ტიბერიუ გიოანე
რუმინელი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია კიევის “დინამოში” ბურთაობს (2001 წლიდან). ამ პერიოდის განმავლობაში 167 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა. 2005 წლის 3 თებერვალს, ტიბერიოს მიკროცერებრალური თრომბოზი დაემართა. ტიბა პორტუგალიაში გადიოდა მკურნალობის კურსს. მოგვიანებით მისი თანაგუნდელები იხსენებდნენ: “ტიბერიუ მეტად უცნაურად იქცეოდა”. ექიმები კარიერის დასრულებას ურჩევდნენ და თითქმის ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ ასეც მოიქცეოდა, მაგრამ გიოანე არ დანებდა და “ცხოვრების საქმე” არ მიატოვა. ავადმყოფობიდან 2 წლის შემდეგ, 25 წლის ტიბერიუ სეზონის ბოლომდე “ბრაშოვში” გაანათხოვრეს, რომელიც რუმინეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოდა. 2008 წელს კი, გიოანე უკვე კიევის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა. აი, რას იხსენებს თავად ჩვენი გმირი: “მართალია,უფრო დაბალი დონის გუნდში ვასპარეზობდი, მაგრამ დიდ ფეხბურთში დაბრუნება არ გამჭირვებია. ჩემთვის მთავარი ფორმის შენარჩუნება იყო”.

ბრაიან რობსონი
ამ სიაში ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერის” ცოცხალი ლეგენდაც მოხვდა. ბრაიანი “წითელი ეშმაკუნების” წევრი 1981 წლის ოქტომბერში გახდა, იმხანად ბრიტანეთისთვის სარეკორდო თანხად, 1.5 მლნ. ფუნტად. ეს რეკორდი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაემხო. რობსონმა საქვეყნო აღიარება სწორედ “იუნაიტედში” ასპარეზობისას მოიპოვა. “მანჩესტერის” მაისურით ბრაიანმა 345 მატჩი ითამაშა და 74 გოლი გაიტანა. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენი გმირი 12 წლის განმავლობაში იყო მანკუნიანელთა კაპიტანი, რაც ასევე ერთგვარი საკლუბო რეკორდია. რობსონი დიდი ხანი ბრძანდებოდა ძირითადის ფეხბურთელად, მაგრამ როი კინის შეძენის შემდეგ, უკვე ნაკლებად ენდობოდნენ. 1993–94 წლების სეზონში რობომ მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო წელს კი “კაპიტანი მარველი” იძულებული იყო დაეტოვებინა “ოლდ ტრაფორდი” და “მიდლსბროში” გადაბარგებულიყო, სადაც მოთამაშე–მწვრთნელი გახდა. ორი წლის თავზე რობსონმა ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება და სამწვრთნელო საქმეზე კონცენტრირება გადაწყვიტა. “მიდლსბროს” შემდეგ, სახელგანთქმული ინგლისელი ფეხბურთელი “ბრედფორდში”, “ვესტ ბრომვიჩსა” და “შეფილდ იუნაიტედში” მუშაობდა. დღეს რობსონი ტაილანდის ნაკრებს უდგას სათავეში და პარალელურად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ელჩია.
3 მარტს, რობსონს, ჰონკონგში ხორხის სიმსივნე ამოაჭრეს. “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალურ ვებ–გვერდზე მედიკოსების კომენტარი გამოქვეყნდა: “დარწმუნებულები ვართ, რომ დაავადება მკურნალობას ექვემდებარება. ღმერთს მადლობა, ადრეულ სტადიაზე იქნა აღმოჩენილი სიმსივნე. გარკვეული დროის შემდეგ, რობსონი სრულიად გამოჯანმრთელდება და კვლავ გაახარებს თავის თაყვანისმცემლებს “იუნაიტედსა” და ტაილანდის ნაკრებში წარმატებული მუშაბით”. ამ მომენტისთვის მისტერ ბრაიანის მდგომარეობა სტაბილურია.
