Ah Shit, Here We Go Again. ზედიზედ მეორე სეზონია, იმის თვლა გვიწევს, რა შემთხვევაში გავდივართ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან და რა შემთხვევაში ვერა. შარშან არითმეტიკაში კი ვივარგეთ და დავითვალეთ, მაგრამ მოედანზე ვერა… იმედია, წელს მაინც ვივარგებთ.
დღეს ერთი ბურთის სხვაობით მოგება ნიშნავს იმას, რომ მომდევნო ეტაპზე გარანტირებულად გასასვლელად დარჩენილი ორი შეხვედრის მოგება და “ინტერზე” უკეთესი ბურთების სხვაობა დაგვჭირდება, ან ბოლო ორ ტურში იმდენივე ქულის აღება, რამდენსაც “ინტერი” აიღებს და მილანელებზე უკეთესი ბურთების სხვაობა.
თუ დღეს 2 ან მეტი ბურთის სხვაობით მოვიგებთ, ჩვენი მდგომარეობა ბევრად უკეთესი იქნება. აღარ დავითვლით, რამდენი ბურთის სხვაობით აჯობებს “ინტერი” “პლზენს” მომდევნო ტურში და თუ ჩვენ “ბაიერნთან” “კამპ ნოუზე” ფრედ ვითამაშებთ, “ინტერს” ბოლო ტურში ქულა აღარ ეყოფა და აუცილებლად მოგება დაჭირდება. ამ სცენარის შემთხვევაში ბოლო ორი თამაშის ნებისმიერი სხვაობით მოგება 1/8-ფინალის საგზურს გვინაღდებს.
თუ დღევანდელი თამაში ფრედ მორჩება, ჩვენი მდგომარეობა უკიდურესად გართულდება. გარდა იმისა, რომ დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება მოგვიწევს, იმის იმედიც უნდა გვქონდეს, რომ “ინტერი” ბოლო ორ ტურში ვერცერთ თამაშს ვეღარ მოიგებს, მათ შორის ვერც “პლზენთან” სახლში. ნამდვილად არაა სასიამოვნო სცენარი.
თუ დღეს წავაგებთ და პარალელურ მატჩში “ბაიერნი” “პლზენს” მოუგებს, 1/8-ფინალზე ოცნებას ოფიციალურად დავემშვიდობებით.
სათამაშო ფორმა
კარგ ფორმაში მყოფი არცერთ გუნდს ეთქმის, მაგრამ მაინც რა შედარებაა… სანაკრებო პაუზის შემდეგ “ბარსელონა” სრულად გამოცვლილი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს. დღევანდელი გუნდი აჩრდილია იმისა, რომელიც სეზონის სტარტზე ვიხილეთ.
გასულ უქმეებზე მოგება ორივე გუნდს გაუჭირდა, მაგრამ “ბარსას” განსაკუთრებით. კატალონიელებმა “სელტასთან” ისეთი თამაში ჩაატარეს, რომც წაეგოთ, ენა არ მოგვიბრუნდებოდა, გვეთქვა, უსამართლობა მოხდა თქო.
“ინტერს” “სასუოლოსთან” ჰქონდა რთული გასვლა და მილანელებმა ედინ ჯეკოს დუბლით 2-1 მოიგეს.
საერთო ჯამში “ინტერი” დღევანდელ შეხვედრას უფრო კარგ ხასიათზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მეტად დასვენებული ხვდება. გაუგებარ მიზეზთა გამო ლა ლიგამ “ბარსელონას” თამაში კვირა დღეს დანიშნა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ნერაძურის” ერთით მეტი დღე ჰქონდა დასასვენებლად. როდესაც საუბარია 6 და 7 დღეზე, შესაძლოა, დიდი სხვაობა არ იყოს, მაგრამ 2-3 დღიდან ერთი დღე საკმაოდ ბევრია.
დანაკლისი
ამ გუნდებს შორის ერთი კვირის წინ გამართულ შეხვედრაში “ბარსელონას” ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი გამოაკლდნენ. კოტ დ’ივუარელმა დროულად გამოჯანმრთელება მოახერხა, დანიელმა – ვერა. ასევე დაგვიბრუნდა ფრენკი დე იონგიც, რომელსაც როგორც ნახევარდაცვაში, ასევე დაცვის ცენტრში თამაში შეუძლია.
“ბარსელონას” ისევ არ ჰყავს ბელერინი, არაუხო, დეპაი, კრისტენსენი და კუნდე.
“ინტერს” კი მარსელო ბროზოვიჩისა და რომელუ ლუკაკუს შემდეგ ხოაკინ კორეაც გამოაკლდა.
ურთიერთშეხვედრები
ერთი კვირის წინ წაგების მიუხედავად “ბარსას” “ინტერთან” მაინც დიდი უპირატესობა აქვს, განსაკუთრებით “კამპ ნოუზე”.
სულ გამართული 15 თამაშიდან “ბლაუგრანამ” 8 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 3 წააგო. კატალონიელებმა გაიტანეს 24 და გაუშვეს 12 გოლი.
“კამპ ნოუზე” ჩატარებული 7 თამაშიდან “ბარსამ” 6 მოიგო, მათ შორის ბოლო 5. ის ერთადერთი, რომელშიც მასპინძლებმა ვერ იმარჯვეს, 1970 წელს გაიმართა, როდესაც “ნერაძურიმ” მეტოქე 2-1 დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართული ხუთივე შეხვედრა “ბარსელონამ” მოიგო.
არბიტრი
შეხვედრას პოლონელი შიმონ მარცინიაკი განსჯის.
მარცინიაკი 41 წლისაა. ის უკვე 20 წელია, მსაჯობს, 2011 წლიდან კი FIFA-ს არბიტრია.
კარიერის განმავლობაში საერთაშორისო მატჩებში პოლონელი თამაშში საშუალოდ 26.8 ჯარიმასა და 0.5 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4 ყვითელ და 0.2 წითელ ბარათს უჩვენებს.
“ბარსელონას” მარცინიაკის მიერ განსჯილი 4 თამაშიდან კარგი მოგონებები ნამდვილად არ აქვს, თუმცა ეს კატალონიელებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსა” “პარი სენ-ჟერმენთან” სტუმრად 0-4 განადგურდა. იმავე ტურნირის მომდევნო ეტაპზე კატალონიელები უკვე “იუვენტუსთან” დამარცხდნენ, 0-3. შემდეგ იყო “ინტერთან” სტუმრად ფრე 1-1 და “ლიონის” ანგარიშით 5-1 განადგურება.
ამ 4 მატჩში მარცინიაკს წითელი ბარათი არ უჩვენებია, თერთმეტმეტრიანი კი ერთხელ დანიშნა – “ბარსა”-“ლიონის” მატჩში, მასპინძელთა სასარგებლოდ.
“ინტერს” მარცინიაკის მიერ განსჯილ შეხვედრებში, “ბარსასთან” ხსენებული ფრის გარდა, 2 მოგება და 2 ფრე აქვს. წითელი ბარათი პოლონელს არც მილანელთა დაპირისპირებებში უჩვენებია და პენალტიც მხოლოდ ერთი დანიშნა, “ინტერის” კარში.
რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემას, ვიდეორეფერის – ამ პოზიციაზე ასევე პოლონელი ტომაშ კვიატკოვსკია დანიშნული. მას არც “ბარსელონას” და არც “ინტერის” მატჩში არ უმსაჯია.
სტატისტიკა
- “ბარსელონამ” “ინტერს” კამპ ნოუზე გამართული ბოლო 5 თამაში მოუგო;
- “ინტერის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა, მაგრამ უგოლოდ არცერთი დასრულებულა;
- “ბარსელონა” “ინტერთან” გამართულ ბოლო 4 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- “ბარსელონა” ბოლო 9 თამაშიდან შვიდში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ინტერი” ბოლო 6 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ინტერის” ბოლო 5 თამაშში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.4 ანიჭებენ, რაც მოგების 71%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 79%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
ბარსელონა: ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
ინტერი: ონანა, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დარმიანი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, ჯეკო, მარტინესი.
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, პიკე, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, პედრი, გავი, რაფინია, ლევანდოვსკი, დემბელე.
ინტერი (3-6-1): ონანა, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დარმიანი, დიმარკო, ჩალჰანოღლუ, ბარელა, გალიარდინი, მხითარიანი, მარტინესი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, რობერტო, გარსია, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
ინტერი (3-5-1-1): ონანა, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დარმიანი, დიმარკო, ბარელა, ჩალჰანოღლუ, გალიარდინი, მხითარიანი, მარტინესი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბალდე, პიკე, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, პედრი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
ინტერი (3-5-2): ონანა, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დუმფრისი, ბარელა, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, დიმარკო, მარტინესი, ჯეკო.
AS
ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, დე იონგი, პიკე, გარსია, ბუსკეტსი, პედრი, ალონსო, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
ინტერი (3-5-2): ონანა, შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, დარმიანი, დიმარკო, ბარელა, გალიარდინი, ჩალჰანოღლუ, მხითარიანი, მარტინესი.
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportsmole: 2-1
- Goal: 2-0
- Sportskeeda: 2-1
- Squawka: 2-1




შედეგი შოკისმომგვრელი დადგა. სირცხვილი.
ცელქი გავი ჭკუით უნდა იყოს. ცალტასთან ბევრჯერ საყვითლე იყო, მაგრამ გადარჩა – ვინაიდან მსაჯი ბავშვად აღიქვამდა.

და ეს ფაშიტი მსაჯი ახლა ასეთ მსგავს არ აპატიებს.
გავი ჭკუიიიიიიიიიიიიიით!
რა ვქნათ ასეთი ცელქი გვყავს