მიმდინარე სეზონის მიწურულს, 19 მაისს (შესაძლოა 12 მაისს), “ბარსელონას” მშობლიური სტადიონი, ესპანეთის სამეფო თასის ფინალს უმასპინძლებს. ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გუშინ მიიღო. ფინალურ მატჩში ერთმანეთს მადრიდის “ატლეტიკო” და “სევილია” შეხვდებიან. სწორედ ამ უკანასკნელმა გამოაგდო ტურნირიდან “ბარსელონა”. ფინალის ბარსელონაში გამართვის ინიციატორი მადრიდული მხარე იყო. სევილიას ვალენსიაში, “მესტალიაზე” სურდა თამაში იმის გამო, რომ ბარსელონა სევილიადან საკმაოდ შორს მდებარეობს.
მართალია მატჩის გამართვის თარიღად 19 მაისია დასახელებული, მაგრამ შესაძლოა იგი 12 მაისით შეიცვალოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მადრიდის “ატლეტიკო” ევროპის ლიგის ფინალში ვერ გავა.
აქამდე “კამპ ნოუზე” ესპანეთის თასის ფინალი ორჯერ გამართულა. 1962/63 წლების სეზონში, “ბარსელონამ” “სარაგოა” 3:1 დაამარცხა. კატალონიელებმა ევროტურნირის საგზური სწორედ ამ მოგებით მოიპოვეს, რადგან ესპანეთის ჩემპიონატში დაკავებული მე-6 ადგილი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.
7 წლის შემდეგ, “კამპ ნოუზე” თასის ფინალი კიდევ ერთხელ გაიმართა და მასში ერთმანეთს “რეალი” და “ვალენსია” დაუპირისპირდნენ. მატჩი მადრიდელებმა 3:1 მოიგეს.
ზოგადად ფინალურ მატჩს, “კამპ ნოუმ”, 6-ჯერ უმასპინძლა. უკანასკნელად ეს მოხდა 1999 წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის გადაწმყვეტ მატჩში ერთმანეთის პირისპირ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბაიერნი” წარსდგნენ. ტურნირის არსებობაში ყველაზე დრამატულ ფინალში ინგლისელებმა იმარჯვეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ 91-ე წუთამდე მარცხდებოდნენ.
“კამპ ნოუ” სამეფო თასის ფინალს უმასპინძლებს
დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!
გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.