პეპ გვარდიოლამ პრეს–კონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ კატალონიელებმა მეტოქეს ერთიანობა უნდა აჩვენონ. პეპი თვლის, რომ ეს ძალიან რთული თამაში იქნება.
გვარდიოლამ ღიად მიმართა ფანებსა და ფეხბურთელებს: “ჩვენ აუცილებად შევუტევთ, მაგრამ ამას ერთიანი ძალებით გავაკეთებთ. ამას იმ ხალხისთვის გავაკეთებთ, ვინც მოედანზე ჩვენს გასამხნევებლად მოდის. ხვალ დავამტკიცებთ, რომ “ბლაუგრანა” იმსახურებს მხარდაჭერას. მოედანზე ჩვენ უნდა ვდომინირებდეთ, როგორც ეს “ბერნაბეუზე” გავაკეთეთ. მოტივირებულნი უნდა ვიყოთ, რადგანაც ურთულესი მატჩი იქნება და ძალიან ემოციური. სწრაფად უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და ფლანგებიდან შევაწუხოთ მეტოქე, ვიცი, რომ ამაში 100.000 გულშემატკივარი დაგვეხმარება”.
წინდახედულობა
მიუხედავად ორ ბურთიანი უპირატესობისა გვარდიოლამ განაცხადა: “როგორც კარანკამ თქვა, ამ გუნებს შორის არის 109 წლიანი დაპირისპირება და დღევანდელი მატჩიც ამის გაგრძელებაა. ორივე გუნდი იბრძვის ტიტულისთვის, მადრიდელების მწვრთნელი უბრძოლველად არაფერს დათმობს, ამიტომაც ორმაგად ფრთხილნი უნდა ვიყოთ. შესაძლოა ეს თამაში მადრიდელთათვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი ამ სეზონშ ჰქონიათ”.
გვარდიოლას ასევე ჰკითხეს იმ საჩივარზე, რომელიც “რეალმა” შეიტანა “უეფას” დისციპლინარულ კომიტეტში, რათა დასჯილიყო “ბარსას” 6 ფეხბურთელი და მათი მწვრთნელი: “თუ შენ უკმაყოფილებას გმაოხატავ და სარჩელი შეგაქვს დისციპლინარულ კომიტეტში, ესე იგი, შენი გადაწყვეტილების გჯერა. ისინი სხვა რამეს ფიქრობენ, ჩვენ–სხვას. ვიცი, რომ ჩემი ფეხბურთელები ბევრად ზრდილობიანები არიან, ვიდრე დეკლარაციის ფურცელზე დაწერილ დახასიათებაში. ამ კლუბში ვაფასებთ ადამიანის პიროვნულ თვისებებს და ეს შესანიშნავად იცის მადრიდელთა დამრიგებელმა, რომელმაც “ბარსელონაში” 4 წელი გაატარა. ისინი ისმენენ ჩემს პრეს–კონფერენციას, თუმცა წარმოდგენაც არ აქვთ რაზე ვსაუბრობ, ამას მხოლოდ ჩემი ფეხბურთელები ხვდებიან”.
დიდებული მიღწევა
“ეს ჩვენთვის უდიდესი შედეგია, როდესაც მხოლოდ 4 ქულა გვაშორებს ლა ლიგის ტიტულს და ზედიზედ მესამე წელია ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში ვასპარეზობთ. ძალიან დიდი მადლობა ფეხბურთელებს, რომელთა ძალისხმევითაც 1/2 ფინალში ვართ. მსურს ფანებმა მხარი დაუჭირონ “ბლაუგრანელებს”, რათა მათ მსოფლიოში საუკეთესო თამაში აჩვენონ”.
აბიდალის დაბრუნება
“ჩვენთვის ორი სასიხარულო ამბავია. ერთი ის, რომ დღეს გაირკვევა ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტის ვინაობა და მეორე, დაგვიბრუნდა ერიკ აბიდალი, რომელსაც მედიკოსებმა თამაშის ნება დართეს. ის თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ ვთვლი, რომ არ არის 90 წუთი სათამაშოდ მზად. ფანები მას უდიდეს მხარდაჭერას უცხადებენ, რაც ერიკს ახარებს. ჩვენ ბედნიერები ვართ მისი დაბრუნებით”.


