ხვალ კატალონიის ”ბარსელონა” მადრიდში გაემგზავრება და ”რეალის” წინააღმდეგ გამართავს მატჩს ”სანტიაგო ბერნაბეუზე”. თამაში ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში გაიმართება.
კატალონიის ”ბარსელონა” პრობლემის წინაშე დგას. ”ბლაუგრანას” კაპიტანი, კარლეს პუიოლი ტრავმის გამო მონაწილეობას არ იღებს აღნიშნულ თამაშში. პუიოლის არ ყოფნის დროს, მის ფუნქციებს ერიკ აბიდალი ითავსებდა, თუმცა ღვიძლის სიმსივნის გამო ფრანგი მცველი გუნდს დროებით გამოეთიშა. აღნიშნული პრობლემის გამო პეპ გვარდიოლა სერხიო ბუსკეტს ან ხავიერ მასკერანოს ათამაშებდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ნათლად გამოჩნდა, რომ მასკერანო გაცილებით უფრო ნაყოფიერია ცენტრში, ვიდრე ბუსკეტსი. თუმცა გასულ კვირას. ”ალმერიას” წინააღმდეგ თამაშისას მასკერანომ ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაციის გამო ის ”ბერნაბეუზე” გუნდს ვერ დაეხმარება.
ჩნდება შეკითხვა – ვინ უნდა ითამაშოს ხერარდ პიკეს მეწყვილედ? გვარდიოლას სამი არჩევანი აქვს: სერხიო ბუსკეტსი (ცენტრალური მცველის პოზიციაზე იგი არადამაჯერებლად გამოიყურება), გაბრიელ მილიტო (ტრავმების გამო მილიტომ უამრავი თამაში გამოტოვა და ფორმა დაკარგა) და ახალგაზრდა ფეხბურთელი – ფონტასი.
გთხოვთ, დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება: როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა ითამაშოს პიკეს მეწყვილედ – ბუსკეტსმა, მილიტომ თუ ფონტასმა?



