workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაციფისტების ტრაგედია

პაციფისტების ტრაგედია

”არსენალი” კატალონიაში ”თავისი ფეხბურთის” სათამაშოდ ჩავიდა, თუმცა ”ოსასუნას” მსგავსად მატჩი მოედნის საკუთარ ნახევარზე გაატარა. ”ბარსელონამ” სიმწრით გაიტანა მეტოქის კარში, თუმცა მარტივად და ლამაზად აიღო საკუთარი. ბოლოს კი მასიმო ბუზაკამ გადაწყვიტა, რომ სჯობს ერთხელ გაჭრა, ვიდრე შვიდჯერ გაზომო და მოედნიდან რობინ ვან პერსი გააძევა. მოდით, გავაანალიზოთ გუშინდელი მატჩი.

გუშინ ”კამპ ნოუზე” უამრავი გულშემატკივარი იჯდა. მათ შორის იყვნენ ფაბიო კაპელო, ვისენტე დელ ბოსკე, ლორან ბლანი და კიდევ სხვები. კატალონიელებმა გამოფინეს არსენ ვენგერის კარიკატურები, რომელზეც მათ ფრანგ სპეციალისტს გრძელი ცხვირი მიახატეს – ვან პერსის რეკორდულ დროში გამოჯანმრთელების და მოედანზე გამოსვლის გამო. ლამაზად გაკრეჭილ მოედანზე გამოვიდნენ შემტევი ფეხბურთის დამცველები და მიმდევრები.

”ბარსელონას” შემადგენლობაში ორი ცენტრალური მცველი იყო – აბიდალი და ბუსკეტსი. მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე დანი ალვესი და ადრიანო განთავსდნენ. გუნდის სხვა ფეხბურთელები კი დროთა განმავლობაში ითავსებდნენ ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების როლებს. ერთადერთი მცველის როლში ვიქტორ ვალდესი იყო. თუ იგივე გზით განვიხილავთ ”არსენალის” ფეხბურთელების წყობას მოედანზე და არა ვირტუალურ სქემაზე, მაშინ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ”მეთოფეთა” სათამაშო ტაქტიკა იყო 0-10-0.

პირველი ტაიმი ორ ნაწილად დავყოთ. თამაშის 18-ე წუთზე ”მეთოფეთა” მეკარემ აბსოლუტურად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე მანუელ ალმუნია შემოვიდა. დიდმა პაუზამ ვერაფერი ავნო კატალონიელების თამაშის მაღალ ტემპს. ”ბარსელონა” გამუდმებით უტევდა, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ კოსილნი და ჯორუ.

უმაღლესი თამაშის ფონზე მრავლად იყო ე.წ. ”ფოლები”. წარმოუდგენლად ბევრ შეცდომას უშვებდა დავიდ ვილია. მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ უილშირის დონის ფეხბურთელები მრავლად არიან ”ბარსა ბ”-ს შემადგენლობაში. არ ვიცი რას გულისხმობდა გვარდიოლა, როცა ამ სიტყვებს ამბობდა, თუმცა გუშინდელ მატჩში უილშირის გამოსვლა ნამდვილად მოგაგონებდათ ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელების თამაშს.

მოედანზე იყო ყველასთვის კარგად ცნობილი ხულიგანი – დანი ალვესი. ბრაზილიელმა რამდენჯერმე ძალიან უხეშად ითამაშა სამირ ნასრის წინააღმდეგ და ალბათ წარმოგიდგენიათ, თუ რამდენი ”თბილი” სიტყვა გაიმეტა მან ”მეთოფეთა” ფეხბურთელის მიმართ. თამაშში დაძაბულობა მატულობდა. ”ლურჯ-ბროწეულისფრები” ბრაზობდნენ. მათ გოლის გატანა სურდათ. ”არსენალის” ფეხბურთელები კი ერთმანეთის მიყოლებით იღებდნენ ყვითელ ბარათებს. პირველი ტაიმის ბოლოს მათ კარში გოლი მომწიფდა.

