ადრიანო კორეია, კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრი, სანაკრებო ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ექიმებმა დაადასტურეს. ადრიანოს მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთში ტკივილები აღენიშნება და ამის გამო მან გუშინ ტრიბუნებიდან ადევნა თვალი ნაკრების ამხანაგურ შეხვედრას ეგვიპტელების წინააღმედგ.
კატალონიური კლუბის ცნობით ადრიანო კორეია საშუალოდ შვიდიდან ათ დღემდე იუქმებს. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ იგი გუნდს ვერ დაეხმარება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში, რომელიც “მილანის” წინააღმდეგ “სან სიროზე” 23 ნოემბერს გაიმართება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხსენებულ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს კლუბის კიდევ ერთი ბრაზილიელი მცველი, დანიელ ალვესი.


