ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა, საქებარი სიტყვები არ დაიშურა კატალონიური გრანდის მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიმართ. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა განაცხადა, რომ ხოსეპ გვარდიოლამ თავისი მწვრთნელობის ჟამს უამრავი ახალი რამ შემოიტანა მსოფლიო ფეხბურთში. იტყობინება გავლენიანი კატალონიური გამოცემა “სპორტი”.
“ჩემთვის პეპ გვარდიოლა მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ვფიქრობ, რომ ამაში ეჭვი არც არავის ეპარება. მან რევოლუცია მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში. ამას გარდა, გუნდში ბოსის მოსვლის შემდეგ მეტი დისციპლინაა და შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს გასახდელში. ეს სწორედ ისაა, რაც გამარჯვებისთვის გვჭირდება”. განაცხადა ჩავიმ.
ჩავიმ ასევე ისაუბრა “ბარსელონას” წარმატების საიდუმლოზე. “მაესტრომ” განაცხადა, რომ “ბარსელონას” წარმატების საიდუმლო სწორედ “ბარსელონაა”, რადგანაც ამ კლუბში მოასპარეზე ყოველი ფეხბურთელი ერთნაირად ფიქრობს და მოქმედებს მოედანზე.
“კლუბის წარმატების საიდუმლო ისაა, რომ მოთამაშეთა უმრავლესობა ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია. ეს არამხოლოდ ფეხბურთელებზე მაქვს საუბარი, არამედ სამწვრთნელო შტაბზეც, ექიმებზეც, ფიზიოთერაპევტებზეც, ადმინისტრასიაზეც და კლუბში მომუშავე ყოველ პირზე. პრაქტიკულად ეს ერთი დიდი ოჯახია”. დაასრულა ერნანდესმა.



