ესეც ასე, მორჩა სეზონი, იწყება დიდი შესვენება და შეჯამების დროც მოვიდა. როგორც ბოლო წლებში ხშირად ხდება, “ბარსას” სრული სეზონი ძალიან მრავალფეროვანი გამოდის, მწვრთნელები ხშირად იცვლებიან და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთ სეზონში ორი ფორმაციის გუნდმა ითამაშა. შთაბეჭდილება კი არა… ნამდვილად ასე იყო. კუმანის “ბარსამ” დაიწყო და ჩავის “ბარსამ” დაასრულა. გადავეჩვიეთ ასეთ ამბებს, თორემ, ადრე ამის მეტი რა ყოფილა?! თავს და ბოლოს ვერ გაუგებდი სეზონებს, რომელი როდის იწყებოდა და მთავრდებოდა, კაციშვილმა არ იცოდა.
ამიტომ, ჯერ კუმანისა ვთქვათ და მერე ჩავიზე გადავიდეთ. რონალდ კუმანს ძალიან რთული ამოცანა ხვდა წილად, ლიონელ მესი დაკარგა და სანაცვლოდ მემფის დეპაი და კუნ აგუერო მიიღო, ოღონდ, აგუერო საერთოდ ვერ შეირგო, ჯერ რთული ტრავმის, შემდეგ კი გულის პრობლემების გამო. ამაზე ცუდი რა უნდა მომხდარიყო? მესის ხათრით გადმოსულ ფეხბურთელს ჯერ მესი არ დახვდა და მერე კინაღამ ხელში ჩააკვდა თანაგუნდელებს.
გაურკვევლობა იყო დემბელესთან დაკავშირებით, მის გზას გაუყვა ანსუ ფატი, რომელიც წინა სეზონშიც ტრავმიანობდა, ასე რომ შეტევაში ის ფეხბურთელები ვიხილეთ, რომელთა გვარს საერთოდ პირველად მოვკარით ყური, მაგალითად, ეზალზული! მშვენიერი ფეხბურთელია, თბილსის დინამოს დახატავდა!
კუმანს ყველაზე მეტად ცენტრალური მატჩების მოგება უჭირდა, ტრადიცია არ დაურღვევია, ყველა პრინციპული მატჩი წააგო და უკიდურესად გაართულა საქმე ჩემპიონთა ლიგაზე, ლა ლიგაში კი ქვევით მიექანებოდა, ჯოჯოხეთისკენ! ბევრი ითხოვდა მის წასვლას და უფრო ბევრი ითხოვდა ჩავის მოსვლას. მხოლოდ ლაპორტა აყოვნებდა, ჩავის დიდად არ ენდობოდა, ცალი თვალი გვარდიოლასკენ ჰქონდა, ვაი და წასვლა გადაწყვიტოს და მობრუნება შევძლოთო, რეალურად ახალ კანდიდატზე ფიქრი აყოვნებდა, თორემ, კუმანზე დიდად გული არ შესტკიოდა. ბოლოს ჩაიქნია ხელი პეპის დაბრუნებაზე, აღარც გერმანელებს გამოეკიდა და ასრულდა ქომაგთა დიდი ნაწილის სურვილი, – ჩავი დაბრუნდა.
ერნანდესის დაბრუნება სეზონის მთავარი მოვლენაა. თუ მესის წასვლას არ ჩავთვლით სეზონის წინ.
ჩავის მოსვლას მოჰყვა 0:0 “ბენფიკასთან”, “ბარსა” ლიგის ჯგუფში ჩარჩა, ეს განგაშის ზარი იყო, კლუბი აუცილებლად უნდა გაძლიერებულიყო და ასეც მოხდა. ლაპორტამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მაქსიმალურად გამოიყენა. შემდეგ იყო მარცხი ესპანეთის სუპერ თასზე, დრამატულ ბრძოლაში მადრიდის “რეალთან”, იქ უკვე გამოჩნდა რომ ამ გუნდს “რეალთან” თამაში შეეძლო. მიუხედავად მარცხისა, ფეხბურთელებმა პოზიტიური შეფასებები მოისმინეს, თავად პრეზიდენტმა თქვა სწორ გზას ვადგავართო, რაც ბევრს გაუკვირდა კიდეც მაშინ. შემდეგ იყო მარცხი ესპანეთის თასზე, ასევე დამატებით დროში, დრამატულ ბრძოლაში. ჩავის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ასეთი მძიმე მარცხებისა, გუნდში პოზიტიური განწყობის შეტანა შეძლო.
როცა ყველა ტრანსფერი გაოფიციალურდა, ბევრად სახეცვლილი გუნდი ვიხილეთ, გუნდი, რომელსაც წარმატების მიღწევა შეეძლო. “ბარსა” დაიქოქა და საბოლოოდ მეორე ადგილზე აღმოჩნდა. სეზონის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, “ბერნაბეუზე” შედგა. კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ჩავიწერეთ აქტივში, შესაძლოა ყველაზე მოულოდნელიც.
მთავარი იმედგაცრუება კი ევროპა ლიგიდან გამოვარდნა გახდა. ქომაგისა და ქალაქის სირცხვილის დღე. ეს ამბავი ასე მარტივად დავიწყებას ვერ მიეცემა. ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ბარსელონელმა ქომაგმა უფრო ცუდი შეფასება დაიმსახურა, ვიდრე ფეხბურთელებმა, ან მწვრთნელმა. უცნაურია, ღმერთმანი, ძალიან უცნაურია.
საერთო ჯამში, ამ სეზონმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ დიდი წმენდა არ შედგა. წავიდა გრიზმანი, წავიდა კოუტინიო, მაგრამ, კვლავ რჩებიან ის ფეხბურთელები, რომელთაც ზარალის მეტი არაფერი მოაქვთ. ლაპორტას არ ეშლება ეს ამბავი და პირველივე დღეებიდანვე დიდ გადალაგებას უნდა ველოდოთ.
ახლა კი ყველაზე საინტერესო და სახალისო, – გადავხედოთ ჩემსა და თქვენს სეზონისწინა პროგნოზებს.
ვინ მოიგებს ლა ლიგას?
ფსონი მადრიდელებზე დავდე, თუ “რეალი” მბაპეს გადაიბირებს, მაშინ გაჩემპიონდება, თუ არა და “ატლეტიკო” იქნება პირველი-მეთქი. გამოდის, რომ შევცდი. “ატლეტიკოს” “ბარსამაც” აჯობა. აი, “ბარსას” ჩემპიონობა თავშივე გამოვრიცხე და ამაში არ შევმცდარვარ. მესის წასვლის მერე, რა გასაკვირია?!
ლა ლიგის ჩემპიონი ჩვენმა სამმა მკითხველმა გამოიცნო, ესენი არიან: azulgrana, Bakero და Barca for life.
რამდენი ტიტულით დავასრულებთ სეზონს?
მოკრძალებული პროგნოზი მქონდა, ერთი ტიტული ვივარაუდე, ისიც ესპანეთის სუპერ თასი, ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ არ გამოვიდა. ვარაუდი მოკლე გზას ეფუძნებოდა, მხოლოდ ორი მატჩი უნდა მოგვეგო ჩემპიონობისთვის, თუმცა, იმდენი ცვლილება იყო იქამდე, რომ არაფერიც არ გამოვიდა. ყველაზე ახლოს, ალბათ მაინც ევროპა ლიგის მოგებასთან იყო “ბარსა” და ეგეც გაიმაზა. ასე რომ, მეორე ჯერზეც შევცდი. ვერც ტიტულის რაოდენობა გამოვიცანი და ვერც მოგებული ჩემპიონატი.
ამ კითხვაზე სწორად ვერავინ უპასუხა. მინიმუმ ერთი ტიტული მაინც ყველამ ივარაუდა. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ იმედგაცრუება დიდია. მიუხედავად უამრავი პრობლემისა, უტიტულო სეზონს არავინ ელოდა. ტიტული ხომ რონალდ კუმანმაც მოიგო?
საუკეთესო ტრანსფერი
ნუთუ, არსებობს ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი? დავიწყოთ იმით, რომ არა, ამაზე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვუპასუხებთ. ასეთი უპირატესობა არცერთ გადმოსულს არ ჰქონია. მეორე სათქმელი ის არის რომ ამ ყველაფერს სეზონის წინ ვვარაუდობდით და არა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მერე, როცა რამდენიმე კარგი ტრანსფერი განხორციელდა. შესაბამისად, ამაზე სწორი პასუხი ვერავის ექნება.
ფსონი მემფის დეპაიზე დავდე. თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, არ უნდა იყოს ჩემი პროგნოზი ძაან აცდენილი, თუმცა, საუკეთესო ტრანსფერი, მხოლოდ სტატისტიკით არ განისაზღვრება.
სეზონის იმედგაცრუება
ორი მთავარი კანდიდატი მყავდა, – გრიზმანი და აგუერო. გრიზმანზე თურმე ვიფიქრე, რომ მესის წასვლის მერეც ვერაფერს გახდებოდა, ხოლო, აგუეროს ფიზიკური ფორმა დავუწუნე. ასე აგიხდა ყველაფერი. პირდაპირ ათიანში მოვარტყი, უბრალოდ, ის რაც აგუეროს დაემართა, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.
აგუერო დაასახელეს ჩვენმა მკითხველებმა, – ნოე, MSN G.O.A.T, La Pulga10, Barca for life, Norman Bates და Neo222, ძალიან საინტერესო პრგნოზი ჰქონდა Pirat-ს, ერთი მხრივ დაგვეთანხმა და აგუერო თქვა, ხოლო, მეორე მხრივ პედრიც წაამატა, რაც საშინლად ასცდა რეალობას. (კიდევ კარგი).
შესაძლოა, ვიღაცას ეზედმეტებოდეს აგუეროსთვის იმედგამაცრუებლის წოდება, რადგან, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გამოგვაკლდა, მაგრამ, მეორე მხრივ სწორება ტრანსფერზე გვაქვს, მოდის დიდი ვარსკვლავი, გვაქვს დიდი იმედი და სანაცვლოდ ვერაფერს ვიღებთ, – მიზეზი უკვე მეორეხარისხოვანია. ჩვენი იმედი ქარმა წაიღო.
საუკეთესოები
- ბომბარდირი
- მეპასე
- ფეხბურთელი
ბომბარდირი გამოვიცანი, ალბათ რთული არც ყოფილა, მემფის დეპაი ვთქვი და კუმანის დარჩენის შემთხვევაში გაცილებით მეტსაც გაიტანდა. რაც გაიტანა ეგეც საკმარისი გამოდგა, რადგან, “ბარსას” მეგოლეებში მაგრად გაუჭირდა. ჩემს აზრზე იყვნენ, – Barca for life, La Pulga10, MSN G.O.A.T, C.PC5, პენდრაგონი, iniesta, Pirat.
საუკეთესო მეპასეობა ფრენკი დე იონგს ვუწინასწარმეტყველე. ჰოი, სირცხვილო!! იქვე დეპაიც ვახსენე, დემბელეს არასდროს ვიტყოდი, ალბა კი მესამე ვარიანტი იყო. უსმანმა 13 საგოლე პასი მიითვალა, ხოლო ალბამ 10. იცით რამდენმა მომხმარებელმა გამოიცნო საუკეთესო მეპასის ვინაობა? ხვდებით ალბათ, ვერცერთმა. რას ნიშნავს ეს? ნიშნავს იმას, რომ დემბელემ ყველას მოლოდინს გადააჭარბა.
საუკეთესო ფეხბურთელის პროგნოზი კი ყველაზე საინტერესო გამოდგა. აქ შესაძლოა ზემოთ გაკეთებული დასკვნა შევცვალოთ და სეზონის იმედგაცრუებად არა აგუერო, არამედ დე იონგი დავასახელოთ, რადგან, მომხმარებელთა უმრავლესობა თვლიდა, რომ საუკეთესო ფრენკი გახდებოდა. ეს არის იმედგაცრუება, სხვა კი არაფერი… მოდი ვთქვათ პირდაპირ, ფრენკი ახლოსაც არ ყოფილა ამ წარმატებასთან.
მე აქაც დეპაი ვივარაუდე და სეზონის დასაწყისში მქონდა კიდეც იმედი, მაგრამ, საბოლოოდ სულ სხვა ვინმემ გამოიდო თავი. ვიდავოთ, ვიკამათოთ, ჩემთვის საუკეთესო არაუხო იყო. არავის ეს ფეხბურთელი არ დაუსახელებია. ამ დროს მცველს იშვიათად ასახელებენ ხოლმე, აქიდანაც გამოჩნდა, რომ შეტევაში მაგრად გაგვიჭირდა. </p>
საუკეთესო ვეტერანი
რთულია განსაზღვრა. ჟორდიმ 10 საგოლე პასი გააკეთა, თუმცა, სუსტი მატჩიც ბევრი ჰქონდა, ბუსკეტსმა კი ჩავის მოსვლის მერე ძველი დრო გაგვახსენა. არჩევანი დიდი არც ყოფილა, სამი დიდი ვეტერანი გვყავს, ალბა, ბუსკეტსი და პიკე, მე ფსონი ყველაზე სუსტზე დავდე, როცა პიკე თამაშობდა ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან მატჩში გამოგვაკლდა. მასთან შედარებით ბუსკეტსი და ალბა ბევრად სტაბილურად გამოიყურებოდნენ.
სწორი პასუხი ბევრი იყო. ვინც პიკე დაწერა, ჩემი ჩათვლით, არასწორად ვერ ჩავუთვლი, მყარი კრიტერიუმები აქ არ არსებობს, სტატისტიკოსებს კი შეუძლიათ ალბა დააწინაურონ.
საუკეთესო ახალგაზრდა
ვახსენე ემოციურად მივუდგები-მეთქი და ეს აღმოჩნდა ჩემი შეცდომა. მთავარი კონკურენტები ფატი და პედრი იყვნენ, მე ფატი დავასახელე. ფაქტია, რომ შევცდი. პედრი კი ნამდვილად საუკეთესო ახალგაზრდა იყო, ეგ კი არა, არაუხოსაც კი გაუწია რაღაც მომენტებში კონკურენცია. იქნებ ბევრი თქვენთაგანის ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელიც კი იყო… რავიცი.
მაგრამ!!!
აქ ერთი დიდი მაგრამ ჩნდება. არაუხოც ახალგაზრდებში მოიაზრება, უბრალოდ მე აღარ ვთვლი ახალგაზრდად, თორემ, ახალგაზრდაა, აბა რა ჩემი ლუიშ ფიგუა!
ასე რომ, ეს ტიტულიც მეტწილად მას ეკუთვნის.
Pirat-მა წინააღმდეგობრივი პასუხი შემოგვთავაზა, – არაუხო, ან, გარსია.
პენდრაგონი – პედრი.
MSN G.O.A.T – პედრი.
La Pulga10 – პედრი.
MARI=BARCA-fan – არაუხო.
Barca for life – არაუხო.
ნოე – პედრი.
არ გვქონია სეზონის აღმოჩენა, ალბათ გადამავიწყდა. რომ გვქონოდა ლუკ დე იონგი დაისაკუთრებდა.
ბოლოს რიცხვებზე ვბოდიალობდი, ფატიზე სურვილს გამოვთქვამდი, იქნებ 10 გოლზე მეტი შეაგდოს-მეთქი. არ გამოვიდა. ვერ შეაგდო. შემდეგი სეზონის დასაწყისში ოცამდეც ვისურვებ, ეგ არაფერი.
ასეა საქმე.
რაღაცები გამოვიცანით, რაღაცები ვერა.
თქვენ კი დარწმუნდებოდით, რომ პროგნოზებში ჭკუა არ მომეკითხება.
