გუშინ “კამპ ნოუზე” გაირკვა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტის ვინაობა. ორ მატჩის ჯამში გატანილი გოლების წყალობით კატალონიის “ბარსელონამ” “უემბლის” ფინალის საგზური მოიპოვა.
დღეს, “ოლდ ტრაფორტზე” გაიმართება მეორე ნახევარ–ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” და გერმანული “შალკე” დაუპირისპირდებიან. სწორედ ამ წყვილის გამარჯვებული გაუწევს ფინალში “ბარსელონას” მეტოქეობას. შესაბამისად, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღმიშნულ შეხვედრას “ოლდ ტრაფორტის” სტადიონის ტრიბუნებიდან ადევნოს თვალი.
გვარდიოლას გუნდს დაძაბული 18 დღის შემდეგ ორ დღიანი დასვენების საშუალება მიეცა. ამით ისარგებლა თავად მწვრთნელმა და დღეს მანჩესტერში გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა “შალკესა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის, რომელიც გერმანიაში გაიმართა, ინგლისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა.



