espn.com-ის სპორტული გვერდის რედაქტორმა, ჯეიმს მარტინესმა თავის სტატიაში ისაუბრა დანი ალვესის როლზე, პეპ გვარდიოლას გუნდის წარმატებაში. ალვეშის თავდამსხმელის თვისებების გაანალიზებისას, მარტინესმა ყურადღება გაამახვილა ბრაზილიელის მიერ განხორციელებულ საგოლე გადაცემებზე. ამ მაჩვენებლით, მიმდინარე სეზონში ის მხოლოდ ლეო მესის ჩამოუვარდება (ლა ლიგის მატჩებში). ავტორმა გაიხსენა ალვეშის მიერ ”კამპ ნოუზე” ”ხეტაფეს” კარში გატანილი შესანიშნავი გოლი და აღნიშნა, რომ ბრაზილიის ნაკრებს საუკეთესო მარჯვენა მცველი ჰყავს.
ამონარიდი სტატიიდან:
”მიმდინარე სეზონში, ლა ლიგის მატჩებში გაკეთებული საგოლე გადაცემებით, ალვეში მხოლოდ ლეო მესის ჩამოუვარდება. ბრაზილიელმა 13 ასისტი განახორციელა. მოდით, ცოტა ხნით დავფიქრდეთ ამ საკითხზე – მარჯვენა მცველი უფრო ბევრჯერ დაეხმარა თავის გუნდს გოლის გატანაში, ვიდრე მადრიდის ”რეალის” ”ფლეიმეიკერი” მესუთ ოზილი და ”ვინგერები” – ანხელ დი მარია და კრიშტიანუ რონალდუ. შევადაროთ ის თუნდ მიუხენის ”ბაიერნის” ფილიპ ლამს, რომელიც არაჩვეულებრივი მცველია, თუმცა მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი ასისტი აქვს გაკეთებული ლიგაში. რა თქმა უნდა, ალვეშის წარმატებაში უდიდესი როლი შეასრულა ”ბარსელონას” სათამაშოს სტილზე მორგებამ, რომელიც მარჯვენა მცველს ფლანგზე თარეშის საშუალებას აძლევს. მაგრამ ალვეშს გაცილებით უფრო დიდი წვლილი შეაქვს გუნდის წარმატებაში, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბრაზილიელის ასისტები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ლეო მესის თავისი ”რეზიუმეს” გაუმჯობესებაში ეხმარება.”



