“ბარსელონას” ქალთა გუნდის პოლონელი თავდამსხმელი ევა პაიორი ბოლო რამდენიმე დღეში მესამე “ელ კლასიკოს” ითამაშებს. როგორც “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ მეორე საუკეთესო ბომბარდირი (13 გოლი), მხოლოდ ალექსიას ჩამორჩება, რომელსაც ერთით მეტი აქვს გატანილი.
მან ითამაშა “ვოლფსბურგის” მაისურით “სპოტიფაი კამპ ნოუზე” და აცხადებს, რომ “ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია“, ახლა კი იმედოვნებს, რომ სტადიონი კვლავ გაივსება მეოთხედფინალის საპასუხო მატჩისთვის.
ის გაიზარდა ბიჭების გუნდებში თამაშით და ქალთა კერპების გარეშე და პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ თავად გახდეს ასეთი: “გოგონებს სურთ ჩვენნაირები იყვნენ“.
ცოტა ხნის წინ Mundo Deportivo-მ “ბარსას” ქალთა გუნდის საუკეთესო ბომბარდირთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბოლო დღეებში ორი “კლასიკო” და ორი გამარჯვება
– ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს. ძალიან კარგად ვითამაშეთ და ახლა გვიწევს თამაში “სპოტიფაი კამპ ნოუზე”. მზად ვართ და დიდი სურვილი გვაქვს. ლა ლიგის მატჩი დიდი ნაბიჯი იყო ტიტულთან დაახლოებისთვის. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ვართ კონცენტრირებულნი.
– პირველში მოიგეთ 6-2 სტუმრად, ძალიან განსაკუთრებული შედეგი “კულეებისთვის”. ვფიქრობ, იცი რატომ…
– რა თქმა უნდა. ძალიან განსაკუთრებული მატჩი იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგის იყო. ექვსი გოლი გავიტანეთ, თავიდან ბოლომდე ძალიან კარგად ვითამაშეთ. მატჩს ვაკონტროლებდით და ბევრი მომენტი შევქმენით. მახსოვს “ბერნაბეუზე” 2-6.
– მაშინ 12 წლის იყავი, წარმოგედგინა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი და “ბარსელონას” მოთამაშე გახდებოდი?
– როცა პატარა ვიყავი, ვთამაშობდი, რადგან ძალიან მიყვარდა. არ ვოცნებობდი აქამდე მოსვლაზე, “ბარსელონაში” თამაშზე, რადგან ტელევიზორში ქალთა ფეხბურთის ყურება შეუძლებელი იყო. არ აჩვენებდნენ. აქ ყოფნა პრივილეგიაა, ვგრძნობ სიამაყეს, რომ ამ კლუბის ნაწილი ვარ.
– გითქვამს ზოგ ინტერვიუში, რომ ბიჭებთან ერთად თამაშით იზრდებოდი. ძალიან მამაკაცური გარემო იყო?
– ჩემთვის ჩვეულებრივი იყო ბიჭებთან და ბიჭების გუნდებში თამაში. ერთადერთი გოგონა ვიყავი. თავს კარგად ვგრძნობდი, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი და ეს მარტივი არ იყო. ჩემი მწვრთნელი ძალიან დამეხმარა, მიფრთხილდებოდა. ახლა მას აკადემია აქვს და მე ერთ-ერთი სახე ვარ. ჩემს თანაგუნდელებთან ურთიერთობა შესანიშნავი იყო. ახლა სხვანაირია, ბევრი აკადემია გვაქვს, გოგონები უფრო ადრე იწყებენ თამაშს და ქალთა გუნდებში. ყველაფერი შეიცვალა, ძალიან ბედნიერი ვარ.
– ბავშვობაში ქალი კერპი გყავდა?
– სამწუხაროდ, არა. როგორც ვთქვი, ბავშვობაში ტელევიზიაში ქალთა ფეხბურთის ყურება არ შემეძლო. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, პატარა გოგონებს დავეხმაროთ, რომლებსაც ჩვენი ყურება შეუძლიათ. ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიყოთ მაგალითი პატარებისთვის. არიან გოგონები, რომლებსაც სურთ ჩვენნაირები იყვნენ. ეს ჩემთვის განსაკუთრებულია, მინდა საუკეთესო მივცე ქალთა ფეხბურთს.
– გადავიდეთ აწმყოზე. უკვე წელიწადნახევარია, აქ ხარ, ისეთია, როგორსაც წარმოიდგენდი?
– არასდროს მიოცნებია “ბარსელონაში” თამაშზე. ძალიან ვამაყობ. ყოველდღე ვტკბები აქ ყოფნით. ეს განსაკუთრებული კლუბია, უზარმაზარი, დიდი ისტორიით. გამაოცა გულშემატკივარმა. წარმოდგენილი მქონდა, მაგრამ როცა აქ მოვხვდი, შევძელი ამის შეგრძნება. ეს დაუჯერებელია. ვიცოდი, რომ “ბარსელონას” თავისი სტილი ჰქონდა, მაგრამ აქ ყოფნა და ამის მოედანზე შეგრძნება შესანიშნავია.
