კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა პერსპექტიულმა ფორვარდმა, ბოიან კრკიჩმა 2011 წლის პირველი გოლი “სანჩეს პისხუანზე” ადგილობრივი “სევილიას” კარში გაიტანა. მის მოედანზე გამოჩენას არავინ ელოდა. არავინ იმ ტრავმის გარდა, რომელმაც გუშინ პედრო როდრიგესი არც თუ ისე ტკბილად მოიკითხა…
გუშინ კატალონიელებს ძალიან რთული მატჩის გამართვა მოუწით. “სანჩეს პისხუანზე” სევილიელი ფეხბურთელები სტუმრებს არაფერს უთმობდნენ, რაც “ბარსას” მიერ გატანილი გოლების რაოდენობაზეც აისახა. თუმცა, ამ არაფრის დათმობამ ვერც ინიესტაზე, ვერც დანი ალვესიზე და ვერც ბოიან კრკიჩზე ვერ იმოქმედა. როგორც იქნა, 3 თვის შესვენების შემდეგ ბოიანმა გოლი გაიტანა. ეს გოლი “ბარსასთვის” ამჯერად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ახალგაზრდა კატალონიელს ამ სეზონში “ბარსას” მაისურით მეტოქის კარი სულ 5–ჯერ აქვს დალაშქრული. 4 გოლი “ლა ლიგას” გუნდებს ხვდათ წილად, ხოლო 1–იც “სამეფო თასის” გათამაშების პირველ დაპირისპირებაში, “სეუტამ” იგემა. გუშინდელ დღემდე, ბოიანს ბოლო გოლი 3 თვის წინ, “რეალ სოსიედადის” კარში ჰქონდა გატანილი.
ბოიანისთვის ეს შეხვედრა ამ სეზონში 21–ე აღმოჩნდა. 5–ჯერ იგი სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა და სულ მოედანზე 647 წუთი დაჰყო. სასტარტო შემადგენლობით იგი “ერკულესის”, “სპორტინგის”, “მალიორკას”, “ლევანეტსა” და “სარაგოსას” წინააღმდეგ წარსდგა. იმედი ვიქონიოთ, რომ ბოიანს უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება, რაც მასზე პოზიტიურად იმოქმედებს და ერთხელ და სამუდამოდ მის რეალურ ძალას ყველა დაინახავს.



