გუშინ გაირკვა მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა. ”ბარსელონამ” ორი მატჩის ჯამში ”რეალი” დაამარცხა (3-1) და ”უემბლის” ფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარ-ფინალურმა შეხვედრებმა სკანდალური განცხადებებისა და გადაწყვეტილებების ფონზე ჩაიარა. თუმცა სტატისტიკა, რომელიც მეორე მატჩში დაფიქსირდა უფრო დიდ გაოცებას იწვევს.
კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია და საფეხბურთო სამყაროში ხშირად დაობენ იმის თაობაზე თუ ვინ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას – ლიონელ მესი, თუ კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელი ”რეალის” ლიდერია და ხელმძღვანელობა მასზე დიდ იმედებს ამყარებს, თუმცა მან გუშინ ერთხელაც ვერ დაარტყა ”ბარსას” კარის მიმართულებით. ”ოპტას” ინფორმაციით, ”რეალში” გადასვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართულ მატჩებში რონალდუმ პირველად ვერ დაარტყა მეტოქე გუნდის კარში.
გუშინ გამართული შეხვედრის პირველ ტაიმში მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელებს ”ბარსელონას” კარის მიმართულებით არ დაურტყამთ, მაშინ როცა კატალონიელებმა თავის ანგარიშზე შვიდი დარტყმა ჩაიწერეს. აქედან ოთხი კასილიასის კარის მიმართულებით წავიდა.



