ზედიზედ 5 თამაშის ნეიტრალურ ან მეტოქის მოედანზე ჩატარების შემდეგ “ბარსელონა” “კამპ ნოუს” უბრუნდება და ევროპის უდიდეს არენაზე წელს პირველად ითამაშებს.
ვბრუნდებით ლა ლიგაზეც – ტურნირზე, რომელსაც სამქულიანი უპირატესობით ვლიდერობთ. ბოლო 3 მატჩიდან “ბარსამ” ერთი ესპანეთის თასზე ჩაატარა, ორი კი სუპერ თასზე, ახლა კი ჩემპიონატის ჯერია.
დღესვე “რეალ მადრიდს” “ბილბაოსთან” რთული გასვლითი შეხვედრა ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” მდევართან უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი აქვს. თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ჩავის გუნდმა ცუდ ფორმაში მყოფი “ხეტაფე” დაამარცხოს.
სათამაშო ფორმა
2023 წლის დაწყების შემდეგ “ბარსელონა” მუდმივად კარგ შედეგს აფიქსირებს. თავიდან კითხვის ნიშნები თამაშის ხარისხთან დაკავშირებით იყო, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში ჩავის გუნდს არც ეს დაეწუნება. მესამელიგელი “სეუტა” “ბარსას” თამაშის ხარისხის საზომად ნამდვილად არ გამოდგება, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით “რეალ მადრიდზე”. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს “ბლაუგრანა” კარგ ფორმაშია.
მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ “ბარსამ” საშინაო კედლებში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა და ფრედ ითამაშა. ეს ნიშნავს, რომ “კამპ ნოუზე” მასპინძლებს 2022 წლის 5 ნოემბრის შემდეგ არ მოუგიათ.
“ხეტაფეს” ბოლო 3 თამაში წაგებული აქვს – 2 ლა ლიგაში და ერთიც ესპანეთის თასზე. მადრიდულმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 კი დათმო.
დანაკლისი
“ბარსელონას” ორი ფეხბურთელი აკლია – რობერტ ლევანდოვსკი და ფერან ტორესი დისკვალიფიცირებულები არიან.
“ხეტაფეს” ტრავმირებული მაურო არამბარი არ ეყოლება, ხოლო “ბარსას” აღზრდილი მუნირ ელ ჰადადის თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს აქამდე ერთმანეთთან 38-ჯერ უთამაშიათ. “ბარსას”, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა აქვს – 27 მოგება, 7 ფრე, 4 მარცხი, 86 გატანილი და 30 გაშვებული გოლი.
“ხეტაფესთან” გამართული ბოლო 21 თამაშიდან “ბარსელონამ” მხოლოდ 1 დათმო, ისიც მეტოქის მოედანზე. “კამპ ნოუზე” კატალონიელებს მადრიდელებთან არასდროს წაუგიათ. 19 მატჩიდან 15 მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 4 ფრედ.
არბიტრი
შეხვედრას ხავიერ იგლესიას ვილიანუევა განსჯის.
ვილიანუევა 39 წლისაა. მან მსაჯობა 2007 წელს დაიწყო, 11 წლის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდა, უმაღლეს ლიგაში კი პირველ სეზონს და მხოლოდ მე-9 თამაშს ატარებს.
კარიერის განმავლობაში იგლესიას ვილიანუევა თამაშში საშუალოდ 25 ჯარიმასა და 0.25 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.5 ყვითელ და 0.3 წითელ ბარათს უჩვენებს.
როგორც “ბარსას”, ასევე “ხეტაფეს” მატჩში ვილიანუევა პირველად იმსაჯებს.
სტატისტიკა
- “ხეტაფეს” “კამპ ნოუზე” არასდროს მოუგია;
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 13 თამაშიდან 11-ში სამი ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 13 თამაშიდან 12-ში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ბოლო 7 თამაშიდან ექვსში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და მთლიანად შეხვედრაც;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან ექვსში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- “ბარსელონასა” და “ხეტაფეს” ბოლო 8 დაპირისპირებაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 15 თამაშიდან 13 მოიგო;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
- “ბარსელონა” ბოლო 6 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონა” ბოლო 6 თამაშში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10-ზე მეტ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ხეტაფეს” ბოლო 3 თამაში წაგებული აქვს;
- “ხეტაფეს” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.18 ანიჭებენ, რაც მოგების 85%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 70%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ფატი, დემბელე.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ფატი, დემბელე.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, გავი, დემბელე, ფატი, პედრი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, კუნდე, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, გავი, პედრი, რაფინია, ფატი, დემბელე.
პროგნოზი
- WhoScored: 2-0
- Sportsmole: 2-0
- Sportskeeda: 3-1
- 90min: 3-0
დღეს ძალების დაზოგვით უნდა მოიგონ ეს იგრა თორე შუა კვირაში სოსიედადთან გვაქვს რთული სათასო თამაში
ხეტაფესადმი დიდ პატივისცემის მიუხედავად კარგი იქნება თუ დატოვებენ 3 ქულას და ძალიან არ დაგვძაბავენ, წინ კიდევ ბევრი თამაშია და ცოტა ძალების შენარჩუნებაც გვინდა.