workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლასა და მოურინიოს პრეს-დაპირისპირება

გვარდიოლასა და მოურინიოს პრეს-დაპირისპირება

ჟოზე მოურინიო ყოველთვის გამოირჩეოდა არბიტრების განსაკუთრებული კრიტიკით. თითქმის ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ ის მსაჯის მიერ არ დანიშნულ ჯარიმაზე, პენალტზე თუ გაფრთხილებებზე საუბრობს.

ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალური მატჩები. მატულობს დაძაბულობა. ნახევარ-ფინალში ერთ-ერთ წყვილს მოურინიოს ”რეალი” და გვარდიოლას ”ბარსელონა” შეადგენენ. ორშაბათს ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგის ”კლასიკოს” პორტუგალიელი არბიტრი, პედრო პროენსა განსჯიდა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოხატა პეპ გვარდიოლამ და განაცხადა: ”მოურინიო ალბათ კმაყოფილია, რომ არბიტრი პორტუგალიელია.” ვერ გეტყვით რამდენად იმოქმედა გვარდიოლას სიტყვებმა ”უეფას” წარმომადგენლებზე, თუმცა ფაქტი ერთია – მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”კლასიკოს” არა პორტუგალიელი პროენსა, არამედ გერმანელი რეფერი, ვოლფგანგ შტარკი განსჯიდა. ყველაფერი იწყება აქედან…

გუშინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მოურინიომ კრიტიკა არ დაიშურა გვარდიოლას მიმართ და თავის მხრივ მწვრთნელები სამ კატეგორიად დაჰყო: ”რაც შეეხება არბიტრად შტარკის დანიშვნას, ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პროენსაზე ზეწოლა. აღმოჩნდა, რომ უკვე სამი ციკლი შედგა. აქამდე მწვრთნელების ორი ჯგუფი არსებობდა. პირველი გუნდი, რომელშიც რიცხობრივად მწვრთნელების მცირე რაოდენობა შედიოდა, არასდროს საუბრობდა მსაჯებზე. მეორე გუნდი კი აკრიტიკებდა არბიტრებს, როდესაც ეს უკანასკნელნი სერიოზულ შეცდომებს უშვებდნენ. მეორე ჯგუფში შედიან ჩემნაირი მწვრთნელები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამალონ თავიანთი უკმაყოფილება, მაგრამ ამავდროულად შეუძლიათ მსაჯს მადლობა გადაუხადონ კარგი მუშაობისთვის. პეპის განცხადების შემდეგ კი ახალი ერა დაიწყო. გაჩნდა მესამე ჯგუფი, რომელშიც შევიდა გვარდიოლა. ის არბიტრებს მათი პროფესიონალიზმის გამო აკრიტიკებს. იმ ფანტასტიური თამაშის გამო, რომელსაც ეს მწვრთნელი გვთავაზობს, მის გუნდს ბევრი ფანატი ყავს, მაგრამ ყველა აკრიტიკებს მსაჯებს პროფესიონალიზმის გამო? ყველაფერი ეს იმის შედეგია, რომ თავისი მწვრთნელობის პირველ წელს გვარდიოლა ”ბარსელონასთან” ერთად ”სტემფორდ ბრიჯზე” ჩავიდა, სადაც დიდი სკანდალი მოხდა მსაჯის გამო, მაგრამ ეს ყველაფერი პეპს აწყობდა. გასულ წელს ”ინტერმა” ერთ საათზე დიდხანს ითამაშა პეპის ”ბარსელონას” წინააღმდეგ ათი კაცით. წელს ყველამ ნახა, თუ რა მოხდა ”არსენალთან” თამაშისას. ხოლო ესპანეთი თასის ფინალის შემდეგ, სადაც მსაჯმა ფანტასტიკურად იმუშავა, პეპმა ის გააკრიტიკა.

