სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი იყო. ამ თამაშის მოგების შემთხვევაში ჩავი ისევ იტყოდა რომ სამივე ტურნირზე აგრძელებს ბრძოლას. ახლა იმ ჩემპიონატს გამოეთიშა რომლის მოგების შანსი მართლაც ჰქონდა, და იმ ორ ტურნირზე დარჩა რომლის მოგების შანსიც ძალიან დაბალია. ფაქტობრივად უშანსოდ არის.
ესე იგი, ამ მატჩის მერე, პირველი რაც ადამიანს თავში მოუვა, არის ის რომ სეზონი უტიტულოდ დასრულდება.
დიდი ნაბიჯი უკან
გუნდი ვერ ვითარდება, სიახლეს ვერ გვთავაზობს, მოტივაციის დიდი ნაკლებობაა, ვერც ინოვაციურს ვხედავთ რამეს, ვერც ერთიან სულისკვეთებას, ჰოდა, სხვა რაში უნდა დაეტყოს გუნდს მწვრთნელის ხელი არ ვიცი. ეგეთი საშინელი შემადგენლობაც არ არის თავმოყრილი რომ ასე ცუდად თამაშობდნენ. კი ბატონო, არის წერტილები სადაც პრობლემებია – მეკარის პოზიცია – შტეგენის ტრავმის გამო. საყრდენის პოზიცია – იმიტომ, რომ კლასიკური საყრდენი მხოლოდ რომეუ, რომლის თამაშიც ათას სხვა პრობლემას იწვევს. ფორვარდის პოზიცია – ლევანდოვსკიმ სტაბილურობა დაკარგა, თუმცა, მთლიანად გუნდიც ასეთ დღეშია.
ბრუნო გიმარაეშზე კი მხოლოდ ოცნება შეგვიძლია. “ნიუკასლი” იმდენს გადაუხდის რამდენსაც მოისურვებს. მზარდი პროექტია. “ბარსას” მომავალი კი ძალიან ბუნდოვანია.
ისევ საწყისი წუთები
ეს უკვე წინასწარ ვიცით – თამაში დაიწყება და მეტოქე აუცილებლად შექმნის სახიფათო მომენტს, იმიტომ, რომ თამაშის დასაწყისში “ბარსას” სძინავს. მერე ვიღაცებს გააქვთ, ვიღაცებს ვერა. აი, “ბილბაომ” გაიტანა. წამები დასჭირდათ ამისთვის. ჰოდა, თავში დამარტყა – მოდი გადავთვალოთ ერთი ამ სეზონში რამდენჯერ მოხდა ეს “მოულოდნელობა”.
- ვინისიუს ჟუნიორმა მეშვიდე წუთზე დალაშქრა “ბარსას” კარი.
- მუნირ ელ ჰადადიმ მეთორმეტე წუთზე.
- ხულიან კუინონესი – ასევე მეთორმეტე წუთზე გახდა გოლის ავტორი.
- არტურ ვერმეერენი – მეორე წუთზე დაგვცა თავზარი.
- არტიომ დოვბიკი – ისევ მეთორმეტე წუთი ჩემო ბატონო.
- სამუ ომოროდიონი – მეთვრამეტე წამი!!! იმაზე ადრე, ვიდრე გურუზეტამ შეაგდო.
- ბრაიან სარაგოსა – მეჩვიდმეტე წამი!!!!! – რა ხდება ჩვენს თავს?!
- ცედატ მურიქი – მერვე წუთი. მთელი რვა წუთი დასჭირდა “მალიორკას” გოლის შესაგდებად.
ეს მხოლოდ გაშვებული გოლებია, მაგრამ ღმერთმანი, ამ სეზონში იმდენჯერ მახსოვს, თამაში იწყება თუ არა მეტოქე 100%-იან მომენტს ქმნის, ჯერ მარტო შტეგენს ჰყავს გუნდი უამრავჯერ გადარჩენილი.
რადგან მე დავინახე და პატარა სტატისტიკური ანალიზიც გავაკეთე, ესე იგი, ჩავის პატივცემულ ძმას ეს სტატისტიკა გადაღეჭილი აქვს, ყველა ის გოლი ასჯერ აქვს ნანახი, რომელიც საწყის წუთზე აქვს “ბარსას” გაშვებული, მაგრამ მაინც ვერაფერს შველიან ამ ამბავს.
წინასწარ იციან, რომ ეს მოხდება, და მაინც ხდება.
გასახდელი წარმოიდგინეთ – პირველივე წუთებიდანვე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ ძმებო! პირველივე წამებიდანვე!!! გადიან მოედანზე და.. გოლი.
ეს რა ჭირი გვჭირს ტო..
კიდევ უფრო განსაცვიფრებელია ეს სტატისტიკა იმის ფონზე რომ ეს დაცვის ხაზი წინა სეზონში საუკეთესო იყო, არა მხოლოდ ლა ლიგაში, არამედ ტოპ 5 ლიგაში. რაღაცას არა სწორად აკეთებთ ძმებო. ერნანდესებო.
ლამინე.. ლამინე..
შეეძლო თამაში მოეკლა. ერთი გოლი და იქვე დამთავრდებოდა ყველაფერი. ძალიან კარგი შანსი ჰქონდა და ვერ გამოიყენა. ასაკმა მოქაჩა, ფეხი დაუდო, ყურში ჩასჩურჩულა, ნაადრევად აზეიმა და საბოლოოდ გააფუჭებინა. ეს ხმა ნელ-ნელა გაქრება, ზრდასთან ერთად. მერე ვეღარც მოქაჩავს და ვეღარც ნაადრევად ეტყვის რამეს.
გოლი კიდევ გადასარევი იყო. ამ სეზონში ეს მესისა თუ რობენის მანევრი ბევრჯერ შეუსრულებია და ბურთი სულ პერესის ბოსტანში გადავრდნილა. ამჯერად კიდევ საოცარი გოლი შეაგდო. 16 წლის არის!
ბოლოს ასეთი მაგარი 16 წლის ფეხბურთელი სად ნახეთ? ასეთი მაგარი გოლი რომ შეეგდოს. მე რუნი მახსენდება, მაგრამ.. რუნი ხომ თქვენც გახსოვთ? მაიკ ტაისონის ტანზე იყო, შემოვარდა “არსენალთან” და ვიეირას მთელი ტანით შეასკდა. უკვე მზად იყო პრემიერლიგისთვის. ლამინე კიდე გაძვალტყავებულია. თუ რამეს ქმნის ტექნიკისა და სწორი თამაშის ხარჯზე. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ღმერთმა ქნას აცდეს ტრავმებს, და ანსუ ფატივით არ წაიღოს მისი ნიჭი.
ეს არაფერი. გვიპატიებია. ასეთებს თუ არ გააფუჭებ ვერც გაიზრდები.
ახლა რა ვქნათ?
ახლა “ნაპოლის” უნდა დაველოდოთ. თვეზე ნაკლები დარჩა. კვარა მოვა და ჩვენც მივალთ კვარასთან. “ნაპოლი” ცუდ დღეშია. “ბარსასი” არ იყოს.. არ არის გამორიცხული, ერთი თვის მერე, კვარასთან ერთად ჟოზე მოურინიოც ვნახოთ.
ნიკო ვილიამსი მომწონს ძალიან ატლეტიკიდან ტიპი უნიჭიერესია და რატომ არასდროს არ დაფიქრებულან მაგის ტრანსფერზე? ვინც გვყვავს ახლა შეტევაში ყველას ჯობია