“კამპ ნოუს” სტადიონის უზარმაზარი თასის ჩრდილქვეშ, პატარა ფერმერული სახლი დგას, რომელიც უკვე ორ საუკუნეს ითვლის. ბოლო დრომდე შენობის შესასვლელთან ფოტოსურათი ეკიდა, რომელზეც ლურჯ-შინდისფერ მაისურში შემოსილი სამი ახალგაზრდა ადამიანი და კოსტუმში გამოწყობილი ჭაღარა მოხუცი იყვნენ აღბეჭდილნი. თანაც, სურათს წარწერა ამშვენებდა, რომელიც კატალონიურიდან ასე ითარგმნება: “მონდომების ხარჯზე ყველაფრის მიღწევა შეიძლება. წინ, ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს”. ამ ფოტოს ყოველდღე ხედავდნენ “ბარსელონას” ფეხბურთელები, რომლებსაც დღეს 98 ათასიანი სტადიონი დითირამბებს უძღვნის.
ზემოთნახსენები ფოტოსურათი 1992 წელს იქნა გადაღებული. კატალონიური კლუბის ახალგაზრდული აკადემიის კურსდამთავრებულები, გილერმო ამორი, ალბერტ ფერერი და ხოსეპ გვარდიოლა ესპანეთის ჩემპიონები, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულულები და ოლიმპიური ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ. ეს “ლა მასიას” პირველი ხმაურიანი წარმატება გახლდათ, რომელმაც 30 წელიწადში, ავტორიტეტით, “აიაქსის” ახალგაზრდულ აკადემიას აჯობა. ყველაფერ ამას კი, ფოტოზე აღბეჭდილ მოხუცს, ხოსეპ მუსონსს უნდა უმადლოდნენ, რომელიც “ბარსელონას” ტალანტების სამჭედლოს, მისი დაარსების დღიდან, 1979 წლიდან, პრეზიდენტ ნუნიესის გადადგომამდე, 2000 წლამდე ხელმძღვანელობდა.

თუმცა, არამარტო მუსონსს. კატალონიაში სრულფასოვანი საფეხბურთო აკადემიის შექმნის იდეა იოჰან კრუიფს ეკუთვნის, რომელიც საფეხბურთო კარიერის მიწურულს, ესპანურ მიწაზე საუკეთესოს დათესვას ცდილობდა, რაც კი ნიდერლანდებში ენახა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ხოსეპ ნუნიესმა იდეა მოიწონა და შექმნილი ახალგაზრდული განყოფილებისთვის, ლა მასია გამოყო. გაფართოვებული საკლუბო ოფისებისთვის ეს შენობა უკვე ძალიან პატარა იყო. ბედის ირონიით, აკადემიას “ნაღები” პირველმა კრუიფმა მოხადა, ვინაც კატალონიის დედაქალაქში ათი წლის შემდეგ მწვრთნელის რანგში დაბრუნდა. მისი უსაყვარლესი ტოტალური ფეხბურთი არამხოლოდ პირველ გუნდზე, არამედ კლუბის ყველა ასაკობრივ კატეგორიაზე გავრცელდა.
“ერთიანი ფილოსოფია შეიქმნა, ერთიანი მენტალობა – საკლუბო სისტემის ძირიდან დაწყებული, კენწეროთი დამთავრებული”, – ლა მასიას საიდუმლოებს ყოფილი ტექნიკური დირექტორი პეპ სეგურა ამხელს – “თამაშის სტილი და საფეხბურთო საწყისები ყოველდღიური მუშაობით განისაზღვრება. როდესაც ხავისა და ინიესტას ხედავთ, იცით, რომ პროფესიონალიზმი გააჩნიათ, მაგრამ მათ ასევე თავიანთი სტილი აქვთ, სტილი, რომელიც აკადემიაში შეიძინეს”. ამ ციტატის ავტორი თავის დროზე რაფაელ ბენიტესმა “ლივერპულში” გადაიბირა, რათა ამ უკანასკნელს, ბიტლსების სამშობლოში კატალონიური სისტემა დაენერგა.
