ოთხშაბათს “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში “დორტმუნდს” უმასპინძლებს. “ბლაუგრანა” ტურნირის მეოთხედფინალში გერმანულ კლუბს მეოთხედ დაუპირისპირდება. წინა სამიდან ორ შემთხვევაში კატალონიელებმა გერმანელების ბარიერი გადალახეს და 1/2-ფინალში გავიდნენ.
“ბარსა” გერმანულ გუნდს პირველად 2007/08 წლების სეზონში დაუპირისპირდა. ფრანკ რაიკაარდის მიერ გაწვრთნილმა “ბარსელონამ” პირველი მატჩი “შალკესთან” სტუმრად ბოიან კრკიჩის გოლის წყალობით 1-0 მოიგო. საპასუხო შეხვედრაში ასევე “ბლაუგრანამ” იაია ტურეს ბურთით იმავე ანგარიშით გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
მომდევნო სეზონში “ბარსელონას” 1/4-ფინალში ისევ გერმანული კლუბი შეხვდა, მაგრამ ამჯერად “ბაიერნი”. პეპ გვარდილას მაშინდელმა გუნდმა “რეკორდმაისტერი” შინ 4-0 გაანადგურა, სტუმრად კი ფრეს (1-1) დასჯერდა. ხსენებული სეზონი კატალონიელებმა ტრებლით დაასრულეს.
ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური დაპირისპირება გერმანულ გუნდთან ბოლოს 2020 წელს შედგა, როდესაც კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა. სწორედ მაშინ მოხდა ავადსახსენებელი 2-8 “ბაიერნთან”…
ეს ბოლო სტრიქონი აუცილებელი იყო რო დაგემატებინათ?
ერთი პირობა იყო 12 წლიანი პერიოდი, როცა შავ დღეში ჰყავდა ბუნდესკლუბები….2001-2013