თამაში “ნოუ კამპზე”, “ელ კლასიკო”, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, გამარჯვებულს წინ “უემბლიზე” თამაში ელის – ეს ყველაფერი გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ხვალ დაუვიწყარი საღამო გველოდება.
ბარსელონაში ყველას სჯერა, რომ ხვალ “ნოუ კამპზე” მოურინიო და მისი გუნდი კარგ გაკვეთილს მიიღებენ. კატალონიელებს სურთ, რომ “ბარსელონამ” ისეთი ფეხბურთი აჩვენოს, რომელიც აღარავის მისცემს უსამართლოდ ნაჩვენები წითლისა და სიმულიანტი ფეხბურთელებით თავის მართლების ნებას. როგორც სანდრო როსელმა განაცხადა, თითოეულმა ფანმა უნდა დაივიწყოს ბოლო დღეების პროვოკაციები და სრული კონცენტრაცია მინდორზე გადაიტანოს, სადაც გვარდიოლას მიერ დარიგებული ფეხბურთელები თითქმის ამოხსნილ, ფინალში გასვლის ამოცანის ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანას შეეცდებიან.
მადრიდში მიღწეული შედეგი გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ 28 მაისს “უემბლის” ბრწყინვალე სტადიონზე სწორედ ჩვენი გუნდი უმასპინძლებს ჩემპინთა ლიგის ფინალს. მაგრამ ყველაფერი ისე ადვილად არ არის, როგორც ბევრს ჰგონია. ცხოვრებისეული კანონები არც საფეხბურთი მინდორზე ირღვევა – ყველაზე სახიფათო ის გუნდია, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. “ბარსელონას” შეუძლია დაჭრილი მადრიდის “რეალის” დადუმება, ყოველ შემთხვევაში ამ სეზონში მაინც, მაგრამ ამისთვის კატალონიელ ფეხბურთელებს “ბლაუგრანას” თითოეული გულშემატკივრისგან უდიდესი მხარდაჭერა ესაჭიროება. ეს მატჩი ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, მაგრამ საკითხავი ისაა რომელი გუნდის ისტორიას დაამშვენებს ეს ასოები. იმის საფიქრელად რომ ეს სწორედ “ბარსელონა” იქნება, საჭიროა “ნოუ კამპზე” არც ერთი თავისუფალი ადგილი არ დარჩეს და სასურველია, ეს მხოლოდ “ბლაუგრანას” გულშემატკივრების დახმარებით მოხდეს.
ხვალინდელი საღამო იქნება მაგიური, დაძაბული, შესანიშნავი და ბრწყინვალე. ეს იქნება საღამო, სადაც ფეხბურთის ორი განსხვავებული ხედვა დაუპირისპირდება ერთმანეთს და გამარჯვებულიც იქვე გაირკვევა. ეს იქნება ლაღი, ლამაზი, დისციპლინირებული და ხისტი საფეხბურთო სტილების ჯახი. მიუხედავად ამისა, უსამრთლობა იქნება, თუ არ აღვნიშნავთ, რომ ეს სტილი შემტევი და ლამაზი ფეხბურთის მოყვარული მადრიდის “რეალისთვის” უცხოა. ეს ის გზაა, რომლითაც ჟოზე მოურინიო “ბარსელონას” დამარცხებას შეეცდება. გვარდიოლა კი თავის მენტალიტეტს არ უღალატებს და მის გუნდს ჩვეული ფეხბურთის სათამაშოდ გაუშვებს მინდორზე. ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ ცნობილი 5-0, მხოლოდ ეს მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ამ შედეგის გამეორების შესაძლებლობა მიეცემა გუნდს.
“ბარსელონამ” უნდა დაივიწყოს არსებული უპირატესობა და ითამაშოს ისე, თითქოს ეს ერთმატჩიანი დაპირისპირებაა და ყველაფერი ნულიდან იწყება. მადრიდიელებს მოგება ესაჭიროებათ, თანაც მინიმუმ ორბურთიანი უპირატესობით, რაც გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტუმრები პირველივე წუთებიდან შეტევაზე გადასვლას ეცდებიან, რაც “ბარსელონას” თამაშს გახსნის შესაძებლობას მისცემს, ეს ყველფაერი კი მხოლოდ კატალონიელთა წისქვილზე ასხამს წყალს.
მთავარია, ჟოზე მოურინიოს საფეხბურთო ხრიკზე არ წამოვეგოთ. მან პირველი მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისეთი განცხადება გააკეთა, თითქოს მისმა გუნდმა ფარ-ხმალი დაყარა, მაგრამ პორტუგალიელისგან ყოველთვის რაღაც უცხოსა და უცნაურს უნდა ელოდე. ეჭვი არავის ეპარება, რომ “რეალი” ბარსელონას” თავს შეაკლავს, რასაც მადრიდელი ფეხბურთელებიც ადასტურებენ. ყველამ ვიცით, რომ დედაქალაქელები გამარჯვების ფასად ყველაფერს გააკეთებენ, ამიტომ უნდა იყვნენ კატალონიელი ფეხბურთელები კონცენტრირებულნი ისე, როგორც არასდროს.
ყველას გვჯერა, რომ “კამპ ნოუ” უჩვეულოდ აქტიური იქნება. ეს სტადიონი იყვირებს, იღრიალებს, გახდება სცენა მსოფლიოს უდიდესო შოუსთვის. ეს სტადიონი ითამაშებს თეატრის როლს, სადაც კატალონიური სცენარი ხორცს შეისხამს და როდესაც უკვე ფინალში თამაში გარანტირებული იქნება, როდესაც “უემბლი” თვალწინ დაგვიდგება, მაშინ სტადიონი იმღერებს, იცეკვებს და თუ საჭიროა, იტირებს კიდეც ემოციებისგან. ხვალ ამ სტადიონზე 100000 კატალონიელი დაესწრება მატჩს, რომელიც თბილისის დროით 22.45 სთ-ზე დაიწყება.
მოურინიომ ბევრჯერ იკითხა და შესაძლოა კიდევ იკითხოს – რატომ? ამ კითხვაზე პასუხი პორტუგალიელმა ხვალ უნდა იპოვოს “ბარსელონას” ფეხბურთელების დახმარებით. იმიტომ, რომ ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა. იმიტომ, რომ ამ კლუბს სურს ისტორიის შექმნა. იმიტომ, რომ ეს კლუბი უნივერსალური და განუმეორებელია. იმიტომ, რომ ეს კლუბი უკვე მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთის ეტალონად იქცა. იმიტომ, რომ ეს პროექტი არა ფულით, არამედ ჟინით არის აწყობილი. იმიტომ რომ ამ ყველაფრის მფლობელი გუნდი ნამდვილად იმსახურებს ისეთ ტიტულს, როგორიც ჩემპიონთა ლიგის თასია!



