ზედიზედ მეორედ “ბარსელონას” “დაჭრილ” გრანდთან დაპირისპირება უწევს.
ისევე, როგორც “რეალის” შემთხვევაში, “იუვენტუსიც” ცუდ ფორმაშია, რასაც სერიოზული საკადრო პრობლემები ახლავს თავს. იმედი გვაქვს, “ბარსელონა” ამ უპირატესობით ამჯერად მაინც იხეირებს, თუმცა კარგი ფორმა და სრულად ჯანმრთელი შემადგენლობა არც კატალონიელთა ბანაკში შეინიშნება.
სათამაშო ფორმა
უკვე აღვნიშნეთ, რომ ორივე გუნდი ცუდ ფორმაშია. “იუვენტუსი” ამ სეზონში წაუგებელია, მაგრამ ტურინელები მაინც უჩვეულოდ ცუდ შედეგებს აფიქსირებენ. ზედიზედ 2 მოუგებელი თამაში, ბოლო 7 თამაშში მხოლოდ 2, ხოლო ბოლო 13 თამაშში მხოლოდ 4 მოგება – ასეთი შედეგები აქვს “ბებერ ქალბატონს” იტალიის ჩემპიონატში. ტურინელებს სერია A ზედიზედ 9-ჯერ აქვთ მოგებული, ახლა კი ისინი მე-5 ადგილზე არიან. ბოლო ტურში ანდრეა პირლოს გუნდმა “ვერონას” საკუთარ კედლებში ვერ სძლია (1-1).
ჩემპიონთა ლიგა “იუვემ” დამაჯერებლად დაიწყო და კიევში “დინამო” ალვარო მორატას დუბლით 2-0 დაამარცხა.
“ბარსელონა” ლა ლიგის ცხრილში კიდევ უფრო ღრმადაა ჩაშვებული და მე-12 ადგილს იკავებს. არადა კუმანის გუნდმა გათამაშება 4-0 და 3-0 გამარჯვებებით დაიწყო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დიდად სტაბილურობით ვერც სხვა ესპანური გუნდები გამოირჩევიან. “ბარსელონას” უმეტესობა მათგანზე 2 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და მათი მოგების შემთხვევაში ცხრილში მნიშვნელოვნად წინ იქნებოდა, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ვერა.
“ბარსამ” ლა ლიგის ბოლო 3 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო, “სევილიასთან” საკუთარ კედლებში (1-1). მას შემდეგ კუმანის შეგრიდებმა ჯერ “ხეტაფესთან” სტუმრად (0-1), შემდეგ კი “რეალთან” შინ (1-3) წააგეს.
რაც შეეხება ლიგას, აქ კატალონიელებმაც ივარგეს – ჯგუფის აუტსაიდერი “ფერენცვაროში” 5-1 გაანადგურეს. პირველივე ტურში დადასტურდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე “ბარსელონასა” და “იუვენტუსის” ერთადერთ მოტივაცია პირველი ადგილისთვის ბრძოლა იქნება, მომდევნო ეტაპზე გასვლა კი საეჭვო არცერთი გუნდის შემთხვევაში არ უნდა გახდეს.
დანაკლისი
“იუვენტუსს” გუნდის მთავარი ვარსკვლავი, თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთლი კრიშტიანუ რონალდუ არ ეყოლება, რომელმაც უკვე 2 კვირაზე მეტია კორონავირუსი ვერ დაამარცხა.
ანდრეა პირლომ დაადასტურა, რომ მატიას დე ლიხტისა და ჯორჯო კიელინის თამაში გამორიცხულია და ჯერ კიდევ საეჭვოა ლეონარდო ბონუჩის მოედანზე ხილვა. კიდევ ერთი დანაკლისია მარცხენა მცველი ალექს სანდრო, რომელსაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.
საკადრო პრობლემები რონალდ კუმანსაც საკმაოდ აქვს. ტრავმირებულ მარკ-ანდრე ტერ შტეგენსა და სამუელ უმტიტის ფილიპე კოუტინიოც შეუერთდა, ჟერარ პიკე კი, “ფერენცვაროშთან” მიღებული გაუმართლებელი წითელი ბარათის გამო, დისკვალიფიცირებულია. ნიდერლანდელი სპეციალისტის განკარგულებაში მხოლოდ 2 ცენტრალური მცველია – კლემან ლანგლე და რონალდ არაუხო. მან სათადარიგოთა სკამისთვის ახალგაზრდა მოთამაშეების გამოძახებაც ვერ მოახერხა.
ურთიერთშეხვედრები
გუნდებს შორის აქამდე ჩატარებულ 14 შეხვედრაში თანაფარდობაა – 5-5 მოგება/წაგება და 4 ფრე. ბურთების შეფარდებაში უპირატესობა “ბარსას” აქვს – 19-16.
