდე კი თვალი გადავავლოთ კლუბის ლეგენდებს, რომლებმაც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშეს.

რომარიო და რონალდო

ბრაზილიელები "ბარსას" წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის ეგიდით წარსდგნენ. კლუბი 100 წლის გახდა და მოლოდინი დიდი გვქონდა, ხელმძღვანელობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი "კამპ ნოუზე" ჩატარებულიყო და მიზანს მიაღწია, შემადგენლობა იდეალურად დაკომპლექტდა და რივალდომაც კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა, მაგრამ "ბარსა" მომავალმა ფინალისტებმა, "ბაიერნმა" და "მანჩესტერმა" მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩატოვეს.

სწორედ 100 წლიან იუბილეს უკავშირდება "ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრებთა დაპირისპირება. "ბარსას" რომელიმე ნაკრები უნდა მოეწვია, მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები იყო, მაგრამ "ბარსელონასა" და ბრაზილიას განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ, ამიტომ არჩევანი ბრაზილიაზე შეჩერდა.

ყვითლებს შეტევაში მრისხანე ტრიო ჰყავდათ - რივალდო, რონალდო და კაპიტანი რომარიო.

ასე დაბრუნდა "კამპ ნოუზე" ლეგენდარული "რო-რო".

"ფენომენო" "ბარსას" წინააღმდეგ

წესით და რიგით, მეტოქის რანგში მისი დაბრუნება "კამპ ნოუზე" უნდა შემდგარიყო, მაგრამ ძალიან უცნაური მიზეზის გამო ვერ ვიხილეთ, მაშინ, როცა "კლასიკო" მიმდინარეობდა, რონალდო ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშობდა. 

დღემდე ვერავის გაუგია, რატომ ამჯობინა "კლასიკოს" ამხანაგური შეხვედრა, მაგრამ ფაქტია, რომ 2002/03 წლების სეზონში, "კამპ ნოუზე" ჩასვლა არ ისურვა. სამაგიეროდ, "ბერნაბეუზე" დაგვიხვდა და გაგვიტანა. მომდევნო სეზონში კი "კამპ ნოუსაც" ეწვია, კვლავ გაიტანა და "რეალს" 2:1 მოაგებინა. იმ შეხვედრაში ტრავმის გამო არ უთამაშია "ბარსელონას" ახალ შენაძენ რონალდინიოს.

რონალდინიო

ოფიციალურ დონეზე "ბარსასთან" არასდროს გადავკვეთილა, სამაგიეროდ გამპერის თასზე ითამაშა. "მილანის" მოწვევის მთავარი მოტივი სწორედ რონალდინიო გახდა. რონის თავის წილი აპლოდისმენტები უნდა მოესმინა და მოისმინა კიდეც. კარლეს პუიოლმა კი თავის გუნდისკენ წააპორწიალა და სამახსოვრო ფოტოზეც აღბეჭდა.

მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. გოლი დავიდ ვილიამ გაიტანა. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ვილია, მესი და იბრაჰიმოვიჩი ერთად იყვნენ მოედანზე. სულ მცირე ხანში, იბრა "მილანში" გადაბარგდა და "ბარსას" წინააღმდეგაც არა ერთელ ითამაშა, თუმცა მას კლუბის ლეგენდად ვერ ჩავთვლი და გახსენებისგან თავს შევიკავებ.

სამაგიეროდ, ვილია კლუბის ლეგენდაა.

დავიდ ვილია

დავიდ ვილია "ატლეტიკოში" გადავიდა და სიმეონეს თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოაგებინა. ვერ ვიტყვით, რომ ვილია მთავარი დამრტყმელი ძალა იყო, მაგრამ უდიდესი წილი შეიტანა კლუბის წარმატებაში.

ვილიამ "ბარსას" დატოვებიდან მომდევნო სეზონში, ექვსჯერ ითამაშა ჩვენს წინააღმდეგ, ხუთი ფრე, ერთი მოგება - ასეთი იყო მისი შედეგი. დათმო ესპანეთის სუპერ თასი, სამაგიეროდ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გაგვაგდო და ლა ლიგის ბოლო ტურში საჩემპიონო ფრეს გამოკრა ხელი.  

არ ვიცი, გულდაწყვეტილი წავიდა თუ არა დავიდ ვილია, მაგრამ ყველგან თავ-ბედი გვაწყევლინა სადაც გადაგვეყარა, ჭკუა კი ვერაფრით ვისწავლეთ, რადგან ლუის სუარესიც "ატლეტიკოში" გავუშვით.

სამუელ ეტო’ო

ვილიასგან განსხვავებით, დაბოღმილი და საშინლად გაბრაზებული იყო სამუელ ეტო’ო, რომელმაც ასევე შური იძია და ოცნების კოშკები თავზე დაგვამხო. "ბარსას" შეეძლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი "ბერნაბეუზე" მოეგო. ამაზე დიდი მოტივაცია ალბათ არ არსებობს, მაგრამ გვარდიოლამ რაღაც ვერ გათვალა და ყველაფერი ნახევარფინალში დასრულდა. რაღაც კი არა, მგონი საერთოდ ვერაფერი გათვალა, ეტო’ოს გაშვებით დაწყებული, იბრაჰიმოვიჩის მოყვანით გაგრძელებული და დმიტრი ჩიგრინსკით დამთავრებული.

