ხვალ “ბარსელონას” პირველი გუნდი წინასასეზონო მზადებას დაიწყებს. “ბლაუგრანა” პრესეზონის ფარგლებში ამერიკულ ტურნეს მოაწყობს, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდება. ამის მიზეზი ევროპის ჩემპიონატი, კოპა ამერიკა და ტრავმებია.
ესპანეთის ნაკრებში “ბარსას” 4 მოთამაშეა გამოძახებული. “ფურია როხა” ევროპის ჩემპიონატის 1/2-ფინალში იმყოფება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლამინ იამალი, პედრი, ფერან ტორესი და ფერმინ ლოპესი პრესეზონს გამოტოვებენ. იგივე ეხება ჟიულ კუნდესაც, რომელიც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ასევე ნახევარფინალშია. ცნობისთვის, ესპანეთი და საფრანგეთი ერთმანეთს დღეს 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.
ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კლუბმა ფეხბურთელებს 3-კვირიანი შვებულება უნდა მისცეს. ხსენებული მოთამაშეები, ტრავმირებული პედრის გარდა, აგვისტოს დასაწყისში დაბრუნდებიან, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ პრესეზონის მატჩებში მონაწილეობა მიიღონ.
“ბლაუგრანას” წინასასეზონო მზადებაზე ასევე ვერ გაჰყვება რონალდ არაუხო, რომელიც პედრის მსგავსად, ტრავმირებულია. დაზიანების გამო პრესეზონს ასევე გამოტოვებს ფრენკი დე იონგი.
ჰანსი ფლიკის განკარგულებაში წინასასეზონო მზადებაზე ასევე არ იქნებიან პაუ კუბარსი და ერიკ გარსია, რომლებიც ოლიმპიადაზე ითამაშებენ. ოლიმპიადაზე, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს ფერმინმაც.
“ბარსა” პრესეზონის პირველ მატჩს 31 ივლისს “მანჩესტერ სიტისთან” გამართავს, რასაც 3 და 7 აგვისტოს, შესაბამისად, “რეალ მადრიდთან” და “მილანთან” შეხვედრები მოჰყვება.
არაუხოს ტრამვაზე არაფერი გვეკუთვნის?