ჯონ ჰართსონი
ჯონი ყოველთვის მებრძოლი იყო, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ. როდესაც ინგლისურ კლუბებში საქმეები არ მისდიოდა, როდესაც ზედმეტი წონის გამო აკრიტიკებდნენ, როდესაც ბერკოვიჩსა და რიკსენთან კონფლიქტის გამო აკრიტიკებდნენ. “სელტიკში”, 21-ე საუკუნის დასაწყისში ლარსონსა და სატონთან ერთად, მრისხანე შემტევი ტრიო შექმნა და საკულტო ფიგურადაც იქცა. იმ გუნდმა უეფას თასის ფინალში გააღწია, სადაც ჟოზე მაურინიოს “პორტუსთან” დამარცხდა. “სელტიკის” შემდეგ, ჯონი ისეთი მრისხანე უკვე აღარ იყო, როგორც უწინ, კარიერა მშვიდად დაასრულა, ავტობიოგრაფია დაწერა და ტელე-რადიო კომენტატორად დაიწყო მუშაობა. სამწვრთნელო საქმის დაწყება არაერთხელ შესთავაზეს, მაგრამ ყოველთვის თავს იკავებდა, ჯერ არ მოსულა მაგის დრო, ყველაფერი წინ მაქვსო. 2009 წლის ივლისში კი, მედიკოსებმა ჰართსონს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, ტვინის კიბო. ჯონის მდგომარეობა კრიტიკული იყო. Dდეტალური გამოკვლევის შემდეგ, ფილტვებში მეტასტაზები აღმოუჩინეს. “რადიო და ქიმიოთერაპიის სეანსებს რაც შეიძლება მალე ჩავუტარებთ”- განაცხადეს ექიმებმა. ჰართსონი ბრძოლას აგრძელებდა! Aამ დროს, მისი მესამე ბავშვის დედა სარა მაკმანუსი ფეხმძიმედ იყო. ბავშვები, სარას სიყვარული, მადლიერი გულშემატკივრებისა და სახელგანთქმული ველომრბოლელის, ლეს არმტრონგის მხარდაჭერა, რომელიც ასევე განიკურნა კიბოსგან, ჯონის ძალიან დაეხმარა. ერთ წელში სიმსივნემ უკან დაიხი და მთელი ეს ტანჯვა-წამება ჰართონის გონებაში, როგორც ცუდი სიზმარი ისე დარჩა.
ფრანცისკო მოლინა
სახელგანთქმულ ესპანელ გოლკიპერს პრიმერადივიზიონში დებიუტი 24 წლის ასაკში ჰქონდა. “ატლეტიკომ” მას შემდეგ შეიძინა, რაც ორ მატჩში 13 გოლი გაუშვა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ახალ გუნდში შეუცვლელ ფიგურად იქცა. მადრიდულ კლუბში “ლა ლიგას” საუკეთესო კიპერისთვის განკუთვნილი ჯილდო, “ტროფეო სამორა” დაისაკუთრა და “ოქროს დუბლი” გაიფორმა. ამავდროულად, ესპანეთის ნაკრებში ჰქონდა დებიუტი – ნორვეგიასთან მატჩში. მოედანზე შევიდა და კარის მაგივრად, მარცხენა ფლანგზე გამაგრდა – ამპლუა ხუან ლოპესის ტრავმის შემდეგ შეიცვალა დროებით. სამ საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, რასაც ევრო-2000-ის განაცხადში მოხვედრა მოჰყვა. ევროპირველობაზე კამაჩო სწორედ მოლინაზე ჩავიდა ფსონს, მაგრამ ფრანცისკომ მხოლოდ ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, პირველ მატჩში, რომელიც მისთვის უკანასკნელი გამოდგა. Mმოლინამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, რასაც ივერსონის გოლი მოჰყვა, “ფურია როხა” კი დამარცხდა. 2000 წელს “დეპორტივოში” გადავიდა, სადაც 2002 წლამდე სასტარტო თერთმეტეულის განუყრელი წევრი იყო. სწორედ მაშინ შეიტყო, რომ თურმე ჯერ კიდევ 2001 წელს აღმოუჩინეს საკვერცხეების კეთილთვისებიანი სიმსივნე. ოპერაციამ შედეგი არ გამოიღო, ფრანცისკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. გოლკიპერი ფეხბურთს ჩამოშორდა, მაგრამ მალე ავადმყოფობა დაამარცხა და მწვანე მინდორს დაუბრუნდა. დღესდღეისობით, “ვილიარეალის” ერთ-ერთ ახალგაზრდულ გუნდში მუშაობს მწვრთნელად.
ალან სტაბზი, ებე სანდი, ლიუბო პენევი, ივან კლასნიჩი – მსგავსი საშინელება ამ ფეხბურთელებსაც დაატყდათ თავს, მაგრამ ავადმყოფობა ყველამ დაამარცხა.ერიკ აბიდალი ნამდვილი მებრძოლია, მას ყველაფერი უნდა გამოუვიდეს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი შემთხვევები ბევრად მეტია, მაგრამ მათზე გაზეთებში, რა თქმა უნდა, არ წერენ. ხოლო როდესაც ავადმყოფობა სახელგანთქმულ პიროვნებას შეეყრება, ყველა ვინც კი მისი დიდების სხივებქვეშაა, მომხდარს განიცდის. “ვარსკვლავს” გამოჯანმრთელების მეტი შანსი აქვს, შესაძლებლობაც უამრავი გააჩნია, მაგრამ თითოეული ასეთი გამარჯვება, ათასობით უბრალო ადამიანს აძლევს იმედს, რომელთა შესახებაც ჩვენ ვერასდროს შევიტყობთ.


