დღეს “ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც კატალონიური კლუბის ქართველ გულშემატკივრებსაც ეხება.
“ბარსელონასა” და ზოგადად ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრებმა იციან, თუ როგორ იმართება ესპანური საფეხბურთო გუნდები. მათი მესაკუთრე არა რომელიმე ერთი პირი ან კომპანია (როგორც ეს, მაგალითად, ინგლისსა და იტალიაშია) არამედ გულშემატკივრების არმიაა. გულშემატკივრები აფინანსებენ კლუბს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ. გულშემატკივრები წყვეტენ, “კამპ ნოუ” უნდა განახლდეს თუ ახალი სტადიონი აშენდეს; უნდა შეიცვალოს თუ არა კლუბის ლოგო; უნდა შევიდეს თუ არა “ბარსა” ევროპის სუპერ ლიგაში და ა.შ.
რას ნიშნავს კლუბის წევრობა?
მაგრამ ეს პრივილეგია ყველა გულშემატკივარს არ აქვს. ამისთვის საჭიროა, გახდეთ “კლუბის წევრი”, ანუ Soci. საქართველოში ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია იმის გამო არ არსებობს, რომ აქამდე კლუბის წევრად რეგისტრაცია სერიოზულ შეზღუდვებთან იყო დაკავშირებული.
აქამდე არსებული რეგულაციით, კლუბის წევრობისთვის აუცილებელი იყო ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი დაგეკმაყოფილებინათ:
- თუ თქვენი ახლო ნათესავი უკვე იყო კლუბის წევრი;
- თუ ადრე ზედიზედ 2 წლის განმავლობაში იყავით კლუბის წევრი და სტატუსის აღდგენა გსურთ;
- თუ ზედიზედ 3 წლის განმავლობაში ფლობდით სპეციალურ ბარათს, რომლის აღებაც მხოლოდ “კამპ ნოუს” ოფისშია შესაძლებელი და რომლის ყოველ წელს გახანგრძლივებისთვისაც ასევე “კამპ ნოუს” ოფისს უნდა ეწვიოთ;
- და მეოთხე, ცოტა ხნის წინ დამატებული: თუ ზედიზედ 3 წლის განმავლობაში იყავით “ბარსელონას” რომელიმე ოფიციალური ფანკლუბის, მაგალითად ჩვენი ფანკლუბის (Penya Blaugrana Tbilisi) წევრი, შეგეძლოთ “კამპ ნოუს” ოფისში მისულიყავით და კლუბის წევრობაზე განაცხადი შეგეტანათ.
“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსელონას” კლუბის წევრი ნებისმიერი მსურველი გახდება.
რამდენად მნიშვნელოვანია “ბარსელონასთვის” კლუბის წევრები?
იყო დრო, როდესაც “ბლაუგრანას” შემოსავლების მთავარ წყაროს კლუბის წევრებისგან გაღებული საწევრო წარმოადგენდა. მაგალითად “კამპ ნოუს” ასაშენებლად ფინანსების მოძიება სწორედ ამ გზით მოხერხდა.
მთელი ისტორიის განმავლობაში “ბარსელონას” პრეზიდენტების მუშაობის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო, თუ რამდენით გაიზარდა ან შემცირდა მისი პრეზიდენტობის დროს კლუბის წევრების რაოდენობა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან “ბლაუგრანას” ფინანსური კეთილდღეობა ამაზე პირდაპირპროპორციულად იყო დამოკიდებული.
დღესდღეობით, სატელევიზიო უფლებების გაყიდვისა და სპონსორებისგან მიღებული დიდი თანხის გამო, კლუბის წევრებზე ფინანსურად დამოკიდებულება შემცირებულია. წარმოდგენა რომ შეგექნათ, დაახლოებით რა რაოდენობის თანხა შედის წლის განმავლობაში კლუბის წევრებისგან “ბარსას” ბიუჯეტში – ანტუან გრიზმანის ერთი წლის ხელფასი.
ფინანსური დამოკიდებულება კი შემცირდა, მაგრამ კლუბის წევრების როლი მაინც ძალიან დიდია. 1978 წლის შემდეგ “ბარსელონას” პრეზიდენტს კლუბის წევრების ნიშნავენ და მათ აქვთ იმპიჩმენტის უფლებაც. სწორედ ეს არის “ბარსელონას” სტაბილურობის გარანტი – ძალიან ძნელია “ბარსელონა” გაკოტრდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჟოზეპ მარია ბართომეუს მსგავსი მმართველი ჰყავს. კრიტიკული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში გულშემატკივრებს უფლება აქვთ პრეზიდენტი დაითხოვონ, რაც მოხდა კიდეც ბართომეუს შემთხვევაში.
რატომ იყო შეზღუდვები?
და თუ ასეთი კარგი და მნიშვნელოვანია კლუბის წევრობა, რატომ იყო აქამდე შეზღუდვები? რატომ ამბობდა კლუბი უარს დამატებით შემოსავალზე?
ლაპორტას პირველი პრეზიდენტობის დროს მსგავსი შეზღუდვები არ არსებობდა. ეს შეზღუდვები მისმა შემცვლელმა, სანდრო როსელმა დააწესა და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა.
ღია, შეზღუდვების გარეშე არსებული წევრობის ერთ-ერთი მთავარი მინუსი კლუბის კონტროლის შესაძლო ხელიდან გაშვებაა. არსებობს თეორიული შანსი, რომ “ბარსელონას” არაკეთილმოსურნეებმა, მაგალითად რომელიმე კონკურენტმა კლუბმა, თავისი მხარდამჭერები მასიურად დაარეგისტრიროს “ბლაუგრანას” კლუბის წევრებად, შემდეგ ეს ადამიანები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას მიცემენ და მათთვის სასურველ, ანუ “ბარსელონასთვის” არასასურველ კანდიდატს გაამარჯვებინებენ. მსგავსი სცენარის ალბათობა არსებობს, თუმცა ძალიან მცირე.
მეორე მიზეზი კი კლუბის სტაბილური წევრების პრობლემაა. შეზღუდვების დაწესებამდე 2-ჯერ დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც “ბარსელონას” კლუბის წევრების რაოდენობა უცებ მნიშვნელოვნად გაიზარდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით. ეს 2006 და 2010 წლებში მოხდა. პირველად ჩემპიონთა ლიგის მოგების გამო, მეორედ კი კლუბის წევრების მატება შვედეთიდან დაფიქსირდა, მიზეზი ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი იყო. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, “ბარსელონამ” რომ ჩინელი ფეხბურთელი დაიმატოს.
რატომ ქმნის პრობლემას კლუბის წევრების უცაბედი მატება? საქმე ისაა, რომ წლიური ბიუჯეტის შედგენის დროს “ბარსელონას” აქვს გათვლა, რომ კლუბის წევრების 85-90% წევრობას გაახანგრძლივებს, ანუ ბიუჯეტში მათგან საწევრო შევა. 2006 და 2010 წლებში კი სიტუაცია სრულიად არაპროგნოზირებადი იყო და ორივე შემთხვევაში ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა წევრობის გახანგრძლივებაზე უარი თქვა. ღია წევრობის შემთხვევაში ეს პრობლემა ყოველთვის იარსებებს, შეზღუდვების შემთხვევაში კი ადამიანები რთულ მონაპოვარს უფრო მოუფრთხილდებიან. მაგალითად, ამ სტატიის ავტორი 4 წლის განმავლობაში დადიოდა “კამპ ნოუს” ოფისში იმისათვის, რომ საბოლოოდ კლუბის წევრობის უფლება მიეღო. ბუნებრივია, ის ამ სტატუსს გაცილებით რთულად დათმობს, ვიდრე ადამიანი, რომელმაც ეს სტატუსი ელექტრონულად, მარტივი ფორმის შევსებით მიიღო.
რაც უფრო მარტივად მოიპოვებს გულშემატკივარი სტატუსს, მით უფრო მარტივად დათმობს მას და კლუბს მის დასაბრუნებლად დამატებითი ძალისხმევისა და ფინანსების დახარჯვა მოუწევს.
რატომ უქმდება შეზღუდვები?
ოფიციალური პოზიცია ასეთია – კლუბის წევრობის ოცნების ახდენის საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს, ხოლო “ბარსელონას” მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი კლუბის წევრი უნდა ჰყავდეს.
რეალური მიზეზი კი, ალბათ, ისაა, რომ “ბარსელონას” დამატებითი შემოსავლები ჭირდება.
როგორ მოხდება გაწევრიანება?
გაწევრიანების ახალი პროცედურა ჯერჯერობით უცნობია. არც ის ვიცით, ისევ “კამპ ნოუს” ოფისში მისვლა იქნება აუცილებელი, თუ განაცხადის შეტანა ელექტრონულად, მაგალითად საქართველოდანაც იქნება შესაძლებელი.
რატომ უნდა გავხდე კლუბის წევრი?
სტატუსისა და საწევრო ბარათის გარდა “ბარსელონა” არაერთ ხელშესახებ პრივილეგიას გვთავაზობს. მათ შორისაა უფასო Barca TV+ მთელი წლის განმავლობაში, ფასდაკლებები “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიაში, თამაშების ბილეთებზე, ფასდაკლება მუზეუმისა და “კამპ ნოუს” ტურზე და რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნებში თუ სხვა მნიშვნელოვან გამოკითხვაში ხმის მიცემის უფლება.
რა ღირს წევრობა?
ამჟამად არსებული ფასები ასეთია:
- 0-5 წლის ადამიანისთვის: წელიწადში 44 ევრო;
- 6-14 წლის ადამიანისთვის: წელიწადში 92 ევრო;
- 15 წელს ზევით: წელიწადში 185 ევრო.
არის თუ არა ეს ცვლილება უკვე მიღებული?
რა თქმა უნდა, არა. თუ სტატიას ყურადღებით კითხულობდი, მიხვდებოდი, რომ ასეთი მნიშვნელობის ცვლილების მიღებას უკვე არსებული კლუბის წევრების თანხმობა ჭირდება.
დიდი ალბათობით, ზაფხულში გასამართ გენერალურ ასამბლეაზე ლაპორტას გუნდი ამ საკითხში გულშემატკივრების მხარდაჭერას მიიღებს, მაგრამ არა 100%-ის. დირექტორთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ.
მაინც იჩინა თავი კრიზისმა, რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ. შემოსავალს სანთლით დაეძებს გუნდი.
წელიწადში 185€ ძალიან იაფია😍
გავყიდოთ 2-3 კილო ბალი და საწევროს ფული გვექნება
ჩვენ უშემოსავლო ღარიბი ქვეყანა ვართ!.. მაგდენის გადახდას ჯერ-ჯერობით ვერ შევძლებთ, არადა ღამეები არ გვძინავს ამ გუნდის გამო (დროში სხვაობა+ნერვები)!!!
უფასოდ ყურებაში დამაგლიჯეს ნერვები და მაგათ რომ ფულს ვუხდიდე ხო გადავამხე 7/24ზე ყოველი ცენტი..
185 ევრო ჩვენნაირი ქვეყნისთვის საკმაოდ ძვირია