“უეფამ” არ დააკმაყოფილა მადრიდის “რეალის” თხოვნა, “ბარსელონას” ექვსი ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიმართ საჯარიმო სანქციების გატარებაზე, იტყობინება ესპანური გამოცემა “ას”.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ–ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ “ბარსელონასა” და “რეალის” ხელმძღვანელობამ “უეფას” სადიციპლინო კომიტეტს წერილი გაუგზავნეს. კატალონიელები საჯარიმო სანქციების გატარებას ითხოვდნენ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელის მიმართ, იმ კომენტარებისთვის, რომელიც მოურინიომ თამაშის შემდეგ გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ “უეფა” გადაწყვეტილებებს “ბარსელონას” სასარგებლოდ იღებს.
რაც შეეხება “სამეფო კლუბს”, ისინი “უეფასგან” დანიელ ალვესის, პედრო როდრიგესისა და სერხიო ბუსკეტსისათვის ორ მატჩიან დისკვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვდნენ, არასპორტული საქცილის გამო. მადრიდელების მტკიცებით ბუსკეტსმა რასისტული გამონათქვამები გამოიყენა მარსელო ჟუნიორის მიმართ. “თეთრები” ასევე მოითხოვდნენ ხოსე მანუელ პინტოს, ვიქტორ ვალდესისა და სეიდუ კეიტასთვის ერთ მატჩიან დისკვალიფიკაციას.
გარდა ამისა, “რეალის” წარმომადგენლები საჯარიმო სანქციების გატარებას მოითხოვდნენ პეპ გვარდიოლას მიმართაც, ვინაიდან მათი განცხადებით “ბარსელონას” ფეხბურთელები უშუალოდ გვარდიოლას დავალებით მოქმედებდნენ.
“უეფამ” არ მიიღო “რეალის” სარჩელი.



