ჰოლანდიელმა ლეგენდა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა იოჰან კრუიფმა პასუხი გასცა მადრიდის “რეალის” დამრიგებელ ჟოზე მოურინიოს. როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა თქვა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დიდს არაფერს წარმოადგენს და ყველაზე მთავარი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. კრუიფმა სეუ ჟოზეს ამ კომენტარს სიცრუე უწოდა.
“მოურინიო არ არის მართალი. როგორ შეიძლება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი არ იყოს მნიშნველოვანი, როცა ამ ტურნირზე მოსახვედრად ჩემპიონთა ლიგის მოგებაა აუცილებელი?! “ბარსელონა” ბოლო დროს შესანიშნავად თამაშობს და ბევრ ტიტულს იგებს. ეს “ლურჯ–ბროწეულისფერების” თამაშის დამსახურებაა. ისინი სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებენ და ასიამოვნებენ გულშემატკივარს მსოფლიოს მასშტაბით.” –განაცხადა იოჰანმა.
როგორც უკვე იცით, კრუიფი ახლა კატალონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და მას დიდი ხნის შესვენების შემდეგ, 30 დეკემბერს მოუწევს მაროკოს წინააღმდეგ თამაში ამხანაგურ მატჩში.

