მადრიდის ”რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა ჟოზე მურინიო გააკრიტიკა იმ განცხადებების გამო, რომელიც ამ უკანასკნელმა ”უეფას” მისამართით გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარ-ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ მოურინიომ ”უეფა” ”ბარსელონას” მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
”მიუღებლად მიმაჩნია მისი გამონათქვამები ”უეფასა” და მსაჯობის მიმართ. ეს ”რეალის” ისტორიას არ შეეფერება. მოურინიო შესანიშნავ მწვრთნელად მიმაჩნია, თუმცა მისი განცხადებები ზიანს აყენებს ”რეალს”. დიდმა კლუბებმა არასდროს უნდა იმართლონ თავი მსაჯების შეცდომებით.” – განაცხადა კალდერონმა.
დამატებით შეგახსენებთ, რომ მოურინიომ ”ბარსელონასთან” მარცხში გაეროს ბავშვთა ფონდიც (UNICEF) გარია. მოგეხსენებათ, ”ბარსელონა” აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო აქციებში. კლუბი UNICEF-ს ყოველწლიურად 1,5 მილიონ ევროს ურიცხავს.