– რთული იყო ადაპტაცია საფეხბურთო თვალსაზრისით?
– მოედანზე პირველივე მომენტიდან ვიფიქრე: ვაუ, ეს სხვა რამ არის. მინდოდა, სწრაფად მესწავლა და ვფიქრობ, ახლაც ვაგრძელებ ამას. მთელი სამწვრთნელო შტაბი ძალიან პროფესიონალები არიან, გვაძლევენ ყველაფერს, რაც გვჭირდება. ყველაფერი მომზადებული და გაანალიზებულია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პერე ჩემი მწვრთნელია, რადგან ბევრს ვსწავლობ. მსიამოვნებს ეს სტილი. ყოველდღე ვსწავლობთ. ვარჯიშებზე ხარისხი და ინტენსივობა ძალიან მაღალია.
– ადრე ვარჯიშები გერმანულ ენაზე გქონდა, ახლა კი ესპანურად.
– ვიქტორი [სამორა, ფიზიკური მწვრთნელი] ორი წელი ცხოვრობდა გერმანიაში. პირველ სეზონში დამეხმარა, მაგრამ ზაფხულის შემდეგ უკვე მესმოდა. რადგან აქ ვარ და შემიძლია სწავლა, ვიყენებ ამ შესაძლებლობას.
– კატალანურთან როგორ ხარ?
– ვუსმენ გასახდელში, ბევრი ფეხბურთელი და მთელი შტაბი საუბრობს. ჩემთვის უფრო რთულია. ჯერ მინდა კარგად ვილაპარაკო ესპანურად. მაგრამ ვფიქრობ, ერთ დღეს კატალანურის სწავლასაც დავიწყებ. შესაძლოა ცოტა ლაპარაკიც შევძლო.
– რა მოგწონს კატალონიურ კულტურაში?
– კატალონიელები ძალიან ამაყობენ, რომ კატალონიელები არიან. ეს ძალიან განსაკუთრებულია. მომწონს არქიტექტურა და წმინდა გიორგი. ასევე კასტელიერები, ძალიან ლამაზია. ყოველდღე ვტკბები ბარსელონათი. ძალიან ლამაზია. თავს კომფორტულად ვგრძნობ.
– დავუბრუნდეთ ფეხბურთს. კლუბში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ვინც უნახავთ.
– ვისწავლე, რომ მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა ფიზიკურად და მენტალურად. ვაკვირდები რას ვჭამ, ძილის ხარისხს, რას ვაკეთებ ვარჯიშამდე და შემდეგ, როგორ ვიღდგენ ძალებს… მომწონს ჩემი სხეულისა და გონების მოვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებისთვის, ახლა ბევრი მატჩი გვაქვს და ბევრი რამ ხდება ჩვენს გარშემო. ზოგჯერ ეს ძალიან პატარა დეტალებია. მაგრამ თუ ამას ასრულებ, განსხვავებას ქმნის.
– და მენტალურად როგორ მუშაობ?
ვმუშაობ ჩემს ფსიქოლოგთან. ის მეხმარება ჩემი ემოციების გაგებაში, როგორ მოვემზადო მატჩებისთვის. როგორ ვიყო მშვიდად. ვაკეთებ სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციასა და იოგას. მივდივარ მთაში, რადგან ეს მეხმარება მშვიდად ყოფნაში. ასევე სანაპიროზე. ეს პატარა რაღაცებია, რომლებიც მეხმარება უფრო სწრაფად აღდგენაში.
– “კამპ ნოუზე” უკვე გითამაშია. რა გახსენდება იმ დღიდან?
– ძალიან რთული იყო. არა მხოლოდ პირველი წუთიდან, მანამდეც. ატმოსფერო… ასეთი რამ არასდროს მიგრძვნია. ხმაური უზარმაზარი იყო. ისინი გუნდს უბიძგებდნენ და გუნდი ამ ენერგიას იღებდა და მატჩში დებდა. პირველივე წუთიდან ძალიან რთული იყო. წავაგეთ 1-5. ატმოსფერო საოცარი იყო. “ბარსელონამ” ძალიან კარგად ითამაშა. მახსოვს, რომ მატჩის შემდეგ ყველა ფეხბურთელი დარჩა სტადიონზე გამარჯვების აღსანიშნავად. ასეთი რამ არასდროს განმიცდია. იმედი მაქვს, ხუთშაბათს ამას ისევ ვიგრძნობ, მაგრამ უკვე “ბარსელონას” მაისურით. იმედი მაქვს, სტადიონი გაივსება. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის.
ეს ვაბშე ვინაა :დდ
ახალი ვარსკვლავი?