შტარკი, პროენსა – წარმოდგენა არ მაქვს ამ მსაჯებზე. მე მათგან თამაშის კარგად განსჯას მოველი. არ მინდა, რომ მსაჯი ჩემს გუნდს დაეხმაროს. არ მინდა მსაჯი, რომელიც მეტოქეს ფეხს დაუდებს. მე მსურს, რომ ორი ტაიმის დასრულების შემდეგ ორივე მხარე კმაყოფილი იყოს მსაჯის მუშაობით. ხოლო რაც შეეხება გვარდიოლას, მას საშინელი აზრები აწუხებს. მას უხარია, როდესაც მსაჯები ცდებიან. მე არ მაქვს რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება მსაჯებთან. მე გამოვხატავ უკმაყოფილებას არასწორად მიღებული გადაწყვეტილების გამო. შესაძლოა, ეს ჩემი უარყოფითი შტრიხია. მსაჯებიდან მე მხოლოდ ერთთან ვმეგობრობ – ინგლისელ მარკ ჰალსისთან, რომელსაც კიბო ჰქონდა.

გვარდიოლა მაგონებს მგელს, ცხვრების ფარაში. მე ყოველთვის ერთნაირად ვიქცევი. ვფიქრობ, ეს კარგი თვისებაა – დარჩე ისეთი, როგორიც იყავი, მიუხედავად იმისა, მოიგო თუ წააგო შენმა გუნდმა.”

დამეთანხმებით, რომ მოურინიოს განცხადებები საკმაოდ მწვავე იყო. მოგვიანებით პრესას პეპ გვარდიოლა შეხვდა. მან პორტუგალიელი მწვრთნელის რეპლიკებს ხისტად უპასუხა: ”თუ მან (მოურინიო) გადაწყვიტა ჩემზე საუბარი, მეც იგივეს ვიზამ – ჩვენ ხვალ ერთმანეთს მოედანზე შევხვდებით. მოედანს გარეთ მან მოიგო თამაში და მე ვჩუქნი მას ჩემპიონობას – წაიღოს სახლში და დატკბეს. ჩვენც შეგვიძლია ჩამოვთვალოთ იმდენი არგუმენტი, რომ ამას დასარული არ ექნება, მაგრამ არ ვაპირებთ. ჩვენ უბრალოდ გავალთ ხვალ მოედანზე და ვითამაშებთ. არ მინდა პრესის ოთახში შევეჯიბრო მას – ის ამაში საუკეთესოა, მაგიურია. მე არ მინდა ამ თამაშში მონაწილეობის მიღება.

არ ვაპირებ ჩემი კომენტარების გამართლებას – მე უბრალოდ მივულოცე მადრიდელებს ფინალში გამარჯვება. თუ თქვენ თვლით, რომ სიმართლეა მისი უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს მე მუდამ ვწუწუნებ მსაჯებზე ჩემი სამ წლიანი მუშაობის განმავლობაში, მაშინ მე ვერაფრით დაგეხმარებით. მოედანს გარეთ, პრესის დახმარებით ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ მის წინააღმდეგ.”

გვარდიოლამ გაიხსენა ის ოთხი წელი, რომელიც მოურინიომ ”ბარსელონაში” მუშაობისას გაატარა. გარდა ამისა პეპი სერხიო რამოსის განცხადებასაც შეეხო: ”ჩემთვის სავსებით გასაგებია, რომ ეს სიტყვები რამოსმა კლუბის მითითებით თქვა. ექვსი წლის წინ მოურინიომ მსგავსი რამ გააკეთა, არწმუნებდა რა ”ჩელსის” ფეხბურთელებს მოქცეულიყვნენ ასე. ახლა კი ის იგივეს აკეთებს ”რეალში”.”

შეგახსენებთ, რომ ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის მატჩი დღეს გაიმართება. კატალონიელებს დიდი დანაკლისი აქვთ. მათ ვერ დაეხმარებიან ინიესტა, ადრიანო, მაქსველი, ბოიანი და აბიდალი, რომელიც სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშებს. მადრიდელებს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარებათ კარვალიუ.

დღევანდელ თამაშს პირდაპირ ეთერში წარმოგიდგენთ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”. მატჩის ტრანსლაცია დაიწყება თბილისის დროით 22:40 საათზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward