შეიძლება დღეს ალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინ ფერმინ ლოპესს „ბარსელონაში“ მომავალი არ ჰქონდა. 2022 წლის აგვისტოში, როდესაც ფერმინი 19 წლის იყო, კატალონიური კლუბის სარეზერვო გუნდშიც კი არ მიიჩნიეს საკმარისად კარგ მოთამაშედ. მისთვის ადგილი არ მოიძებნა და იჯარით გაუშვეს მესამე დივიზიონის „ლინარეს დეპორტივოში“. ლინარესი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში, ხაენის პროვინციაში მდებარეობს, ეს ადგილი ზეთისხილის წარმოებით არის ცნობილი. გარკვეულწილად სწორედ ამან შეუწყო ხელი ფერმინის „ბარსელონაში“ დაბრუნებას. როგორ? ჰმ… აბა, მოვყვეთ.
ჩავის ლინარესში მეგობარი ჰყავდა, რომელიც ხშურად უგზავნიდა ზეთისხილის ზეთს. 2022-23 წლების სეზონის დაწყებიდან რამდენიმე თვეში, იმ შემოდგომაზე, როცა ისინი კაცმა არ იცის რაზე საუბრობდნენ, ამ მეგობარმა ჩავის დიდი ენთუზიაზმით უამბო ახალგაზრდა ბიჭზე, რომელიც „ლინარეს დეპორტივოში“ „ბარსელონას” ჰყავდა განათხოვრებული. ამის შემდეგ ჩავიმ ფერმინის პროგრესს უფრო ყურადღებით მიადევნა თვალი. იმ სეზონში ფერმინმა „ლინარესის“ მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო გუნდი მეექვსე ადგილზე გავიდა (პლეი-ოფის ზონას მცირედით ჩამორჩა) პარალელურად „ბარსელონა“ ლა ლიგის ჩემპიონი გახდა, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ პირველად.
2023-24 წლების სეზონის დაწყებამდე ჩავიმ ფერმინი დააბრუნა და პირველ გუნდში ავარჯიშა. ამ დროს ოცი წლისა იყო, მწვრთნელებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბებიდან შეთავაზებებს იღებდა. თუმცა ჩავიმ უარი თქვა მის გაყიდვაზე, ფერმინის დატოვება მოითხოვა და ამერიკაშიც წაიყვანა წინასასეზონო ტურნეში. ტურნეს მესამე მატჩში დადგა გადამწყვეტი მომენტი. ფერმინი სათადარიგოთა სკამიდან შევიდა მოედანზე „რეალ მადრიდის“ წინააღმდეგ და ბრწყინვალე გოლი გაიტანა, რითაც ანგარიში 2:0 გახდა „ბარსელონას“ სასარგებლოდ, შემდეგ კი ფერან ტორესს მესამე გოლი გაატანინა. აშკარა იყო, რომ ჩავის და მის მეგობარს სწორი მოლოდინი ჰქონდათ. ერთი თვის შემდეგ მისი დებიუტი ოფიციალურ მატჩშიც შედგა, ბარსამ “ვილიარეალი” 4:3 დაამარცხა. ორი დღის შემდეგ კი ფერმინმა ახალი კონტრაქტი გააფორმა. გამოსასყიდ თანხად 400 მილიონი ევრო ჩაიწერა.
სეზონი წარმატებული ვერ გამოდგა, ჩავი გაათავისუფლეს, ფერმინს კი ყოველთვის ეძლეოდა სათამაშო დრო. სეზონში 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა. უმეტესად ცვლილებაზე უწევდა შესვლა. მიუხედავად ამისა 11 გოლი შეაგდო და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ეს შეუმჩნეველი რა თქმა უნდა ვერ დარჩებოდა, ჰოდა, გაისმა ზარი ესპანეთის ნაკრებიდანაც. იმავე ზაფხულს კი ოლიმპიური ოქრო მოიგო ნაკრებთან ერთად.
ფლიკის მოსვლის შემდეგ მისი როლი თითქოს არ შეცვლილა, ითვლებოდა სათადარიგო მოთამაშედ და ისე ერთვებოდა თამაშში. სარგებელი ყოველთვის მოჰქონდა, ფლიკის ხელში 46 მატჩში მიიღო მონაწილეობა, შეაგდო რვა გოლი და შეასრულა 10 საგოლე გადაცემა. თავდაპირველად ფლიკი პედრის გვერდით დანი ოლმოს განიხილავდა, რომელმაც ძალიან მაგრად დაიწყო “ბარსელონაში”, მაგრამ მერე ტრავმა იყო, რეგისტრირების პრობემლემაც იყო და ოლმოს ვერ წაუვიდა საქმე კარგად, სამაგიეროდ, ფერმინმა დაიწყო განვითარება და აღარც გაჩერებულა. მიმდინარე სეზონი კი ჯერჯერობით მისი პიკია, ახლა ვარსკვლავივით თამაშობს და კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. უკვე 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი შეაგდო და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. ჩემპიონთა ლიგაზე უმეტესად ძირითადში იყო, ლა ლიგაში 10 მატჩში დაიწყო სასტარტოში, შვიდჯერ შეცვლაზე შევიდა.
დრო გაეზარდა პედრის, ოლმოს, გავისა და რაფინიას ტრავმების გამო. დაზიანება ფერმინსაც ჰქონია, მაგრამ როგორც წესი, სწრაფად ბრუნდება ხოლმე მოედანზე. ამ პირობებში მთავარი კონკურენტები, ოლმო და ფერმინი ერთადაც ვნახეთ მოედანზე, ხან ერთი იკავებს მარცხენა გარემარბის პოზიციას, ხან მეორე. თუმცა, ერთსაც და მეორესაც, უფრო ცენტრში ურჩევნია თამაში. ამ დროისთვის ფერმინს სარგებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მის ანგარიშზე ყოველ 82 წუთში გოლი ან ასისტი მოდის. შედარებისთვის ლამინე იამალს ამისთვის 99.6 წუთი სჭირდება.
ფერმინის დაკარგვას ბარსა მეორედაც გადაურჩა, ამჯერად საქმე არა ლინარესს, არამედ ლონდონს ეხებოდა, ესე იგი, მისი წასვლის გაცილებით დიდი შანსი იყო. ზაფხულში “ჩელსის” სურდა მისი შეძენა და 40 მილიონიც შესთავაზეს ბარსას, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა. უცნობია ვინ ჩაშალა გარიგება, თუ ბარსადან მოიქცა ვინმე ასე, გამოდის, რომ ძალიან ჭკვიანურად მოქცეულა. 21 იანვარს ფერმინმა დუბლი შეასრულა “სლავიასთან”, რამდენიმე დღეში კი ახალი კონტრაქტი გააფორმა. ძველი 2029 წელს იწურებოდა, ამჟამინდელი კი 2031 წლამდე განისაზღვრა. რა თქმა უნდა, ხელფასიც გაუმჯობესდა – გაორმაგდა.
მატჩის მერე ფლიკმაც შეაქო:
წინ კი ახალი გამოწვევებია. ბარსამ ერთი ტიტული უკვე მოიგო, სამ ტურნირზე კი აგრძელებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. სულ მალე თასის ნახევარფინალს ითამაშებს, მერე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებიც დაიწყება, ლა ლიგაში კი ძალიან დაძაბული ბრძოლაა. ვნახოთ რას იზამს ფერმინი, ვნახოთ რას იზამს ბარსა.
ძალიან მაგარი ბიჭია
ოლიმპიური ოქრო კი არ მოიგო, ოლიმპიადის საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ნაკრების გამოკვეთილი ლიდერიც და ბომბარდირიც
სტაბილურობას მოუმატოს და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს
და ჩელსის 50 უნდოდა ეს ოქროს ბიჭიი🖕🏻
ჩაკეტილ თამაშებში არ ჩანს საერთოდ და არასტაბილურია,ღორობას უნდა მოეშვას კიდე თორე არ გამოვა არაფერი,აი გახსნილ თამაშებში მაგრად დარბის ცარიელ ზონებში და კარებზე არის დაგეშილი სულ,ეგ მომწონს რომ მებრძოლი ტიპია.
სულ ამის ქებაში ვარ ძალიან მომწონს. მუდამ კარში დარტყმაზეა დაგეშილი.