“ბარსელონას” უდიდესი გამარჯვება, მადრიდის “რეალის” მარცხი ვალენსიაში და კრიშტიანუ რონალდუსა და ჟოზე მოურინიოს განცხადებები – ეს არის სამი ყველაზე განხილვადი თემა მიმდინარე დღეებში.
სატურნირო ცხრილს ლიდერობენ “ვალენსია” და “ბეტისი”, რომლებმაც სამი გამარჯვება მოიპოვეს. მეოთხე ტურის დასრულების შემდეგ არ დარჩა ისეთი გუნდი, რომელსაც “გაშვებული გოლების” გრაფაში “0” ეწერებოდა. სამხრეთ ამერიკელმა ლიონელ მესიმ და რადამელ ფალკაომ სამ-სამი გოლი გაიტანეს, თუმცა ტურის განსაკუთრებულად ღირებული ფეხბურთელი გახდა სესკ ფაბრეგასი, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა “კამპ ნოუზე”. “ვილიარეალი”, რომელიც სავარაუდოდ მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს, ჯერ-ჯერობით არც მეტი, არც ნაკლები მეცხრამეტე პოზიციას სჯერდება. რაც შეეხება “სპორტინგს”, სამი მარცხით ის სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზეა.
პრიმერა. საერთო სტატისტიკა:
ყველაზე დიდი დასწრება: 95,000 მაყურებელი, “ბარსელონა” – “ვილიარეალი” (მეორე ტური)
ყველაზე ცოტა დასწრება: 9,000 მაყურებელი, “ხეტაფე” – “რაიო ვალიეკანო” (მეოთხე ტური)
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება: 8:0, “ბარსელონა” – “ოსასუნა” (მეოთხე ტური)
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება: 0:6, “სარაგოსა” – “რეალი” (მეორე ტური)
გოლების ცვენა: 8, “ბარსელონა” – “ოსასუნა” 8:0 (მეოთხე ტური)
ტურის მოვლენები:
– საწყალმა “ოსასუნამ”, რომელსაც “ბარსამ” “კამპ ნოუზე” “გადაუარა”, გაიმეორა თავისი მარცხის რეკორდი. მათი ისტორიის მანძილზე 0:8 ყველაზე დიდი მარცხია. 1958/59 წლებში “ოსასუნელებმა” ასეთივე ანგარიშით დათმეს მატჩი სტუმრად მადრიდის “რეალთან”.
– 1996/97 წლების შემდეგ საშინაო არენაზე “ბარსას” არასდროს გაუტანია 8 გოლი.
– “ოსასუნა” დავიდ ვილიას საყვარელი მსხვერპლია. პრიმერას ეგიდით გამართულ მატჩებში “ბარსას” ფორვარდმა პამპლონელების კარი ცამეტჯერ აიღო. ასტურიელს არანაკლებ უყვარს “ატლეტიკი”, “დეპორტივო” და “სევილია”. თითოეულ მათგანს ვილიამ 11-11 გოლი აჩუქა.
– გამაოგნებელი შედეგების დემონსტრირებას აგრძელებს რობერტო სოლდადო. ლა ლიგის ბოლო 12 შეხვერდაში (იგულისხმება გასული სეზონის მატჩებიც), მან 17 გოლის გატანა მოახერხა.
– ბასკების მწვრთნელი უნაი ემერი “ღამურების” ისტორიაში შევიდა. “ხიხონთან” გამარჯვება გახდა 26-ე “მესტალიის” ფარგლებს გარეთ. ამ მხრივ ემერიმ გადაუსწრო ყოფილ მწვრთნელებს, ბენიტესსა და კინკოსესას, რომლებსაც გასვლით მატჩებში 25-25 გამარჯვებები ჰქონდათ.
– იკეჩუკვუ უჩემ 1976 წლის 9 მაისის შემდეგ პრიმერაში “გრანადას” სახელით პირველი გოლი გაიტანა.
– ბოლო 53 წლის განმავლობაში პირველად, “ბეტისმა” ლა ლიგის ყველა შეხვედრა მოიგო (ჯამში სამი).
– ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ, სამი ხედირას გაძევება “რეალისთვის” რიგით მეთხუთმეტე გახდა: 8 წითელი ბარათი ლა ლიგაში, 2 კოპა დელ რეიში, 4 ჩემპიონთა ლიგაში, 1 ესპანეთის სუპერთასში.
– “ვისენტე კალდერონეს” ბოლო ექვსი წელია თავისი ფეხბურთელის მიერ შესრულებული ჰეთ-თრიკი არ უნახავს. დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ეს ფალკაომ მოახერხა.
– ტურის ყველაზე ცუდი არბიტრაჟი: ტურიენსო ალვარესი (კასტილია და ლეონი), “ლევანტესა” და მადრიდის “რეალის” მატჩში. ვერ დანახა “ლევანტეს” ფეხბურთელის ხელით თამაში საკუთარ საჯარიმოში; არ დანიშნა კუთხური მადრიდელთა სასარგებლოდ; მოედნიდან არ გააძევა “ლევანტეს” რუბენ სუარესი, როდესაც ამ უკანასკნელმა უკნიდან ფეხებში ვარდნით წააქცია რონალდუ. სამაგიეროდ, დამსახურებული წითელი ბარათი აჩუქა სამი ხედირას.