თუმცა, ნიმუშის კოპირება ყველა პარამეტრის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. “ბარსელონა” რამდენიმე ათეული წელია შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც ბურთის ფლობაზეა დაფუძნებული და სილამაზე ხშირ შემთხევვაში შედეგზე მაღლა დგას. ერთი შეხებით თამაშის, ესპანური “ტიკი-ტაკასა” და ჰოლანდიური ტოტალური ფეხბურთის ნამრავლი, იმ ფეხბურთელის ფორმირებას ახდენს, რომელიც ლურჯ-შინდისფრებს სჭირდებათ. შემთხვევითი არ არის, “ბარსელონაში” ტარანის ტიპის ფორვარდები, ათლეტური “ცხრიანები” რომ ვერ იკიდებე ფეხს – კატალონიური ფეხბურთი საკუთარ თავში ტექნიკით დაჯილდოვებულ და მოძრავი მოთამაშეებს გულისხმობს. ნებისმიერი მწვრთნელი ვინც კი ბლაუგრანას დამრიგებლად დაინიშნება, ვალდებულია კატალონიური დოგმებით იხელმძღვანელოს. ეს კი თავის მხირვ ახალგაზრდების მომზადების მთელი სისტემის გამართულად ფუნქიონირებას უწყობს ხელს.

“როდესაც ბიჭუნები ფეხბურთს თამაშობენ, სამ მოთხოვნას ვუყენებთ – ყვება აკადემიის კოორდინატორი ალბერტ კაპელიასი – პირველ რიგში მეტოქეს სპორტული პრინციპებით უნდა აჯობონ, ნაკლებად უნდა დაჯარიმდნენ და ნაკლებად აგრესიულნი იყვნენ. მეორე – მეტოქის ლამაზად მოტყუება უნდა სცადონ, შემტევ სტილში. და მესამე პრინციპი – მატჩი უნდა მოიგონ, მაგრამ პირველი და მეორე დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მესამეს გაკეთება აღარ გვჭირდება”.
“ბარსელონას” აკადემიის უნიკალურობის მეორე საფუძველი, აქცენტის ეროვნულობაზე გაკეთებაა. სლოგანი “უფრო მეტი, ვიდრე კლუბი”, კატალონიაში, ბლაუგრანას სოციალურ როლს უსვამს ხაზს, რომელსაც ესპანეთსა და საზღვარგარეთ წარმოადგენენ. 15 სკაუტი ტალანტებს საკუთარ რეგიონში ეძებს, ამდენივე ქვეყნის დანარჩენ ნაწილში. კიდევ 10 სკაუტი პირენეს ნახევარკუნძულის მიღმა მუშაობს. ამასთანავე, ისიც აღსანიშნავია, რომ კანარელ პედროსა და ალბასეტეს მკვიდრ ინიესტას აქ თავისიანებად თვლიან, არგენტინელ მესიზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბავშვები აკადემიაში არამარტო ბურთს აგორებენ, არამედ განათლებასაც იღებენ – ცხოვრების ყველა სფეროში ერთ გუნდად ყალიბდებიან.
“ვთვლი, რომ ჩვენს აღსაზრდელებს ორი მნიშვნელოვანი თვისება უნდა გააჩნდეთ – მეგობრულობა და ადამიანობა – ამბობს ლა მასიას ამჟამინდელი შეფი კარლეს ფოლგერა – შესაძლოა, ეს ბიჭები იმისთვის არიან შერჩეულნი, რომ “ბარსელონას” ნაწილად იქცნენ, მაგრამ პატივისცემის მოპოვება მხოლოდ ადამიანურობითაა შესაძლებელი. არ გვინდა, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დიდ ფულზე ილაპარაკონ. მოკრძალებულ ადამიანად დარჩენა შესაძლებელია, რა თქმა უნდა ასეთივე გარემოცვა თუ გყავს, თუმცა, ეს არცისე ადვილია. შეხედეთ ინიესტას, დიდებამ და ფულმა ის ვერ გააფუჭა”.
”ბარსელონა” რომ დააინტერესოს, ბავშვმა სწრაფი და არასტანდარტული აზროვნების დემონსტრირება უნდა მოახდინოს მოედანზე. 1997 წლის სექტემბერში კლუბის სკაუტი როდოლფ ბორელი მატეროში გაემგზავრა, რათა 11 წლის ყმაწვილები ენახა საქმეში. მისდა გასაკვირად, იმ ბავშვებს შორის, რომლებსაც უკვე იცნობდა, უცბად იშვიათი ტალანტი აღმოჩნდა, რომელსაც ფრანსესკ ფაბრეგასი ერქვა. “მას ყველაფერი ჰქონდა, მოედნის ხედვა, ათლეტიზმი, გამძლეობა, სისწრაფე. პასის გაკეთებაც შეეძლო, დარტყმაც, მაგრამ ყველაზე გამორჩეული, თამაშისას, გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი გახლდათ”, – იხსენებს ბორელი. გასაკვირი სულაც არ არის წინა მგზავრობიდან რომ არ ახსოვდა ეს ბიჭუნა, სამწვრთნელო შტაბმა უბრალოდ დაუმალა ფაბრეგასი, რათა დიდი კლუბის სკაუტებს დროზე ადრე არ წაეყვანათ. თუმცა, პირველ გუნდამდე სესკმა ვერ მიაღწია – არსენ ვენგერმა დრო იხელთა და ნიჭიერი ყმაწვილი თავისთან წაიყვანა.