“ბარსელონასა” და “იუვენტუსის” პირველი დაპირისპირება 1952 წელს, ლათინური თასის 1/2-ფინალში შედგა. ის თამაში “ბლაუგრანამ” 4-2 მოიგო, გოლები კი მანჩონმა, ბასორამ (2) და კუბალამ გაიტანეს.
ამის შემდეგ ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) ჯერი დადგა. 1970 წელს, 1/16-ფინალში “იუვემ” ორივე შეხვედრა 2-1 მოიგო. “ბარსელონას” მხრიდან გოლები მარსიალმა და პუჟოლმა გაიტანეს.
ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე გუნდები პირველად ერთმანეთს 1986 წელს, 1/4-ფინალში შეხვდნენ. ესპანეთში ჩატარებული თამაში მასპინძლებმა ხულიო ალბერტოს გოლით მოიგეს, იტალიაში კი გუნდებმა 1-1 ითამაშეს (“ბარსას” მხრიდან გოლი არჩიბალდმა გაიტანა).
5 წლის შემდეგ უფრო ძლიერი ისევ “ბარსელონა” გამოდგა. თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველ ეტაპზე “ბარსამ” “კამპ ნოუზე” 3-1 მოიგო. გოლები სტოიჩკოვმა (2) და გოიკოეჩეამ გაიტანეს. განმეორებით შეხვედრაში “იუვენტუსმა” 1-0 მოიგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც კატალონიელები გავიდნენ. ამ ორივე შეხვედრაში სრულად ითამაშა “ბარსელონას” ამჟამინდელმა დამრიგებელმა, რონალდ კუმანმა.
ამის შემდეგ გუნდები ერთმანეთს სულ ჩემპიონთა ლიგაზე ხვდებიან. 2003 წელს, 1/4-ფინალში “ბარსამ” უპირატესობა ვერ გამოიყენა. კატალონიელებმა, ხავიერ სავიოლას გოლით, ტურინში უპირატესობა მოიპოვეს (1-1). “კამპ ნოუზე” იგივე ანგარიში იყო (ჩავის გოლი), როდესაც 79-ე წუთზე მოედნიდან ედგარ დავიდსი გააძევეს და “იუვენტუსი” რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. თუმცა, 114 წუთზე მარსელო სალაიეტას მიერ გატანილმა გოლმა “ბლაუგრანა” ნახევარფინალს მიღმა დატოვა.
ამის შემდეგ იყო გუნდებს შორის გამართული მთავარი დაპირისპირება – 2015 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელში 3-1 მოგებითაც “ბარსელონამ” თბილისში გასამართ ევროპის სუპერ თასზე თამაშის უფლება მოიპოვა. ბერლინში გამართულ იმ თამაშში გოლები ივან რაკიტიჩმა, ლუის სუარესმა და ნეიმარმა გაიტანეს, მეტოქე გუნდის მხრიდან კი თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა, რომელიც ტურინულ გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა. ის შეხვედრა სრულად ჩაატრა “ბებერი ქალბატონის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა, ანდრეა პირლომ.
იტალიელებმა რევანში 2017 წელს აიღეს. ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში მათ კატალონიელები აშკარად დაჯაბნეს და 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. განმეორებითი თამაში 0-0 დასრულდა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ორრაუნრიანი დაპირისპირება, რომელშიც “ბარსამ” გოლი ვერ გაიტანა.
მომდევნო სეზონში იგივე ანგარიშები უკვე “ბარსელონას” სასარგებლოდ განმეორდა, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე. “კამპ ნოუზე” მასპინძლებმა მესის დუბლისა და ივან რაკიტიჩის გოლით იმარჯვეს.
საინტერესოა, რომ “ბარსელონასა” და “იუვენტუსს” შორის ჩატარებული პირველი 10 თამაშიდან 8-ში გოლის გატანა ორივე გუნდმა მოახერხა, ბოლო 4 დაპირისპირებაში კი ასეთი რამ არ მომხდარა.
“იუვენტუსს” ესპანურ გუნდებთან გამართულ 64 თამაშში 24 მოგება, 16 ფრე და 24 მარცხი აქვს, ბურთების შეფარდება – 74-70. აქედან 29 მატჩი, 17 მოგება, 9 ფრე და 3 მარცხი ტურინში ჩატარებულ შეხვედრებზე მოდის.
“ბარსელონას” იტალიურ გუნდებთან 58-ჯერ უთამაშია. კატალონიელებს 29 მოგება, 18 მოგება და 11 ფრე დაუგროვდათ. მათ 99 გოლი გაიტანეს და 58 გაუშვეს. იტალიაში ჩატარებული 26 მატჩიდან “ბლაუგრანამ” 7 მოიგო, 12 ფრედ ითამაშა და 7 წააგო.
გამორჩეული ფეხბურთელები
ვინაიდან მესისა და რონალდუს დაპირისპირებას ვერ ვიხილავთ, აქცენტი სხვა ფეხბურთელებზე გავაკეთოთ.
დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული იქნება არტურისთვის და მირალემ პიანიჩისთვის. გასულ ზაფხულში “ბარსამ” და “იუვენტუსმა” სწორედ ეს ფეხბურთელები გაცვალეს და ახლა ბოსნიელი და ბრაზილიელი შეეცდებიან დაამტკიცონ, რომ სწორი გადაწყვეტილება მათმა ამჟამინდელმა გუნდმა მიიღო.
არტურმა “ბარსელონაში” 2 სეზონი ჩაატარა, მონაწილეობა 72 შეხვედრაში მიიღო, 4 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 ტიტული მოიგო. მან ის თამაში ნამდვილად ვერ აჩვენა, რასაც მისგან ელოდნენ, ამაში კი დიდი როლი ტრავმებმა ითამაშა.
საპირისპიროდ, არაფერი დაეწუნება პიანიჩის ტურინულ კარიერას – 178 თამაში, 22 გოლი და 7 ტიტული.
თამაში გამორჩეული იქნება მიმდინარე სეზონში “ბარსას” პირველ მეკარედ მოვლენილი ნეტუსთვისაც, რომელიც 2015-2017 წლებში ჯიჯი ბუფონის რეზერვისტი იყო. ბებერი ქალბატონის მაისურით მან 22 თამაშის ჩატარება მოახერხა.
არბიტრი
UEFA-მ შეხვედრის განსასჯელად 37 წლის ნიდერლანდელი დანი მაკელი მიავლინა. მას როგორც “იუვენტუსის”, ასევე “ბარსელონას” მატჩში აქამდე ერთხელ უმსაჯია. ორივე ეს დაპირისპირება ესპანურ-იტალიური იყო.
2019 წლის სექტემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “იუვენტუსმა” “ატლეტიკოსთან” მადრიდში 2-2 ითამაშა.
“ბარსელონამ” კი, 2018 წელს, ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში, “რომა” 4-1 დაამარცხა.
დანი მაკელის ამ ორ მატჩში არც თერთმეტმეტრიანი დაუნიშნავს და არც წითელი ბარათი უჩვენებია.
სტატისტიკა
- “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო;
- “ბარსელონას” ბოლო 6 საჩემპიონთალიგო თამაშიდან ხუთში მინიმუმ 3 გოლი გადიოდა;
- “იუვენტუსი” მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე წაუგებელია;
- “ბარსელონას” იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში წაგება არ აქვს;
- ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან ხუთში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 გასვლით თამაშში წაგება არ აქვს.
მწვრთნელების კომენტარები
რონალდ კუმანი: “იუვესთან” მატჩი გადამწყვეტი არაა, თუმცა, ეს იქნება დიდებული გუნდის წინააღმდეგ მაღალი დონის დაპირისპირება და გვინდა, კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.” რონალდ კუმანის კომენტარი სრულად.
ანდრეა პირლო: “იღბლიანები ვართ, რომ დიდი კლუბებისა და დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში გვიწევს. ეს გადამწყვეტი თამაში არაა, მაგრამ ვაპირებთ ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ.
ლიონელ მესი ისევ უმაღლეს დონეზე იმყოფება. მის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია, ახლა კი მას როგორც მწვრთნელი დავუპირისპირდები.
ვინაიდან მხოლოდ 4 მცველი მყავს, ოთხმცველიანი ტაქტიკით ვითამაშებთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა მსხვერპლი უნდა გაიღონ.”
სავარაუდო შემადგენლობები
Uefa
იუვენტუსი: შჩესნი, კუადრადო, დემირალი, დანილო, ფრაბოტა, კულუსევსკი, ბენტანკური, რაბიო, კიეზა, დიბალა, მორატა
ბარსელონა: ნეტუ, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, გრიზმანი, ფატი, მესი.
Whoscored
იუვენტუსი (4-4-1-1): შჩესნი, კუადრადო, დემირალი, ბონუჩი, დანილო, კიეზა, არტური, რაბიო, რემზი, კულუსევსკი, მორატა.
ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, გრიზმანი, პედრი, ფატი, მესი.
Sportsmole
იუვენტუსი: შჩესნი, დემირალი, ბონუჩი, დანილო, კიეზა, ბენტანკური, რაბიო, კუადრადო, რემზი, დიბალა, მორატა.
ბარსელონა: ნეტუ, დესტი არაუხო, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, გრიზმანი, ფატი, მესი.
Sportskeeda
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი, დანილო, კულუსევსკი, ბენტანკური, რაბიო, კიეზა, დიბალა, მორატა.
ბარსელონა (4-4-2): ნეტუ, დესტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, ტრინკაუ, გრიზმანი, ფატი, მესი.
პროგნოზები
ისეთი დრო დაუდგა “ბარსელონას”, რომ განახევრებული შემადგენლობით მოთამაშე “იუვენტუსთანაც” კი ყველა მის წაგებას ვარაუდობს. არადა, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჯერ კიდევ “ბარსელონაში” თამაშობს.
- WhoScored: 1-0
- Sportsmole: 2-1
- Sportskeeda: 2-1
- Squawka: 2-1
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge წარმოგიდგენთ.
ეს ᲗამაᲨი აუცილებლად უნდა მოვიგოᲗ.. პირლო გამოუცდელი მწვრᲗნელია და Შესაბამისად სამწრᲗველო ჯახᲨი კუმანმა უნდა დაჯაბნა.. მეორე ის რომ ნახევარდაცვის მეტი პოტენციალი Ჩვენ გვაქვს ფიზიკურაᲗაც კარგ ფორმაᲨი არიან Თუ ბუსის არ ᲩავᲗვლიᲗ….ᲨეტევაᲨი კი ორი ისეᲗი გვყავს რო ლაპარაკიც ზედმეტია მაᲗგან სიუპრიზებს ყოველᲗვის უნდა ველოდოთ… ისტორიაში საუკეᲗესო მეფე ლეო და აწ საუკეᲗესო ფატი.. ბიᲭებო პოზიტიურად ᲨევხედოᲗ ყველაფერს ჯერ წინაააღმდეგ ყველაფერი Თან ეს საᲨინელი კაციც მოგვცილდა ახლა რაც მᲗავარია ხასიათზე მოვიდეს სასტავი და ᲗამაᲨიიდან სიამოვნება მიიᲦოონ აი მერე ვნახავთ რომელ გუნდს Ჩამოწერენ და რიმელს არა…
კიდევ ერთი დანაკლისია მარცხენა მცველი ალექს სანდრო, რომელსაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია.
რაღა დანაკლისია, თუ არ თამაშობდა ისედაც. ეგ ისეა როგორც ტერ შტეგენზე რო დაგეწერათ, დაგვაკლდებაო.
""ბარსელონას" იტალიურ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში წაგება არ აქვს"
და რომას შემდეგ ნაპოლის გარდა ვის ვეთამაშეთ?
მსაჯი ჩვენია. 😆 კუმანი დაკერავდა, "ზემლიაკები" არიან.
P.S. პროგნოზისტებს თუ ვენდობით 1 ბურთით ვაგებათ და ბილეთი ხომ არ დავდო იუვეს ფორა იქსი. 😏 თუმცა კლასიკოში ბარსას წაგება არცერთს არ ეწერა.
ასე უნდა ითამაშონ იუვესთან ჩემი აზრით:
————————–ნეტო———————–
დესტი——-არაუხო——ლენგლე——ალბა
————————ბუსკეცი—————-
————პიანიჩი———-დე იონგი——–
გრიზმანი (დემბელე)—-მესი——-ფატი—–
შედეგის მიუხედავად დღეს თუ ნორმალურად ვითამაშეთ, ვეერავინ დამაჯერებს რო ბართუშამ წასვლის წინ კლასიკოში არ წაიმაიმუნა. და დღეს თუ იუვესაც ცუდათ ვეთამაშეთ მაშინ კუმანიც წასასვლელია
4-3-3 თუარ ათამაშა ცენტრს ვერ დავიჭერთ
კარგი გახსნილი თაშის მოლოდინი მაქვს იმედია ფატი მესი გრიზმანი დემბელეს
შემტევ ოთხეულს ვიხილავთ სუპერ შემტევი ოთხეულის წინააღმდეგ ვნახოთ რას დაუპირისპირებს პირლო
მიუხედავად იმისა რომ ამ ორი გუნდის დაპირისპირება სანახაობრივია ხოლმე დღეს მგონი რომ ორივე ძაან ფრთხილად ითამაშებს. უპორატესობა ჩვენს მხარესაა, პიკე სთამაშიდან გამომდინარე ვერ ვიტყვით რომ დანაკლისია, კოუ დაგვაკლედბა, მაგრამ იუვეს დცვა ძაან შესუსტებულია და უნდა ავაწიოკოთ წესით!