სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა “კოპა ამერიკას” 1/4 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ურუგვაის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებოდნენ. სამწუხაროდ, ამ შეხვედრის “დამსახურებით”, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს სამი ბლაუგრანელი ფეხბურთელი გამოეთიშა…
ლეო მესი, ხავიერ მაშერანო და გაბრიელ მილიტო ყველასგან მოულოდნელად, სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატს 1/4 ფინალიდან ეთიშებიან. მათი ეროვნული ნაკრების დამარცხება ურუგვაელი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მოახერხა. მატჩის ბედი 120 წუთის შემდეგ, პენალტების სერიის დახმარებით გადაწყდა.
შეხვედრის ძირითადი დრო ანგარიშით, 1:1 დასრულდა. პირველი გოლი ურუგვაელებმა, მეექვსე წუთზე არგენტინელი მცველების უხეში შეცდომის შედეგად გაიტანეს. გოლის ავტორი პერესი გახლდათ. არგენტინელმა ფეხბურთელებმა კი წონასწორობის აღდგენა თორმეტ წუთში მოახერხეს. ლეო მესის შესანიშნავ გადაცემას იგუაინის თაური დარტყმა და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. ამ ორი გოლის გარდა, მაყურბელმა მატჩში კიდევ ორი გოლი იხილა – ერთი გოლის ავტორები არგენტინელები გახლდნენ, ხოლო მეორის ურუგვაელები, თუმცა ორივე გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ იქნა ტაბლოზე დაფიქსირებული.
შეხვედრის არბიტრს მატჩში ორჯერ მოუხდა წითელი ბარათის გამოყენება. ერთხელ მაშინ, როდესაც პერესმა მეორე ყვითელი ბარათი დაიმსახურა და მეორედ მაშინ, როდესაც სუარესის “სიმულიანტობას” ჯარიმა და მაშერანოსთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება მოჰყვა.
მატჩი ძალიან სანახაობრივი და დრამატული გამოდგა. 1/2 ფინალისტის გამოვლენა კი თავის თავზე პენალტების სერიამ აიღო. კარლოს ტევეზის გარდა თერთმეტმეტრიანი ყველამ ზუსტად შეასრულა, რის გამოც შემდეგ ეტაპზე სრულიად დამსახურებულად, ურუგვაის ეროვნული ნაკრები გავიდა. შემდეგ ეტაპზე ურუგვაელებს პერუელთა ეროვნული ნაკრები ელით.
გოლები
[media=http://www.youtube.com/watch?v=47ZxZN1KKn0]
პენალტების სერია
[media=http://www.youtube.com/watch?v=oHol9j52HqU]