პირველ გუნდში გადასვლას ერთეულები ახერხებენ. სტატისტიკის თანახმად, ლა მასიას აღზრდილთა მხოლოდ 10%-ს ჰქონდა დებიუტი “ბარსაში”. ამდენივე თამაშობს ლა ლიგასა თუ სხვა ქვეყნის ჩემპიონატებში. 27% სეგუნდასა და სეგუნდა ბ-ს დონეს ვერ გასცდა, 35% იმ ფეხბურთელებს უკავიათ, რომლებმაც მხოლოდ ტერსერაში იბურთავეს, ანაც ფეხბურთს თავი დაანებეს. ბევრად მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ბლაუგრანას ძირითად შემადგენლობაში ლა მასიას აღზრდილთა რაოდენობის ზრდაა. კრუიფის ხელმძღვანელობით, ჩემპიონთა ლიგა ორმა კანტერანოსმა მოიგო, ფერერმა და გვარდიოლამ, პლიუს გოლკიპერი კარლეს ბუსკეტსი, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა. რაიკაარდის მეცადინეობით, ტურნირის ფინალში სასტარტო სასტვენისთანავე სამი ფეხბურთელი, ვალდესი, პუიოლი და ოლეგერი გამოჩნდნენ, ხოლო კიდევ სამი თავის დროს ელოდა (ხორკერა, ხავი ინიესტა).
შვიდს ვწერთ, სამს ვიმახსოვრებთ – კანტერას გამოყენების თვალსაზრისით, გვარდიოლა-მწვრთნელის მაჩვენებელი სეზონის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სწორედ ასეთია. პეპმა, რომელიც თავადაც ლურჯ-შინდისფერი სკოლის აღზრდილია, მეორე გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, რამდენიმე რეფორმა განახორციელა. გვარდიოლამ, ახალგაზრდა ფეხბურთელის მთავარ გუნდში მოხვედრის თანმიმდევრული სქემა შეიმუშავა. ამასთანავე, თითოეულ ეტაპზე ფეხბურთელის ყოფნის დროდ 2 წელი დააწესა – ეს დრო საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ მოთამაშემ საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს. ხოლო ეს თუ ვერ შეძლო, მაშინ უნდა წავიდეს და ადგილი სხვა პერსპექტიულ ყმაწვილს დაუთმოს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების გამარჯვება, “ოქროს ბურთის” სამი კანდიდატი – ეს ფერმაში მდებარი პატარა სახლში გაწეული 30 წლიანი სამუშაოს ნაყოფია. თანამედროვე ფებურთში, სადაც დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ძალიან ძნელია ფუნდამენტის ჩაყრა მომავლისთვის, რომელიც არც ხვალ დადგება და არც ზეგ. საკუთარ პოლიტიკაში თანმიმდევრულობამ და სტაბილურობამ, “ბარსელონას” ახალგაზრდული აკადემია საუკეთესოდ აქცია მსოფლიოში. მაგრამ ისინი ამაზე გაჩერებას არ აპირებენ – გეგმის მიხედვით, სან ჟოან დესპიში ექვსი ათას კვადრატულ მეტრზე რეზიდენცია უნდა აშენდეს, რომელშიც კატალონიელი ახალგაზრდები გადავლენ. დარწმუნებული ვარ, აკადემიის შესასვლელში სავარჯიშო ფორმაში გამოწყობილი ბავშვები ფოტოსურათს შეამჩნევენ, რომელზეც ხავი პუიოლი, ინიესტა და მესი იქნებიან გამოსახულნი, ზედ კი წარწერა ექნება, რომელიც კატალონიურიდან სიტყვა-სიტყვით თუ არ გადმოვთარგმნით, ასე ჟღერს: “მონდომების ხარჯზე ყველაფრის მიღწევა შეიძლება. წინ, ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს”.