თამაშის დაწყებიდან 15 წუთში ცესკ ფაბრეგასმა ტრავმა მიიღო და მატჩის უდიდესი ნაწილი ტრავმირებულმა ჩაატარა. სწორედ მას წაართვა მასკერანომ ბურთი და პასი გაუკეთა ანდრეს ინიესტას. ”ოქროს ბურთის” ნომინანტმა თავის მხრივ პასი გაუკეთა ”ოქროს ბურთის” მფლობელს. ამ უკანასკნელმა კი შესანიშნავი მოძრაობით მოატყუა ”მეთოფეთა” მეკარე და გოლი გაიტანა. თუმცა, ამ საღამოს ყველაფერი უნდა მომხდარიყო – არამარტო ალოგიკური ტრავმები, არამედ ავტოგოლიც და მსაჯის სკანდალური გადაწყვეტილებაც.

მასიმო ბუსაკას მიმართ პრეტენზიები 90 წუთის განმავლობაში დაგროვდა. მან არ დანიშნა პენალტი, მაშინ როდესაც კოსილნმა უხეშად დაარღვია წესი ლიონელ მესის წინააღმდეგ. მან მოედნიდან არ გააძევა ერიკ აბიდალი, როდესაც ეს უკანასკნელი ყელში წვდა რობინ ვან პერსს. იმავე კოლსინმა არ მიიღო მეორე ყვითელი ბარათი, როდესაც პენალტი დაინიშნა. სამაგიეროდ, მან მოედნიდან გააძევა ვან პერსი, რადგან ამ უკანასკნელმა მსაჯის სასტვენის შემდეგ დაარტყა ”ბარსას” კარის მიმართულებით. ძალზედ საეჭვოა, რომ ჰოლანდიელ ფეხბურთელს მსაჯის სასტვენის ხმა ვერ გაეგო – მატჩში უამრავი ასეთი შემთხვევა იყო, თუმცა ”კამპ ნოუზე” შეკრებილი ხალხის ხმას სხვა ფეხბურთელებისთვის არ შეუშლია ხელი. და მაინც, ისმის შეკითხვა: ღირდა კი ამ მომენტში ასეთი პრინციპულობის გამოჩენა?

მატჩის შემდეგ არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ვან პერსი მოედანზე რომ ყოფილიყო, ”არსენალი” აუცილებლად გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. ფრანგი სპეციალისტის მოსაზრებას იზიარებენ ”მეთოფეთა” გულშემატკივრებიც, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ”ბარსელონა” 11 კაცის წინააღმდეგ უკეთესად თამაშობს, ვიდრე ათის. საქმე ისაა, რომ ათი კაცით დარჩენილი მეტოქე მხოლოდ კარის დაცვაზე გადადის. კატალონიელებს კი ეზღუდებათ ყველა სივრცე მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოვებისთვის. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ”მეთოფეებმა” მხოლოდ ორჯერ მოახერხეს ვალდესის საჯარიმოში პასის გაკეთება და ეს ვან პერსის გაძევების შემდეგ მოხდა.

ისე გამოვიდა, რომ ”ბარსელონამ” უფრო მეტჯერ დაარტყა საკუთარი კარის მიმართულებით, ვიდრე ”არსენალმა”. სერხიო ბუსკეტსმა ეფექტური გოლი გაუტანა ვალდესს. ”ბლაუგრანელები” ბავშვური სულისკვეთებით ახერხებდნენ მეტოქის საჯარიმოზე სირბილით გადასვლას, თუმცა ვერ ახერხებდნენ შეტევის გოლით დაგვირგვინებას. ეს ფაქტი ლონდონელთა სასარგებლოთ მოქმედებდა და თამაშს ინტრიგას მატებდა.

”ბარსელონას” თამაში შეტევაზეა ორიენტირებული, თუმცა უდიდესი მნიშვნელობა ექცევა დაცვასაც. ამის მიუხედავად, ”კამპ ნოუზეც” შეიძლება ”წარმატების ჩიტი” კუდით დაიჭირო. მსგავსი შესაძლებლობა ბენდტერს მიეცა. ბენდტერმა შანსი ხელიდან გაუშვა. მან ვერ მოახერხა ”არსენალის” ერთადერთი საგოლე მომენტის რეალიზება. თამაშის დასრულების შემდეგ არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ მსაჯმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. საინტერესოა, ყოფილა თუ არა მის კარიერაში ისეთი თამაშები, როდესაც ”არსენალს” კარის მიმართულებით არ/ვერ დაერტყას? ნუ დაგავიწყდებათ, რომ ”არსენალი” შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ვენგერის სიტუაციას ერთი ანეგდოტი მიესადაგება: ღმერთი აუცილებლად დაეხმარება ვენგერს ლატარიის მოგებაში, მაგრამ ვენგერმა ბილეთი უნდა იყიდოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში