…რომ არ არსებობდეს “პასი”, მაშინ ფეხბურთელები ერთმანეთს ბურთს ვერ გადააწვდიდნენ. რომ არა პასი, მაშინ არ იარსებებდა საგოლე პასის ავტორი. რომ არა პასი, მაშინ არ იქნებოდა გუნდური თამაში და რომ არა პასი, “ბარსას” 8 ფეხბურთელი იმ ათეულში ვერ მოხვდებოდა, რომელთაც “პრიმერა დივიზიონში” ყველაზე მეტჯერ აქვთ საკუთარი პარტნიორითვის ბურთი გადაწოდებული…
“ბარსას” ნახევარდაცვა უნიკალურად გამოიყურება. სწორედ აქედან იღებს სათავეს ის გოლები, რომლებიც ასე ტკბილად ახსოვთ “ბარსელონისტებს” და ასე მწარედ “მოწინააღმდეგეგუნდისტებს”. ჩავი – გუნდის მეგზური, ბუსკეტსი – პირადი მცელი და ინიესტა – მაგიური. ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც პასების მხრივ “პრიმერაში” ერთ–ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ.
საუკეთესო მეპასეთა ათეულიდან, “ბარსაში” 8 ფებურთელი თამაშობს. პირველი ადგილი ხელთ (ფეხთ) ჩავი ერნანდესს, ერთ თამაშში საშუალოდ 126 გაკეთებული პასით უპყრია, რომელსაც შემდეგ ალეში, ბუსკეტსი და მაშერანო 91 პასით მოსდევენ. მეხუთე ადგილზე ინიესტა, საშუალოდ 86 გაკეთებული პასით იმყოფება. ანდრესს კი “ვალენსიას” ღირსების დამცველი, ევერ ბანეგა საშუალოდ 86 გაკეთებული პასით მოსდევს.
“ტოპ ათეულში” ჩვენ ასევე მაქსველის, აბიდალისა და კეიტას გვარების მოძებნაც შეგვიძლია, რომლებსაც შესაბამისად ერთ მატჩში საშუალოდ 75, 73 და 71 პასი აქვთ გაკეთებული. ბრაზილიელი და მალელი ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ, თუმცა როდესაც ხვდებოდნენ, პასების მხრივ, გუნდის ერთ–ერთ ყველაზე პროდუქტიულ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ. როგორც ხედავთ, კატალონიელები პასების რაოდენობას, წითელი ბარათებისგან განსხვავებით, არ უჩივიან. აქვე გეტყვით, რომ ათეულის ბოლო ადგილზე “რეალ მადრიდის” ნახევარმცველი, ჩაბი ალონსო 90 წუთში საშუალოდ 70.9 გაკეთებული პასით გავიდა.