რონალდ კუმანს ძალიან რთული ამოცანა ხვდა წილად, ლიონელ მესი დაკარგა და სანაცვლოდ მემფის დეპაი და კუნ აგუერო მიიღო
კუმანს არც ისე რთული ამოცანა ხვდა წილად, თვითონ გაიუარესა საქმე. მოსული არ იყო სუარესი გააგდებინა ბართომეუს, თორემ იმ წელს ატლეტიკოს ჩემპიონობას არ გაატანდნენ. მითუმეტეს მესიც ყავდა. ატლეტიკოს იმ ჩემპიონობაში უდიდესი წვლილი სუარესს მიუძღოდა რომელიც ბარსაზე გამწარებული ბოლომდე დებდა თავს. და ატლეტიკოს ბომბარდირიც გახდა.
ერთ რაღაცაში შეგედავები მეგობარო,
ლაპორტას იღბალმა დაა*ვა თავის დროზე როცა გვერდით კრუიფისნაირი მრჩეველი ყავდა, რომელმაც გვარდიოლა მოიყვანა, ასევე ყავდა როსელი რომელმაც რონალდინიო დადო, შემდგომ ხო საერთოდ საოცარი გუნდი შეიკრა ლა მასიიდან და არა ნაყიდი ფეხბურთელებიდან, შესაბამისად არც ეგაა მაგისი დამსახურება, რა თქმა უნდა კარგი ტრანსფერებიც ხორციელდებოდა, მაგრამ ძირითადად როსელის დამსახურებით, როგორც ახლა ალემანის დამსახურებაა ყველაფერი.
ერთადერთი ლაპორტას რასაც ვერ დავუკარგავთ გაქნილობა და მაფიოზობაა, ის ვიცით რო თავს არავის არ დაუხრის და პერესს ბართუშასავით არ დაუწვება, მაგრამ მე პირადად მაგისი დიდი პრეზიტენტობის არ მჯერა, დღევანდელ რეალობაში კარგად ჩანს რო ალემანზე და ჩავიზე მეტად არავინ მუშაობს, ხოლო შეთანხმებებს და აქციების გაყიდვას რაც შეეხება მანდ წინსვლა ნაღადად არაა არადა სეზონი დასრულდა, ხოდა აგერ გამოჩნდება თუ აქვს ერთი ადგილი იმისთვის რო კლუბი მართლა თავისი ძალისხმევით ამოიყვანოს ამ წუმპიდან თორე თუ ყველაფერი ალემანმა და ჩავიმ აკეთებს ეგრე ნებისმიერიც დაჯდება სათავეში და ფულს მოღუნავს,
ვინმე შეიძლება შემედავოს, მაგრამ მე ლაპორტასი არც მისი პრეზიდენტობის კანდიდატობის დროს მჯეროდა, რადგან კარგად მახსოვდა მისი ტყუილები წინა პრეზიდენტობის დროს, და არც ეხლა მჯერა. საკმაო დრო გავიდა და არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია გარდა იმისა რომ 500 მილიონი ვალი დაამატა არსებულს. ზამთრის ტრანსფერებს შესანიშნვს ვერ დავარქმევ. ეხლანდელი ბარსასთვის იყო თითქოს არუშავს, თორემ იმ ოთხიდან რომელია შესანიშნვი? სამაგიეროდ გვატყუებს პირველი დღიდან და ყოველ დღე. მეტსაც ვიტყვი, რომ მეშინია არ დაღუპოს ბარსა, რადგან სერიოზული პრობლემები უამრავია და მისი საქმიანობის შედეგი – ნოლი. თუმცა ვერ დაუკარგავ, სამი მილიონი ნამდვილად იშოვა, როცა კამპ ნოუ აინტრახტს მიყიდა
C.PC5,
ერთ რაღაცაში შეგედავები მეგობარო,
ლაპორტას იღბალმა დაა*ვა თავის დროზე როცა გვერდით კრუიფისნაირი მრჩეველი ყავდა, რომელმაც გვარდიოლა მოიყვანა, ასევე ყავდა როსელი რომელმაც რონალდინიო დადო, შემდგომ ხო საერთოდ საოცარი გუნდი შეიკრა ლა მასიიდან და არა ნაყიდი ფეხბურთელებიდან, შესაბამისად არც ეგაა მაგისი დამსახურება, რა თქმა უნდა კარგი ტრანსფერებიც ხორციელდებოდა, მაგრამ ძირითადად როსელის დამსახურებით, როგორც ახლა ალემანის დამსახურებაა ყველაფერი.
ერთადერთი ლაპორტას რასაც ვერ დავუკარგავთ გაქნილობა და მაფიოზობაა, ის ვიცით რო თავს არავის არ დაუხრის და პერესს ბართუშასავით არ დაუწვება, მაგრამ მე პირადად მაგისი დიდი პრეზიტენტობის არ მჯერა, დღევანდელ რეალობაში კარგად ჩანს რო ალემანზე და ჩავიზე მეტად არავინ მუშაობს, ხოლო შეთანხმებებს და აქციების გაყიდვას რაც შეეხება მანდ წინსვლა ნაღადად არაა არადა სეზონი დასრულდა, ხოდა აგერ გამოჩნდება თუ აქვს ერთი ადგილი იმისთვის რო კლუბი მართლა თავისი ძალისხმევით ამოიყვანოს ამ წუმპიდან თორე თუ ყველაფერი ალემანმა და ჩავიმ აკეთებს ეგრე ნებისმიერიც დაჯდება სათავეში და ფულს მოღუნავს,
რაც ბარსას ფანი ვარ ესეთი ჭრელი და "საინტერესო" სეზონი არ მინახავს ამ გუნდში, (ძველები იტყვიან იმ გაჭირვების წლებს არ მოსწრებიხარ მაშინ უნდა გენახა რა ხდებოდაო, მარა მე ჩემ გამოცდილებაზე ვსაუბრობ). საინტერესო იმ მხრივ რომ ბევრი მოულოდნელობა, ბევრი ჩასახული იმედის ასრულების სურვილი იყო, ბევრი იმედგაცრუება, ცვლილება, ტრანსფერები. ნუ მოკლედ იმდენი რაღაც მოხდა რომ ამდენ ცვლილებას ხანდახან წლები ჭირდება და ახლა სულ რაღაც ათ თვეში ვითარდებოდა მოვლენები. პროგნოზები რომ არ ემთხვევა ეგ გასაკვირი არცაა, სრულიად ახალ რეალობასთან გვიწევდა მთელი სეზონი შეგუება, გოლი-პასი ადრე თუ ვიცოდით ვისთვის უნდა მიგვეწერა წავიდა, პლიუს საუკეთესო ფეხბურთელობა. აბა დანარჩენთან კი ვიყავით ახლოს გამოცნობაში😂 გადალაგებას რაც შეეხება მემგონი ეს სეზონი ბოლო იყო ბევრისთვის ბარსაში, საინტერესო ისაა იმათ ადგილებს როგორ შეავსებს გუნდი. რომ მოვიდა მაშინაც ვთქვი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგაც გამოჩნდა და კიდევ ვიტყვი, ლაპორტამ ერთხელ უკვე ამოაძვრინა კლუბი მსგავსი სიტუაციიდან და თუ ვინმეს უნდა ენდო მსგავს სიტუაციაში ეგ კაცია ზუსტად, თუარ გაამართლებს კიდევ და აქ არ ვართ?! ვლანძღოთ-ვაგინოთ რაც თითებში ძალა გვექნება საწერად😂😂 მომავალ სეზონში ტიტულებს ველოდები, მაგაზე ჩავი და ფეხბურთელები დებდნენ თავს, იქაც თუ არაფერი გამოვიდა მერე მართლა იქნება იმედგაცრუება, თორე ამ სეზონში რომ დიდი არაფერი მოხდებოდა ეგ ისედაც ვიცოდით. დაველოდები ახალ სეზონს სხვა რა გზაა, visca barca visca Catalonia ✊🔴🔵