დღეს კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჯონათან დოს სანტოსმა კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. მექსიკელი ფეხბურთელი ლურჯ-ბროწეულისფერ მაისურს 2015 წლამდე ატარებს. ხელის მოწერას დაესწრნენ გუნდის პრეზიდენტი სანდრო როსელი და სხვა ხელმძღვანელობის წევრები.
დოს სანტოსმა “ბარსას” ოფიციალურ ტელეარხთან საუბარში შემდეგი რამ თქვა: “მე ყველა კატეგორია გავიარე და ვიბრძოდი. ეს გუნდი ძალიან მიყვარს, თუმცა ერთი პერიოდი წასვლაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ სულით მებრძოლი ვარ და დარჩენა გადავწყვიტე. მე გვარდიოსალაც ველაპარაკე და მან მითხრა, რომ თუ ასე გავაგრძელებ და კიდევ უფრო მოვინდომებ, იმის მიუხედავად, რომ პირველ გუნდში ბევრი ნახევარმცველია, მაინც მექნება შანსი თავის გამოჩენის. რაც შეეხება ეუსებიოს, მისტერი ძალიან მეხმარება და ჩემი იმედი ყოველთვის აქვს. უკვე დრო იყო გავმხდარიყავი გუნდის ლიდერი, რადგან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ვარ. ყველაფერს ვიზამ, რათა “ბარსა ბ-დან” პირველ შემადგენლობაში გადავიდე.”