რომ არა ეს შეცდომა, "ბარსა" ზედიზედ მეორე ლიგას მოიგებდა და ისეთ ფორმაში იყო, რომ ვერც მესამე ლიგის მოგებაში შეეცილებოდა ვინმე. თუმცა, ერთი სეზონი ჩავარდა. სამ წელში ორი ლიგა მოვიგეთ, ხოლო სამუელ ეტო’ომ ზედიზედ ორი ტრიპლეტი მოიგო.

ლუიშ ფიგუ

ფიგუზე ბევრი დაგვიწერია, იმ ბანერზეც, რომელიც "კამპ ნოუზე" გამოფინეს - "ჩვენ ძალიან გვძულხარ, იმიტომ, რომ ძალიან გვიყვარდი."

დაგვიწერია ღორის თავზეც, მის ტრანსფერზეც, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე სკანდალური ტრანსფერია და არა მგონია რაიმე მსგავსი კიდევ მოხდეს. ნეიმარის ტრანსფერიც კი ვერ შეედრება სკანდალურობით.

მისი პირველი დაპირისპირება "ბარსელონასთან" "კამპ ნოუზე" შედგა. ძალიან არ სურდა დაბრუნება და ამბობდა აქ არასდროს დავბრუნდებიო, მაგრამ მაინც მოუწია პროფესიონალი ფეხბურთელის პასუხისმგებლობის აღება და დააბრუნეს. როგორ დახვდნენ მასპინძლები, ამის ახსნას აღარ დავიწყებ.

მხოლოდ ერთ ფრაგმენტს გავიხსენებ, ლუიშ ფიგუ მისთვის ნასროლ ღორის თავსაც კი არ გაუოცებია ისე, როგორც ტრიბუნაზე ნანახმა გააოცა, გაოგნებული უყურებდა "გასაბერ ქალს", რომელიც უკვე კარგა გვარიანად გაბერილი იყო და ზურგზე "ფიგუ" ეწერა.

ერთადერთი გოლი "ბერნაბეუზე" გაგვიტანა, 2001/02 წლების სეზონში და ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მწარე დღე იყო "ბარსას" ისტორიაში. 

დანი ალვესი

დანი რა უსამართლოდ გაუშვეს, ყველას გვახსოვს. ეტო’ოსი არ იყოს, ისიც ნაწყენი, თუმცა გამარჯვებული წავიდა. კლუბს მოლაპარაკებაზე უარი უთხრა და გუნდი უფასოდ დატოვა, შემდეგ ინტერვიუში იხსენებდა, ერთ სიამოვნებად ღირდა პირდაღებული ბართომეუს ნახვაო. ასეთი კაცია, ცოტა ვერაა, მაგრამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მარჯვენა მცველია, ბევრის აზრით კი ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველიც, მაგრამ France Football-მა მოახერხა და თავის სიმბოლური ნაკრების კანდიდატებშიც კი არ შეიყვანა.

ალვესის შურისძიება კი "იუვენტუსთან" ერთად დაგვატყდა თავს. "ბარსას" დატოვებიდან ზუსტად მომდევნო სეზონში, გასვლაზე 0-3 წავაგეთ, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 0-0 დასრულდა.

ძალიან ამაყი იყო, რადგან "ბარსას" დატოვების შემდეგ, ოთხი წელი კიდევ უმაღლეს დონეზე ითამაშა და ყოველ სეზონში ამტკიცებდა, რომ კლუბის ხელმძღვანელებმა ერთ-ერთი ყველაზე სულელური გადაწყვეტილება მიიღეს.

ასეთი ამბავია, როგორც ხედავთ, ლეგენდების დაბრუნებას კარგი არაფერი მოყვება ხოლმე. ვნახოთ სუარესის დაბრუნება რას მოგვიტანს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მწერალი [?]
    #2 18 ნოემბერი 2020 21:23
    0
    Iniesta. And messi,
    გეთანხმები, მაგრამ ინტრიგა იყო ნული.
    რონის შემთხვევაში გვარდიოლას ფაქტორი მაინც იყო.
    დანარჩენები შურისმაძიებლები არიან : )

    მარა შეიძლებოდა ორი სიტყვით აღნიშვნა.
    შენიშვნა მიღებულია.
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 ნოემბერი 2020 20:56
    2
    ისე ინიესტასაც უთამაშია ბარსას წინაამდეგ მართალია გოლი არ გაუტანია და არც მნიშვნელოვანი მატჩი იყო მაგრამ ინიმ ბარსას ბურთი დაუჭირა და ერთი ორჯერ კარგი დრიბლინგიც შემოგვთავაზა კარშიც დაარტყა მოკლედ ინიც მოტივირებული იყო ბარსასთან შეხვედრაში მემგონი აღნიშვნის ღირსი იყო რადგან ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი ლეგენდაა ბარსასთვის და არა მარტო აქ ჩამოთვლილთაგან