”მანჩესტერ იუნაიტედის” მცველმა, რიო ფერდინანდმა თავისი მოსაზრება გამოთქვა მასიმო ბუზაკას კომპეტენციასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ბუზაკამ განსაჯა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედ-ფინალური მატჩი ”ბარსელონასა” და ”არსენალის” მონაწილეობით. აღნიშნული მატჩის 56-ე წუთზე მან მოედნიდან გააძევა ”მეთოფეთა” ფორვარდი – რობინ ვან პერსი. ბუზაკას საქციელს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინგლისელთა მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ მსაჯი შეცდა და მის მიერ ”არსენალის” ფეხბურთელის გაძევებამ ლონდონელებს გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი დააკარგვინა.
რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ ბუზაკა ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრია, რომელმაც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
”ბუზაკა ერთ-ერთი საუკეთესო არბიტრია”. – თამაშის მსვლელობისას დაწერა რიო ფერდინანდმა საკუთარ ”ტვიტერზე”.
”არსენალის” ფეხბურთელის მოედნიდან გაძევების შემდეგ ფერდინანდმა დაამატა: ”ჩემი წინა კომენტარი წითელი ბარათის ჩვენებამდე, დაახლოებით ერთი საათით ადრე დაიწერა. მე კვლავ მიმაჩნია, რომ ბუზაკა საუკეთესოა.”

