კატალონიის პარლამენტი დღეს პეპ გვარდიოლას ოქროს მედალს გადასცემს. ამასთან დაკავშირებით “ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა გადაწყვიტა, საქებარი წერილი მიეწერა ახალგაზრდა მენეჯერისთვის.
“ყველას არ შეუძლია იყოს წინასწარმეტყველი საკუთარ მიწაზე. უყვარდე ყველას, გქონდეს აღიარება, იწვევდე აღტაცებას და პატივისცემას ისე, როგორც ამას გვარდიოლა აკეთებს არამარტო ესპანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში – ეს რჩეულთა ხვედრია. პარლამეტის მედალი, რა თქმა უნდა, სიამაყის გრძნობით ავსებს თავად გვარდიოლას. ამ გრძნობას იზიარებენ მისი მშობლები – დოლორესი და ვალენტინი, მისი ოჯახი, კლუბის გუშლემატკივრები, მილიონობით “კულე” და ისინი, ვინც იზიარებენ იდეას, რომ სპორტი არაჩვეულებრივი ინსტრუმენტია ახალგაზრდა თაობის აღზრდისა და ადამიანური ღირებულებების შთაგონებისთვის. ღირებულებები, რომლითაც გვარდიოლა აღავსებს თავის ქვეშევრდომებს როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთაც. გვარდიოლა არის მისაბაძი მაგალითი. ის არის სარკე, რომელშიც აისახებიან ფეხბურთელები, მწვრთნელები, დამქირავებლები, პოლიტიკოსები, მასწავლებლები, მენეჯერები… და ისინი, ვინც საქმეს ეკიდებიან პასუხისმგებლობით, პატიოსნებით, მონდომებით, დიდი მონდომებით.
გვარდიოლა კლუბის აზრია. ის არის ბავშვი, რომელიც ჩამოყალიბდა “ლა მასიაში”, ახალგაზრდა ფეხბურთელი, მოსული პირველ გუნდში და ქცეული გუნდის კაპიტნად, შინ აღზრდილი მწვრთნელი, რომელიც ხელმძღვანელობს ისტორიაში საუკეთესო “ბარსას”. ის არის ადამიანი, რომელიც მართავს გუნდს, რომელსაც არ ბეზრდება თქვენთვის სიხარულის მონიჭება. მისი მიზანდასახულობა და კლუბისა და კატალონიისთვის თავდადება გადაიქცა ნამდვილ “ბარსელონიზმში”. მან უდიდესი წვლილი შეიტანა “ბარსას” განვითარებაში. ჩვენი ხუნტისთვის გვარდიოლა უფრო მეტია, ვიდრე საუკეთესო მწვრთნელი, როგორიც არასოდეს ჰყოლია კლუბს. როგორც კლუბის პრეზიდენტმა, მე შემიძლია მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს და გამოვხატო ხუნტისა და ყველა “კულეს” სურვილი: პეპ, იმედი მაქვს, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაში მიენდობით საკუთარ გულის ცემას.”
სანდრო როსელი ი ფელიუ, საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” პრეზიდენტი.


